fbpx

2012 წლამდე, როდესაც სასამართლო სისტემა იყო უმძიმეს მდგომარეობაში, პულსი არ ესინჯებოდა, მაშინ არ განხორციელებულა ასეთი მძიმე ქმედება სასამართლო სისტემის მისამართით. გვექნება კომუნიკაცია პარტნიორებთან

კომუნიკაცია გვექნება პარტნიორებთან, ვინაიდან არავის არაფერში წაადგება მეგობრებთან ამ ფორმით საუბარი, როდესაც სანქციების ენით ესაუბრებიან ხელისუფლების რომელიმე შტოს, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა მოსამართლეთა სანქცირების საკითხზე საუბრისას განაცხადა.

ანრი ოხანაშვილის თქმით, ეს არის უპრეცედენტო გადაწყვეტილებაა.

„ფაქტობრივად, ამით ბრალს უყენებენ სასამართლო სისტემაში მყოფ ცალკეულ მოსამართლეებს, რაც ნეგატიურად აისახება სასამართლო სისტემის რეპუტაციაზე. ამიტომ, ამ ყველაფერს ნათელი უნდა მოეფინოს. ჩვენ გვექნება კომუნიკაცია. ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ცნობილი იყოს, ვისი მხრიდან იქნა ინფორმაცია მიწოდებული, რა ინფორმაციაზე დაყრდნობით მოხდა კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება. ეს ყველაფერი ჩვენი საზოგადოებისთვის უნდა იყოს ნათელი, გამჭვირვალე. ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი მექანიზმი, რათა ეს ყველაფერი იყოს გამჭვირვალე და ცხადი ჩვენი ხალხისთვის.

ძალიან მძიმეა უსამართლობა, როდესაც ადამიანს რაღაც არ აქვს ჩადენილი და ამასთან დაკავშირებით ბრალი წაუყენო. ამიტომ, ყველას გვაინტერესებს, რასთან გვაქვს საქმე. კომუნიკაციის ბევრი ფორმატი არსებობს. როდესაც საუბარია ასეთ რამეზე, პირველ რიგში, პარტნიორ ქვეყანას უნდა დაელაპარაკო, გაარკვიო, რასთან გვაქვს საქმე. ჩვენი ამოცანაა, ყველაფერი იყოს საჯარო, ნათელი, რომ რაიმე სპეკულაციის სივრცე არ დარჩეს. სრული უფლება აქვს ჩვენს საზოგადოებას, ყველას, ჟურნალისტებს, პარლამენტის წევრებს თუ საზოგადოების წევრებს, იცოდეს სიმართლე, რასთან გვაქვს საქმე, რა მტკიცებულებებია, თუ არის ასეთი მტკიცებულებები. დანაშაულთან თუ გვაქვს საქმე, მაშინ ამას შესაბამისი სამართლებრივი პროცედურა სჭირდება. ამიტომ, პირველ რიგში, საჭიროა კომუნიკაცია. ეს რა ფორმით, როგორ იქნება, ამ ეტაპზე არ გაგიზიარებთ, თუმცა შემდგომ ნაბიჯებთან დაკავშირებით შეგატყობინებთ და საზოგადოებას ინფორმაცია ექნება. საზოგადოებას და ჩვენ, ყველას გვაქვს უფლება, ვიცოდეთ იმაზე მეტი, ვიდრე გავიგეთ. ერთ-ერთი სახელისუფლო შტოს წარმომადგენლების სანქცირებაზე როდესაც არის საუბარი, ეს არის უპრეცედენტო რამ.

2012 წლამდე, როდესაც სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით სასამართლო სისტემა იყო უმძიმეს მდგომარეობაში, პულსი არ ესინჯებოდა, მაშინ არ განხორციელებულა ასეთი მძიმე ქმედება სასამართლო სისტემის მისამართით. შესაბამისად, ჩნდება კითხვები. მოლოდინიც გვაქვს ლეგიტიმური, რომ ეს ასე არ ჩაივლის, ამას სჭირდება კონკრეტული მტკიცებულება, კონკრეტული საკითხების გაშლა. მზად ვართ, საპარლამენტო მანდატის ფარგლებში ყველა საკითხზე ვისაუბროთ“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, აშშ-მა მოსამართლეებს მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიასა და ვალერიან ცერცვაძეს, მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის მოტივით, სანქციები დაუწესა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება