fbpx

20 იანვარს იქნება ძალაუფლების კანონიერი გადაცემა-დონალდ ტრამპი

კონგრესის მიერ ჯო ბაიდენის გამარჯვების ოფიციალურად დამტკიცების შემდეგ დონალდ ტრამპმა თქვა, რომ მას ძალაუფლებას კანონის დაცვით გადასცემს.

“მიუხედავად იმისა, რომ საერთოდ არ ვეთანხმები არჩევნების შედეგებს და ფაქტები მხარს მიმაგრებს, 20 იანვარს იქნება ძალაუფლების კანონიერი გადაცემა”. – თქვა მან და აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება საპრეზიდენტო ისტორიაში “ყველაზე დიდებული პირველი ვადის” დასრულებას ნიშნავს.

“ყოველთვის ვამბობდი, რომ გავაგრძელებდით ჩვენს ბრძოლას იმის უზრუნველყოფისთვის, რომ ყველა კანონიერი ხმა დათვლილიყო. ეს წარმოადგენს საპრეზიდენტო ისტორიაში ყველაზე დიდებული პირველი ვადის დასასრულს, მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია ჩვენს ბრძოლაში გავხადოთ ამერიკა კვლავ დიდებული”. – თქვა მან.

აშშ-ს კონგრესმა ოფიციალურად დაადასტურა საარჩევნო კოლეგიის მიერ მიცემული ხმები, რომლის მიხედვითაც მომდევნო პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გახდება, ვიცე-პრეზიდენტი კი – კამალა ჰარისი. ისინი მოვალეობის შესრულებას 20 იანვრიდან შეუდგებიან.

წარმომადგენელთა პალატისა და სენატის ერთობლივი სხდომა მას შემდეგ შეწყდა, რაც ტრამპის მხარდამჭერი აქციის მონაწილეთა ნაწილი კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრა

პოლიციას მათი შენობიდან გასაყვანად და წესრიგის აღსადგენად რამდენიმე საათი დასჭირდა. კანონმდებლები შენობიდან დაცვის თანხლებით გაიყვანეს. დედაქალაქში არეულობის აღსაკვეთად კომენდანტის საათი დაწესდა და მობილიზებული იყო ეროვნული გვარდია.

პოლიციის ინფორმაციით დაიღუპა 4 ადამიანი. მათ შორის არის ქალი, რომელიც კონგრესის შენობაში სროლისას დაიჭრა სამმა პირმა კი დაზიანებები არეულობის დროს მიიღო. დააკავეს სულ მცირე 52 ადამიანი.

არეულობის დროს ტრამპმა კაპიტოლიუმში შეჭრილ საკუთარ მხარდამჭერებს მიმართა და კვლავ საარჩევნო დარღვევებზე ისაუბრა, თუმცა მათ დაშლისკენ მოუწოდა.

“ვიცი თქვენი ტკივილი. ჩვენ გვქონდა არჩევნები, რომელიც მოგვპარეს. დიდი უპირატესობით მოვიგეთ და ყველამ იცის ეს, განსაკუთრებით მეორე მხარემ. მაგრამ ახლა სახლში უნდა წახვიდეთ. მშვიდობა უნდა გვქონდეს, კანონი და წესრიგი უნდა გვქონდეს. პატივი უნდა ვცეთ სამართალდამცველებს. არ გვინდა, რომ ვინმე დაშავდეს. ძალიან რთული პერიოდია. ასეთი დრო არასდროს ყოფილა, როდესაც ასეთი რამ მოხდა, და ჩვენ ყველას წაგვართვეს [არჩევნები], ეს გაყალბებული არჩევნები იყო, მაგრამ ვერ ვითამაშებთ ამ ხალხის სასარგებლოდ. მშვიდობა გვჭირდება. წადით სახლებში. გვიყვარხართ. ძალიან გამორჩეული ხალხი ხართ”

მოგვიანებით სხდომა განახლდა. რესპუბლიკელ კანონმდებელთა ნაწილმა სცადა ხელი შეეშალა ბაიდენის გამარჯვების დამტკიცებისათვის. მათ გააპროტესტეს საარჩევნო კოლეგიის მიერ მიცემული ხმები რამდენიმე შტატში. ესენია ჯორჯია, პენსილვანია, არიზონა, ნევადა და მიჩიგანი. არიზონას, ნევადასა და მიჩიგანის შემთხვევაში პროცედურა დებატებამდე არ მისულა. დებატები კონგრესის ორივე პალატაში გაიმართა ჯორჯიისა და პენსილვანიის ხმების თაობაზე, თუმცა არცერთმა პალატამ ამ პროტესტს მხარი არ დაუჭირა.

სენატორების ნაწილმა, ვინც ამბობდა, რომ ბაიდენის გამარჯვების სერტიფიკაციას მხარს არ დაუჭერდა, კაპიტოლიუმის შენობაში შეჭრის შემდეგ პოზიცია შეიცვალა. მათ შორის არის ტრამპის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მხარდამჭერი ლინდსი გრემი.

“ერთადერთი, რისი თქმაც შემიძლია არის, რომ მე აღარ მიმათვალოთ. საკმარისია. ჯო ბაიდენი და კამალა ჰარისი კანონიერად აირჩიეს და გახდებიან პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტი 20 იანვარს”. – თქვა მან.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება