fbpx

1989 წლის 26 მაისს 1 არხის ეკრანზე დიდი ასოებით დაიწერა „გაუმარჯოს თავისუფალ, დამოუკიდებელ საქართველოს,,-გოჩა ხუნდაძე

,,მოამბის ,, ყოფილი მთავარი რედაქტორი გოჩა ხუნდაძე იხსენებს_

 · 

1989 წლის 26 მაისია. თუ კარგად მახსოვს, პარასკევი. იმდღევანდელი „მოამბის“ გამომშვები, მედიკო ჩომახიძე მეუბნება, დამოუკიდებლობის დღეა და რამე ვუთხრათ მაყურებელსო. ბეწვის ხიდზე იყო გასავლელი, ჩანაფიქრი რომ აგვესრულებინა. გადაცემა, იოლი გასაკონტოლებელი რომ ყოფილიყო, ეთერში გასვლამდე, ვიდეოფირზე იწერებოდა. აი, ამ ეტაპზე, ჩასაფრებულ ადამიანს შეეძლო გავეყიდეთ. გადავწყვიტეთ, გადაცემის ბოლო კადრად ლოზუნგი მიგვეწერა. მართლაც, რეჟისორის ასისტენტმა, მთელს ეკრანზე, ლამაზი შრიფტით აკრიფა ჩვენს მიერ დიდი ბჭობით შეთანხმებული ტექსტი, რომელიც ჩანაწერის ბოლოს მივაბით და გადაცემაც მზად იყო ეთერში გასასვლელად. რედაქციის კურატორი, თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ყველასათვის საყვარელი ზაზა დარასელი გახლდათ. ჩვენის მხრივ, ძალიან ცუდი საქციელი იქნებოდა, მისგან დამალულად გაგვეშვა გადაცემის ასეთი ფინალი. ვუთხარი, ზაზა, ასე ვაკეთებთ და ვითომ შენ არ იცოდი, მე ვიღებ ჩემს თავზე-მეთქი. მაშინ მთავარი რედაქტორი ვიყავი, სამსახურიდან მოხსნა-გადაყენების გვარიანი გამოცდილებაც მქონდა და ჩემი გათავისუფლებით ბევრი არაფერი დაშავდებოდა. იუკადრისა, ხელს როგორ შეგახოცავთ, თუ ასე გადაწყვიტეთ, მეც თქვენთან ვარ და ნებას გრთავთო. დავტოვეთ საეთეროში ჩანაწერი და, ტელევიზიიდან გავედით – ცეკადან უსიამოვნო რეაქციას გავერიდეთ. იმ დღეს მაყურებელი სახტად დატოვა გადაცემის, ჩვენი ტელევიზიისთვის უჩვეულოდ თამამმა ფინალმა: ეკრანზე დიდი ასოებით დაიწერა „გაუმარჯოს თავისუფალ, დამოუკიდებელ საქართველოს“! ბედნიერები ვიყავით, რომ ეს შევძელით, ბედნიერები ვიყავით, რომ არავის გაუჩნდა ჩვენი ჩაშვების სურვილი, ბედნიერები ვიყავით, რომ ახლოვდებოდა თავისუფალი საქართველო. დამოუკიდებლობის დღეს გილოცავთ, ქართველებო!

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება