fbpx

14 მაისს „ახალი ღვინის ფესტივალი 2022“ გაიმართება

თბილისის მერიის მხარდაჭერით და ღვინის კლუბის ორგანიზებით, 14 მაისს,
მთაწმინდის პარკში „ახალი ღვინის ფესტივალი 2022“ წელს გაიმართება. მასში 61
ღვინის კომპანია (დიდი, საშუალო და მცირე მეღვინეობა), 89 საოჯახო მარანი და
ათი სხვა კომპანია (ღვინის აქსესუარები) მიიღებს მონაწილეობას. ფესტივალზე
დასწრება თავისუფალია.
„ახალი ღვინის ფესტივალი 2022“ მონაწილეებსა და სტუმრებს ბოლო მოსავლის
(2021 წ) ასეულობით ახალი ღვინის გასინჯვას, ამ ღვინოების ავტორების გაცნობასა
და ახალი გემოების აღმოჩენას ჰპირდება.
ახალი ღვინის ფესტივალის მთავარი იდეა ქართული ტრადიციული ქვევრის ღვინის
პოპულარიზაცია, ახალი ჯიშებისა თუ ადგილების აღმოჩენა, საქართველოში ღვინის
განათლების დონის ამაღლება და სამომხმარებლო კულტურის განვითარებაა.
2010 წლიდან დაწყებული ყოველ წელს ფესტივალი იზრდება. ასპარეზზე ახალი
საოჯახო მარნები და ღვინის კომპანიები ჩნდებიან და ღონისძიების მონაწილეებს
თავიანთი ბოლო მოსავლის ღვინოებს ასინჯებენ.
ახალი ღვინის ფესტივალს მწარმოებლების გარდა, ქართველი და უცხოელი ღვინის
პროფესიონალები, ღვინის მწერლები, ღვინის ბარ-რესტორნები და მოყვარულებიც
მოუთმენლად ელიან. რამდენიმე წელია, ტრადიციულად, მსოფლიოს სახელოვან
ღვინის მაგისტრებს, სომელიეებს, იმპორტიორებსა და ღვინის მწერლებს
ჩანიშნული აქვთ ღვინის ფესტივალის თარიღი და ემზადებიან ქართულ
ღვინოებთან შესახვედრად.
ახალი ღვინის ფესტივალის ხიბლი სწორედ მრავალფეროვნება და ახალი გემოების
აღმოჩენაა.
„ახალი ღვინის ფესტივალი 2022“ დაიწყება ქვევრის გახსნის ტრადიციული
ცერემონიით, მრავალჟამიერის თანხლებით. ამ ქვევრში, როგორც წესი, ღვინის
კლუბის მიერ შერჩეული საოჯახო მარანში დაწურული საუკეთესო ღვინო
დაგხვდებათ.
ფესტივალზე მისული სტუმრები ღვინოსთან ერთად, მუსიკითაც ისიამოვნებენ –
„ნალი ბენდი“, რეზო კიკნაძის ჯაზბენდი, „ჯეოფოლკი“. ასევე, იქნება სახალისო



პროგრამა, გათამაშდება ათი ყუთი საუკეთესო ღვინო. ჩატარდება თიხის
ნაკეთობების მასტერკლასები და სხვა.
ფესტივალის კარი ყველა სტუმრისთვის ღიაა.
ახალი ღვინის ფესტივალზე დაგეგმილია საქველმოქმედო აქცია „ქართული
მეღვინეობა უკრაინის მხარდასაჭერად“. აქციისთვის სპეციალური სტიკერები
შეიქმნა. ეს სტიკერები შეგხვდებათ იმ კომპანიების ღვინოებზე, რომლებმაც
უკრაინის მხარდასაჭერად გახსნილ საქველმოქმედო ანგარიშზე თანხა უკვე
გადარიცხეს. ეს თანხა მთლიანად უკრაინელი ხალხის დახმარების ფონდში
ირიცხება.
სტიკერიანი ღვინის შეძენის შემთხვევაში, თქვენ ავტომატურად იღებთ
მონაწილეობას უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერ აქციაში. ქველმოქმედებაში
ჩართვის სურვილის შემთხვევაში, ფესტივალზე წარმოდგენილ ღვინოებს შორის
სტიკერიან ღვინოებზე უნდა გაამახვილოთ ყურადღება.
დაგეგმილი აქცია ამ ეტაპზე, მხოლოდ ღვინოსა და სხვა ალკოჰოლურ სასმელზე
ვრცელდება.
უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად, საბანკო ანგარიში უკვე გახსნილია. ანგარიშზე
თანხის ჩარიცხვა ნებისმიერ მსურველს შეუძლია – ფესტივალამდეც და
ფესტივალის დასრულების შემდეგაც. საქველმოქმედო აქციებით შეგროვებული
თანხის რაოდენობა გასაჯაროვდება. ცნობილი გახდება ის ფონდიც, რომელშიც
თანხა გადაირიცხება.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება