fbpx

2023 წელს ComCom-ის მედია სკოლაში 13 სემინარი ჩატარდა, ხოლო მედია კრიტიკის პლატფორმაზე 119 მასალა გამოქვეყნდა

კომუნიკაციების კომისიის 2023 წლის ანგარიშში წარმოდგენილია მედიასკოლის საქმიანობა, საიდანაც ირკვევა, რომ მედიასკოლა, მედიასტანდარტების დანერგვის მიზნით, მეხუთე წელია აქტიურად მუშაობს და მედიის წარმომადგენლებს და ამ სფეროთი დაინტერესებულ პირებს, კვალიფიკაციის ამაღლებაში ეხმარება. გასულ წელს მედიასკოლამ 13 სემინარი ჩაატარა, მათ შორის პროდიუსერებისთვის, ასევე მოქმედი და დამწყები ჟურნალისტებისა და ოპერატორებისთვის.

გარდა სემინარებისა, მედიით დაინტერესებულ ადამიანებს, მედიასკოლა უკვე მესამე წელია, სრულიად უფასოდ აძლევს შესაძლებლობას პროფესიონალი მენტორების ონლაინ მასტერკლასების დახმარებით, მნიშვნელოვანი ცოდნა მიიღონ. 2023 წელს „მასტერკლასს“ 3 ახალი ავტორის ლექციების ციკლი დაემატა, რომლებიც გათვლილია როგორც მედიამენეჯერებზე, ჟურნალისტებსა და პროდიუსერებზე, ასევე მედიაპროდუქტის შექმნით დაინტერესებულ პირებზე. „მასტერკლასის“ ვიდეოებს იუთუბზე ჯამურად 3 მილიონზე მეტი ნახვა ჰქონდა.

ანგარიშის მიხედვით, 2023 წელს, აქტიურად განაგრძობდა მუშაობას მედიაკრიტიკის პლატფორმაც – https://mediacritic.ge, რომელიც საზოგადოებას მედიაპროდუქტების კრიტიკულ ანალიზს სთავაზობს. თანამედროვე ტექნოლოგიების ეპოქაში, სადაც დეზინფორმაცია და მანიპულაცია ხშირად ვრცელდება, მედიაკრიტიკის პლატფორმა ინფორმაციის პროფესიულ და კვალიფიციურ ფილტრს ქმნის, ამავდროულად კი, საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებასა და მედიის წარმომადგენლებში პროფესიული სტანდარტის დამკვიდრებას ემსახურება. გასული წლის განმავლობაში, მედიაკრიტიკის პლატფორმაზე 119 მასალა გამოქვეყნდა, მათ შორის – 68 რეცენზია, 22 რეპლიკა და 29 ბლოგი. ხოლო ფეისბუქ გვერდს 3700 გამომწერი დაემატა და სულ 24000 შეადგინა. 2023 წლის განმავლობაში კი, პლატფორმას 335000 ვიზიტორი ჰყავდა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება