fbpx

წამსვლელი კაცი მხოლოდ მადლობას იხდის და დამრჩენს სიკეთეს უსურვებს

ჩვენ მოგვიწია ბოროტებასთან შეჯახება, რომელსაც რამდენიმე ადამიანი ცხრა წლის განმავლობაში მეთოდურად აშენდებდა და ამყარებდა. დღეს ეს ბოროტება მნიშვნელოვნად შესუსტებულია, თუმცა მისი მავნე ზემოქმედება, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ იგრძნობა და მის მთავარ შემაკავებელ ძალად კვლავ „ქართული ოცნება“ რჩება“ – ამის შესახებ „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი დღეს გავრცელებულ წერილში საუბრობს და იმ მიზეზებს განმარტავს, თუ რატომ აირჩია ხალხმა „ქართული ოცნება“ 2020 წელსაც.

მისი თქმით, ეს ის რეალობაა, რომლის გაუთვალისწინებლად შეუძლებელია სრულფასოვანი პოლიტიკური შეფასება.

„როდესაც ჩნდება კითხვა, თუ რატომ აირჩია ხალხმა „ქართული ოცნება“ 2020 წელსაც, პასუხი მარტივია. შევხედოთ, რა იყო ქვეყნისთვის წინამორბედი ხელისუფლების ცხრაწლიანი მმართველობის შედეგი და რას მიაღწია „ქართულმა ოცნებამ“ ხელისუფლებაში ყოფნის რვა წლის განმავლობაში. სწორედ ახლა გვაქვს საშუალება ამოვიდეთ ყოველდღიური, ფრაგმენტირებული საინფორმაციო ამბებიდან და განვლილი ხანგრძლივი პერიოდის მთლიან სურათს დავაკვირდეთ.

არ დავმალავ და გულახდილად გეტყვით – ნამდვილად არ მინდოდა, ეს წერილი მძიმე შეფასებებით დამეტვირთა, რადგან ქართული წესით, წამსვლელი კაცი მხოლოდ მადლობას იხდის და დამრჩენს სიკეთეს უსურვებს. ეს წესი, ღვინის სამშობლოში, ქართული სუფრის განუმეორებელმა ტრადიციამ დაამკვიდრა, რომელიც, როგორც არაერთხელ ვთქვი, ყველაზე ნათლად გადმოსცემს ქართველი კაცის ყოფითი ცხოვრების არსს და ფილოსოფიას. არც მე მინდოდა ამ ეტიკეტის დარღვევა, მაგრამ ქართული სუფრისგან განსხვავებით, ქართულ პოლიტიკაში თითოეული ჩვენი მოქალაქის აწმყო და მისი მომავალი წყდება. ამიტომაც მიმაჩნია, რომ არა მაქვს უფლება, თვალი დავხუჭო და გვერდი ავუარო ჩვენი საერთო წარსულის ობიექტურ შეფასებას. შესაძლოა, ზოგიერთმა ჩათვალოს, რომ დღევანდელი ჩემი წერილი მეტისმეტად კრიტიკულია, მაგრამ ჩემი მხრიდან უადგილო და ყალბი იქნებოდა ჩვენი უახლოესი წარსულის შეფასებისთვის თავის არიდება. დიახ, ჩვენ მოგვიწია ბოროტებასთან შეჯახება, რომელსაც რამდენიმე ადამიანი ცხრა წლის განმავლობაში მეთოდურად აშენდებდა და ამყარებდა. დღეს ეს ბოროტება მნიშვნელოვნად შესუსტებულია, თუმცა მისი მავნე ზემოქმედება, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ იგრძნობა და მის მთავარ შემაკავებელ ძალად კვლავ „ქართული ოცნება“ რჩება. ეს ის რეალობაა, რომლის გაუთვალისწინებლად შეუძლებელია სრულფასოვანი პოლიტიკური შეფასება“ – ნათქვამია წერილში.

ბიძინა ივანიშვილი  წერილში „ნაციონალური მოძრაობის“ და „ქართული ოცნების“ მმართველობის შედეგებზე საუბრობს.

„რა იყო „ნაციონალური მოძრაობის“ ცხრაწლიანი ,,მოღვაწეობის“ შედეგი, – ეს იყო ავტორიტარიზმი, საკუთარი თავის გაფეტიშება, შიშსა და წამებაზე დაფუძნებული დიქტატურა, მიტაცებული საჯარო სივრცე და ცრუ პროპაგანდა, პირადი ძალაუფლების გამყარების და უვადოდ გახანგრძლივების მცდელობა. მხოლოდ ეს იყო მიზანი, რის გამოც შეიცვალა კონსტიტუცია და ქვეყანა ფსევდოსაპარლამენტო მმართველობაზე გადავიდა. აღარაფერს ვამბობ ომის ტრაგედიასა და დევნილებზე, დაკარგულ ტერიტორიებსა და რუსულ ოკუპაციაზე, რაც კიდევ უფრო დამძიმებულ მემკვიდრეობად დაგვრჩა.

რა არის „ქართული ოცნების“ მმართველობის რვა წლის შედეგი, – ეს გახლავთ მშვიდობა, ღია და პლურალისტული დემოკრატია გახსნილი საჯარო და საინფორმაციო სივრცით, საკონსტიტუციო რეფორმით განმტკიცებული საპარლამენტო მმართველობა, ხელისუფალის გაფეტიშების მიუღებლობა, ინსტიტუციურად დაბალანსებული ხელისუფლება, პოლიტიკისაგან გამიჯნული მართლმსაჯულება და საჯარო ინსტიტუტები, კანონის უზენაესობა და მის წინაშე თანასწორობა, სამართლიანი არჩევნების პრაქტიკის დამყარება, დაბოლოს, პოლიტიკიდან დროული წასვლა იმ მიზეზთა გამო, რასაც ეს წერილი ეძღვნება. კარგად ვიცი, რა კუდებს გამოაბამს ოპოზიცია ჩემს ყოველ სიტყვას და, ამის მიუხედავად, მაინც ვიტყვი სათქმელს ყველა ნორმალური და მოაზროვნე მკითხველისთვის. დანარჩენებისთვის, – ცხოვრება გამოაჩენს“ – ნათქვამია წერილში.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება