26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა!

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო, რომელიც თავისუფლების მოედანზე გაიმართა, სადაც წარმოდგენილი იყო საქართველოს თავდაცვის ძალების შემადგენლობა.

700-მდე წვევამდელმა, დღეს, სამხედრო ფიცი დადო. თბილისში, თავისუფლების მოედნის გარდა, წვევამდელებმა, ქვეყნის მასშტაბით, ფიცი დადეს კიდევ ხუთ ისტორიულ ადგილზე – ნოქალაქევში, გეგუთის სასახლესთან, სამთავისის ტაძართან, ვეჯინის ამაღლების მონასტერთან და ხევში, ელიას მთაზე.

ამასთან, ღონისძიების მსვლელობისას, წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლასა და საერთაშორისო- სამშვიდობო მისიებში დაღუპულ მეომართა ხსოვნას.

შეკრებილებს სიტყვით მიმართეს საქართველოს პრეზიდენტმა, სამხედრო ძალების უმაღლესმა მთავარსარდალმა, მიხეილ ყაველაშვილმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა და თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა, რომელმაც, თავის გამოსვლაში, ხაზგასმით აღნიშნა ქვეყნის დამოუკიდებლოსათვის ბრძოლაში ვეტერანების მიერ გაწეული ღვაწლი და დამსახურება.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს მთავრობის წევრები, თბილისის მერი, კახა კალაძე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრე შიო (მუჯირი) წმინდა სინოდისა და საპატრიარქოს წარმომადგენლებთან ერთად, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

26 მაისს, ტრადიციულად, მოსახლეობას სამხედრო ტექნიკის, შეიარაღებისა და აღჭურვილობის დათვალიერების შესაძლებლობა 21 ქალაქსა და მუნიციპალიტეტში ექნება. გამოფენები გაიმართება თბილისში, გორში, ახალციხეში, მცხეთაში, რუსთავში, ქუთაისში, ზუგდიდში, ოზურგეთში, ფოთში, ამბროლაურში, ხონში, ბათუმში, თელავში, ახალქალაქში, მარნეულში, სენაკში, სამტრედიაში, ბაღდათში, ჩხოროწყუში, აბაშასა და მარტვილში.

ინფორმაციისთვის, 1918 წლის 26 მაისს, გოლოვინის (დღევანდელი რუსთაველის ) გამზირზე, კავკასიის მეფისნაცვლის ყოფილ რეზიდენციაში, თავისი უკანასკნელი სხდომა ჩაატარა ამიეკავკასიის სეიმმა. ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკა დაშლილად გამოცხადდა. იმავე დარბაზში შედგა საქართველოს ეროვნული საბჭოს სხდომა ნოე ჟორდანიას თავმჯდომარეობით. საქართველოს ეროვნულმა საბჭომ, ერთხმად დაამტკიცა „საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი“.

1991 წლის 31 მარტს, საქართველოში ჩატარდა რეფერენდუმი, რომლის დროსაც მოსახლეობას პასუხი უნდა გაეცა კითხვაზე, სურდა თუ არა დამოუკიდებლობის აღდგენა 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე. რეფერენდუმში მონაწილეობა მიიღო მოსახლეობის საერთო რაოდენობის 90,3 %-მა, რომელთაგან 98,9 %-მა კითხვას დადებითად უპასუხა.ამის საფუძველზე, 1991 წლის 9 აპრილს მიღებულ იქნა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი.

1991 წლიდან, მიუხედავად იმისა, რომ სსრკ-სგან დამოუკიდებლობა იმავე წლის 9 აპრილს გამოცხადდა, ეროვნულ დღესასწაულად, მაინც 1918 წლის 26 მაისი აღინიშნება.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება