fbpx

1996 წელს პირადად მელაშვილმა შეადგინა პირველადი რუკები, სადაც ყველა ეს ძეგლი არის ჩვენს ტერიტორია-ჯარჯი წიკლაური

პროკურორი ჯარჯი წიკლაური-ზუსტად ამას ვამტკიცებთ ბრალდების მხარე, რაც გუშინ საქვეყნოდ განაცხადა მელაშვილმა. იგი საუბრობს არა ბერთუბანზე, არამედ დავით გარეჯის მთაზე არსებულ კულტურულ ძეგლებზე, რომელიც ყოველთვის იყო საქართველოს შემადგენლობაში. ჯერ კიდევ 1995 წელს, ჩვენ გვაქვს მტკიცებულება, ოქმი, სადაც ხაზგასმით აღნიშნავს პირადად მელაშვილი, რომ დავით გარეჯის მთა და მასზე არსებული ყველა ძეგლი არის და უნდა შეთანხმდეს საქართველოს ფარგლებში. თავად მელაშვილი აწერს ამ დოკუმენტს ხელს.

1996 წელს პირადად მელაშვილმა შეადგინა პირველადი რუკები, სადაც ყველა ეს ძეგლი არის ჩვენს ტერიტორიაზე და 2006 წელს, 10 წლის შემდეგ რა შეიცვალა, რატომ შეათანხმა მელაშვილმა ისე საზღვარი, რომ ქედზე გადაიარა და მთა ნაწილობრივ მოექცა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე. შეიცვალა ის, რომ მან მიიღო დანაშაულებრივი დავალება ასე გაეკეთებინა და იგი უკვე იძულებულია, მისი დანაშაულის გადასაფარად დღეს ისაუბროს, თურმე ეს ძეგლები ხვდება აზერბაიჯანის ტერიტორიაზე. ეს არის სიცრუე, მაგრამ იგი კარგად ხვდება ამას და ამ სიცრუეს რა გამოააშკარავებს – 200-ათასიანი მასშტაბის რუკა, სადაც ცხადად ჩანს, რომ მთელი მთა არის საქართველოსი და ადვოკატები რას აკეთებენ ამ დროს?

ცდილობენ ხაზი გაუსვან, რომ ხარვეზი აქვს ამ რუკას და უვარგისია. 100-მდე რუკაა საქმეში და მთავარი რუკა, რომლითაც დავით გარეჯი ჩვენია, მარტო ამ რუკას აღმოაჩნდა თურმე ხარვეზი. საბედნიეროდ, არა მხოლოდ ამ რუკაზე, სხვა მასშტაბის რუკებზეც კი, დავით გარეჯის მთა იყო და არის საქართველოს შემადგენლობაში. ნურავის შეექმნება ილუზია, რომ გუშინდელი გადაწყვეტილება, როდესაც წინასწარი პატიმრობა შეიცვალა გირაოთი, ეს მიანიშნებს მათ უდანაშაულობას.

არავის გაუჩნდეს განცდა, რომ პროკურატურამ შეარბილა პოზიციები. ჩვენ ვიქნებით უკომპრომისოები და სასამართლოზე ფაქტების წინაშე დადგებიან ბრალდებულები და კონკრეტული პასუხების გაცემა მოუწევთ. მათ ემუქრებათ 15 წლამდე სასჯელი“, – განაცხადა ჯარჯი წიკლაურმა საქართველოს პირველ არხთან.

გაუზიარე!

Shares