fbpx

სოსო გოგაშვილსა და „ნაცმოძრაობას“ შორის რომ კავშირები არსებობდა, ეს არის დღესავით ნათელი


„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, დღესავით ნათელია, რომ სოსო გოგაშვილსა და „ნაცმოძრაობას“ შორის კავშირები არსებობდა.

„მას პირდაპირი კავშირი ჰქონდა „ნაცმოძრაობის“ კუთვნილ მედიასაშუალებებთან. რას ეფუძნებოდა ეს, არ ვიცოდით, ახლა რაღაც ეჭვები გაჩნდა და არის რაღაც მტკიცებულებები. ამით უნდა დაინტერესდეს ყველა, მათ შორის შეიძლება დაინტერესდეს გამოძიება“, – აცხადებს კობახიძე.

სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი 16 ივლისს დააკავეს. მოსამართლის გადაწყვეტილებით, სასამართლო სხდომა დახურულად წარიმართება. სუს-ის ინფორმაციით, გოგაშვილის საქმეზე, მისი პირადი და ოჯახის წევრების კუთვნილი 8 სახლი და 4 მანქანა გაჩხრიკეს – ამოღებულია იარაღი, ტექნიკა და სახელმწიფო საიდუმლოებისა და პერსონალური მონაცემების შემცველი დოკუმენტები.

18 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე იმსჯელა. მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და გოგაშვილს, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა.

გოგაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით (მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია.), 157-ე მუხლის მე-4 ნაწილით (პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გავრცელება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით) და 236 მუხლის მე-3 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება