ადვენტისტური განვითარებისა და დახმარების სააგენტომ (ADRA) პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს პროგრამა Polish Aid-ის დაფინანსებით განახორციელა პროექტის “საქართველოში განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებისთვის სპეციალიზებულ საგანმანათლებლო და სარეაბილიტაციო სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება“ პირველი ეტაპი. პროექტის განმავლობაში ADRA საქართველო თანამშრომლობს ორგანიზაცია “ბავშვი და გარემოსთან” და გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიასთან. პროექტი მიზნად ისახავს გარდაბანში განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვთა და მოზარდთა რეაბილიტაციისა და განვითარების ცენტრის გახსნას, რომელიც ორ ეტაპად განხორციელდება.
პროექტის პირველი ეტაპი მოიცავდა შენობის ნაწილის რემონტს ბავშვთა ადრეული განვითარების პროგრამისთვის და თანამშრომელთა ტრენინგს. ხოლო პროექტის მეორე ეტაპით დასრულდება რემონტი შენობის მეორე ნაწილში, რეაბილიტაცია/აბილიტაციის პროგრამისთვის, ასევე ცენტრი აღიჭურვება შესაბამისი ავეჯით, საყოფაცხოვრებო ტექნიკითა და საჭირო აღჭურვილობით.
ბავშვთა ადრეული განვითარების პროგრამა ემსახურება 0-7 წლამდე მოტორული და გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე ბავშვების შეფასებას, მათი შემეცნებითი, სოციალურ-ემოციური, მეტყველებითი, კომუნიკაციური, მოტორული, თვითმოვლის უნარების განვითარებას, სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობას. რეაბილიტაცია/აბილიტაციის პროგრამის მიზანია განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვთა ფიზიკური და ფსიქიკური მდგომარეობის გაუმჯობესება და საზოგადოებაში ინტეგრაცია. პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ 0-დან 18 წლამდე ასაკის შ.შ.მ. პირებს.
პროექტით გათვალისწინებულ შენობაში, რომელიც გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიამ სარგებლობის უფლებით გადასცა „ბავშვი და გარემოს“, ნაწილი სარემონტო სამუშაოებისა დასრულდა, შეიცვალა ძირითადი ინფრასტრუქტურა, მათ შორის გარემონტდა იატაკი, კედლები, ჭერი და დამონტაჟდა წყლის, ელექტრო და გათბობის სისტემები. აგრეთვე ცენტრის თანამშრომლებმა გაიარეს ტრენინგები სხვადასხვა ტრენინგ ცენტრებში, ესენია: MacGeorgia, კოალიცია ბავშვთა ადრეული განვითარებისთვის და ოქსფორდის აკადემია.
პროექტის პირველი ეტაპი დასრულდება 2024 წლის 31 დეკემბერს, ხოლო მეორე ეტაპი 2025 წლის 30 ივნისს.
ინფრასტრუქტურული სამუშაოების წარმატებით დასრულების შემდეგ ცენტრი ოფიციალურად გადაეცემა „ბავშვი და გარემოს“. ADRA საქართველო მადლობას უხდის ყველა დაინტერესებულ მხარეს, განსაკუთრებით გარდაბნის მუნიციპალიტეტს მუდმივი მხარდაჭერისთვის და Polish Aid-ს ამ პრიორიტეტული პროექტის დაფინანსებისა და ქართველი მოსახლეობის მუდმივი მხარდაჭერისთვის.
პროექტი თანადაფინანსებულია პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლონეთის განვითარების თანამშრომლობის პროგრამის მიერ. პუბლიკაცია გამოხატავს ექსკლუზიურად ავტორის შეხედულებებს და არ შეიძლება მისი იდენტიფიცირება პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ პოზიციასთან.
