fbpx

„ხალხის ძალის“ კანონპროექტი არცერთი ადამიანის „აგენტის“ სახელწოდებით მარკირებას არ ითვალისწინებს – რეესტრში არა ცალკეული პიროვნებები, არამედ ორგანიზაციები დარეგისტრირდებიან – ესაა ჩვენი კანონპროექტის ძირითადი აზრი

მინდა, „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული კანონპროექტებთან დაკავშირებულ მორიგ სპეკულაციას გამოვეხმაურო: არცერთი ადამიანის ე.წ. მარკირება არ მოხდება „აგენტის“ სახელწოდებით. დოკუმენტების მიხედვით, რეესტრში რეგისტრირდებიან არა ცალკეული პიროვნებები, არამედ – ორგანიზაციები, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, ეკა სეფაშვილმა, პარლამენტში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ვერცერთი კანონპროექტი ვერ მომზადდება გეოგრაფიის მიხედვით, რადგან საქართველოს, რომელიც ჰიბრიდულ ომშია, სჭირდება კანონი, რომელიც ქვეყანას არა მხოლოდ რუსეთისგან, არამედ სხვა ქვეყნებიდან მომდინარე საფრთხისგანაც დაიცავს.

„რუსეთი ოკუპანტია და, რა თქმა უნდა, მისი გავლენებისგან თავი უნდა დავიცვათ, მაგრამ ჩვენი კანონი ყველა ნეგატიური გავლენისგან, გლობალური საფრთხეებისგან დაცვას ეხება – კანონებს გეოგრაფიის მიხედვით ვერ დავწერთ. ასევე, ეს კანონი არა მარტო ოკუპანტი ქვეყნისგან ან რაიმე სხვა ნეგატიური გავლენისგან თავდაცვას ისახავს მიზნად, არამედ, პირველ რიგში, საზოგადოების ინფორმირებულობისკენ არის მიმართული, რათა საზოგადოებამ თვითონ გადაწყვიტოს, ვინ არის ჩვენი ქვეყნის მეგობარი და ვინ – მტერი. ეს კანონპროექტი ემსახურება იმ მიზანსაც, რომ ის ქვეყნები და დონორი ორგანიზაციები, რომლებიც საქართველოსთვის ძალიან ბევრ, კარგ საქმეს აკეთებენ, მათი სახელებიც უფრო ფართოდ იყოს ცნობილი. საქართველო ჩართულია ჰიბრიდულ ომში და ძალიან ბევრი სახელმწიფო ცდილობს საკუთარი ინტერესების გატარებას. ასე რომ, მხოლოდ ერთ სახელმწიფოზე ვერ ვიქნებით ორიენტირებულები. ნებისმიერი სახელმწიფო, რომელიც საქართველოს მიმართ არაკეთილსინდისიერი განზრახვით არის,  რა თქმა უნდა, საფრთხეების შეფასებისა და მათზე სათანადო რეაგირების რაიმე ტიპის დოკუმენტში უნდა უნდა იყოს მოქცეული. ჩვენი ერთ-ერთი მიზანი  სწორედაც ესაა – გლობალურ საფრთხეებზე ყურადღების გამახვილება. კონკრეტულად ერთი ქვეყნის მიმართ კანონის მიღება სწორად არ მიმაჩნია. ჰიბრიდული ომის საფრთხეები ეხება არა მხოლოდ ერთ გეოგრაფიულ მხარეს, არამედ ჩრდილოეთსაც, სამხრეთსაც, დასავლეთსაც და აღმოსავლეთსაც. რუსეთი რომ ოკუპანტია, საქართველოს ყველა მოქალაქემ იცის და, რა თქმა უნდა, საქართველო თავისი ინტერესების დაცვის გზით, ცდილობს, ამ ოკუპაციას ბოლო მოუღოს. თუნდაც სტრასბურგის ისტორიული გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენი მმართველობის პერიოდში, ძალიან დიდი ძალისხმევით მივიღეთ, არის რეალური სამართლებრივი საფუძველი და დოკუმენტი, რომელიც საშუალებას მოგვცემს, მშვიდობიანი გზით დავიბრუნოთ ოკუპირებული ტერიტორიები“, – აღნიშნა ეკა სეფაშვილმა. 

„ხალხის ძალის“ წევრი ინიცირებულ დოკუმენტებთან დაკავშირებით გავრცელებულ კიდევ ერთ დეზინფორმაციას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ კანონპროექტების მიღება საფრთხეს არც უცხოური ორგანიზაციებიდან დაფინანსებულ მცირე და საშუალო ბიზნესებს და არც შშმ პირების დახმარებაზე ორიენტირებულ ორგანიზაციებს არ უქმნის. 

„ეს დეზინფორმაციის გავრცელებისა და სპეკულაციის კიდევ ერთი მცდელობაა. კანონპროექტი არ ითვალისწინებს არცერთი არასამთავრობო ორგანიზაციის, არც დონორის საქმიანობის შეზღუდვას. ბენეფიციარები ნებისმიერი სარგებლის მიღებას ჩვეულებრივად გააგრძელებენ და ყველა ორგანიზაცია თავის საქმიანობას ჩვეულებრივად წარმართავს. ერთადერთი ცვლილება იქნება ის, რომ, როცა კანონი ძალაში შევა, ერთ ვებგვერდზე იქნება თავმოყრილი ინფორმაცია ამ არასამთავრობო ორგანიზაციების ფინანსური შემოსავლების შესახებ, ისიც იმ შემთხვევაში, თუ მათი საქმიანობის 20%-ზე მეტი უცხოური წყაროებიდან ფინანსდება. ბენეფიციარებს, იქნება ეს მცირე და საშუალო ბიზნესი, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების დაფინანსება თუ სხვა ტიპის დახმარება, სიმშვიდისკენ მოვუწოდებ – მათ ეს კანონი არავითარ შემთხვევაში არ შეეხებათ და მათი საქმიანობა და დახმარება ძველებურად გაგრძელდება“, – აღნიშნა ეკა სეფაშვილმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება