fbpx

ოპოზიციის მიზანია, არ შემოვიდნენ კონსტრუქციულ პროცესში, ხელი შეუშალონ და ისევ „ქართულ ოცნებას“ დააბრალონ

საკონსტიტუციო ცვლილებები იმ 12 პუნქტში არ წერია – ეს არის ამოფარებული ნიღაბი, რომლის უკანაც დგას მიზანი, რომ არ შემოვიდნენ იმ კონსტრუქციულ პროცესში, რომელსაც [ოპოზიციას] ვთავაზობთ, ამით პროცესს ხელი შეუშალონ და მერე ეს „ოცნებას“ დააბრალონ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

ევროკომისიის 12 პუნქტის შესასრულებლად, უმრავლესობის წარმომადგენელი ოპოზიციას დასხდომას და საკითხებზე ერთად მსჯელობას სთავაზობს.

„ზუსტად ამას ვთავაზობთ ოპოზიციას, შემოვიდეს ამ პროცესში, წარმოადგინოს თავისი ინიციატივები კონკრეტულ მიმართულებებთან დაკავშირებით, დავსხდეთ, განვიხილოთ, ვიმსჯელოთ და ივლისი და აგვისტო გამოვიყენოთ ამ ყველაფრისთვის, რომ სექტემბრიდან იმ განრიგის მიხედვით, კონკრეტული კანონპროექტები განვიხილოთ.

რა გააკეთა დღეს ოპოზიციამ რამდენიმე საათიანი კონსულტაციის შემდეგ? – გამოვიდნენ საზოგადოებასთან და თქვეს, ამ ყველაფრის გამოსავალი არის რიგგარეშე სესიები. საკონსტიტუციო ცვლილებები იმ 12 პუნქტში არ წერია, ერთი სიტყვაც არ არის ამაზე ნახსენები, მაგრამ მათ უნდათ, რომ ეს შემოიტანონ. ჩვენ ვეუბნებით, რომ ეს 12 პუნქტი განვახორციელოთ და საკონსტიტუციო ცვლილებებსაც მივიღებთ. ჩვენ გვაქვს ამის წინაპირობა და მზაობა, მაგრამ ჩვენ უნდა დავინახოთ ოპოზიციის მხრიდან წინაპირობა. ეს ერთი მხრივ არის მოუმზადებელი თემა, ან მეორე მხრივ, ეს არის ამოფარებული ნიღაბი, რომლის უკანაც დგას მიზანი, რომ არ შემოვიდნენ იმ კონსტრუქციულ პროცესში, რომელსაც ვთავაზობთ, ამით მათი გადმოსახედიდან, პროცესს ხელი შეუშალონ და მერე ეს „ქართულ ოცნებას“ დააბრალონ“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება