fbpx

წლის ბოლომდე საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს მიიღებს-ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ყველა ის ადამიანი, ვინც მიხეილ სააკაშვილს და საქართველოს ერთმანეთთან აიგივებს, არ სცემს პატივს საქართველოს სუვერენიტეტს. ასე გამოეხმაურა ღარიბაშვილი გადაცემაში „იმედის კვირა“ წამყვანის დასმულ კითხვას, ხედავს თუ არა რისკებს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსზე, რადგან ევროპარლამენტარები და დასავლელი პარტნიორები ამბობენ, რომ თუ არ იქნება სააკაშვილის თავისუფლება, არ იქნება კანდიდატის სტატუსი.

„ყველა ის ევროპელი, თუ უცხოელი, რომელიც ტოლობის ნიშანს უწერს სააკაშვილს და ჩვენს ქვეყანას, ე.ი. ის არ ცნობს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს. ის პატივს არ სცემს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას, ჩვენს ინსტიტუტებს, ჩვენს ხალხს, სააკაშვილის მიერ ნაწამებ ათასობით დაჩაგრულ ადამიანს. ბუნებრივია, ჩვენი პასუხი და რეაქცია იქნება ადეკვატური. ვინც ჩვენ პატივს არ გვცემს, ჩვენგანაც ნუ მოელის პატივისცემას. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ გამჭვირვალედ. ერთი რამ მინდა ვთქვა, აი, მაგალითისთვის, ჩვენ საჯაროდ შევთავაზეთ სააკაშვილის ოჯახს, რომ ჩამოიყვანონ ნებისმიერი კლინიკიდან, ნებისმიერი ექიმი, ოჯახმა, და არა სხვამ, სხვა არ უნდა ჩაერთოს ამ პროცესში, თუ უნდათ, რომ უმკურნალონ ადგილზე, პრობლემა არ არის. არავითარ ბარიერს არ შევუქმნით, მაგრამ ისე არა, რომ არ ცნონ მათ ჩვენი სამედიცინო დაწესებულებები, არც ჩვენი ინსტიტუტები. ასე არ გამოვა, ჩვენ ჩვენი ღირსება უნდა დავიცვათ, ჩვენი სახელი, ავტორიტეტი უნდა დავიცვათ. არავის ჰქონდეს მოლოდინი, რომ რაიმე უკანონობას ჩავიდენთ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი ღარიბაშვილს მოლოდინი აქვს, რომ წლის ბოლომდე საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს მიიღებს.

„რაც შეეხება კანდიდატის სტატუსს, მაქსიმუმს ვაკეთებთ, მაქსიმუმი გავაკეთეთ უკვე, პარლამენტმა ძალიან მაგრად იმუშავა, მთავრობასთან ერთად. ყველამ ერთად ვიმუშავეთ რომ რეკომენდაციები, რაც ჩვენი შესასრულებელია, შეგვესრულებინა მაქსიმალურად მოკლე დროში. მანამდეც მითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რა თქმა უნდა, ახლა რომ შევხედოთ მოლდოვასა და უკრაინას, ხომ ვიცით იქ რა ხდება. ევროკავშირის ბოლო რაპორტის მიხედვით, ბევრად წინ ვართ, ორჯერ, სამჯერ ვუსწრებთ უკრაინას, მოლდოვას. მაგრამ ვიცით, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღეს, ერთგვარად დაგვსაჯეს, გვითხრეს, რომ სტატუსი ახლა არა, დაგველოდეთ. ამაზე ვუთხარით, მადლობა მეგობრებო, გასაგებია. სტატუსი მისცეს მათ ავანსად. ჩვენ არავისი გვშურს, გვითქვამს არაერთხელ, მაგრამ ჩვენი მოლოდინი არის, რომ ვინაიდან ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, სტატუსი უნდა მივიღოთ წლის ბოლომდე. თუ დამსახურებულ მიღებაზეა საუბარი. ჩვენი ქვეყანა იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. თუ ვინმე საბოტაჟს გაუწევს და სურს, რომ გაუწიოს საბოტაჟი, ეს არიან ისევ ეს დესტრუქციული ძალები“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება