fbpx

ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, ინფლაციამ კლება დაიწყო-ოთარ ანგურიძე

ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, ინფლაციამ კლება დაიწყო. მიუხედავად რთული გეოპლიტიკური ფონისა და გამოწვევებისა, საქართველოში ფასების საერთო დონის კლება შეინიშნება, რაც საქართველოს ეკონომიკის გაუმჯობესების კიდევ ერთი დასტურია. ივნისში, ინფლაციის დონემ 11,5% შეადგინა და 1,3%-ით გაუმჯობესდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ხოლო, წინა თვესთან შედარებით 0,2%-ით გაიზარდა“, – წერს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე Facebook-ზე.

როგორც ოთარ ანგურიძე აღნიშავს, გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ, FAO-ს მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 2022 წლის ივნისში, სასურსათო პროდუქტებზე ფასების დონე 23,1%-ით გაიზარდა.

„განსაკუთრებით აღსანიშნავია ის გარემოება, რომ საქართველოში ნავთობპროდუქტებზე ფასების ზრდამაც კი ვერ იქონია საქართველოში ფასების საერთო დონის ზრდაზე, იმ ვითარებაში, როდესაც ყველა ჩვენს მეზობელ სახელმწიფოში ფასების რეკორდული ზრდა ფიქსირდება. მაგ: თურქეთში ინფლაციის 78,6% დაფიქსირდა, სომხეთში 10,3%, აზერბაიჯანში 14,2%, რუსეთში 15,9%, უკრაინაში კი – 21,5%. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ფასების ზრდის გამოწვევა მხოლოდ ჩვენი რეგიონის თანამედროვე პრობლემა არაა. აშშ-ში, ივნისში, 9,1% დაფიქსირდა, დიდ ბრიტანეთში – 9,4%, გერმანიაში – 7,6%. ხოლო ევროკავშირის ქვეყნების საშუალო მაჩვენებელმა 8,6% შეადგინა და ეს ზრდის პროცესი გრძელდება უპროგნოზოდ, რადგან შეუძლებელია შემოდგომასა და ზამთრის პერიოდში გაკეთდეს პროგნოზი ენერგო რესურსების ფასებთან დაკავშირებით.

საქართველოში ინფლაციის კლებაზე დიდი როლი ითამაშა ლარის კურსის გამყარებამ, რამაც ავტომატურად გამოიწვია იმპორტირებულ სასურსათო პროდუქტებზე ფასების შემცირება, რასაც დაემატა საქართველოში, პირველი 6 თვის მონაცემების მიხედვით, ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, რითაც საქართველო გახდა ერთადერთი ქვეყანა რეგიონსა და ევროპის კონტინენტზე, რომელმაც, ამ რთულ დროს, შეძლო ასეთ შედეგებზე გასვლა. სამომავლოდ, ეს გვაძლევს შესაძლებლობას, ეკონომიკა იყოს უფრო მოქნილი და სწრაფ განვითარებაზე ორიენტირი. ბოლო პერიოდის მოვლენებმა რეგიონში წარმოშვა ძალიან ბევრი პოლიტიკური და ეკონომიკური რისკები, თუმცა, კრიზისები ყოველთვის აჩენს ახალ შესაძლებლობებს, რომლებიც ჩვენმა ქვეყანამ უნდა გამოიყენოს და, მიუხედავად მრავალი შიდა თუ გარე წინააღმდეგობისა, ჩვენი ქვეყანა უნდა იყოს რეგიონში მოწინავე სახელმწიფო“, – წერს ოთარ ანგურიძე.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება