fbpx

ძვირფასო ევროპავ,ძვირფასო დასავლეთო, ნუ დაასრულებთ ევროპას!დაასრულეთ პუტინი-თამარ გვენეტაძე

თამარ გვენეტაძე- მესამე კვირა დაიწყო, რაც ომი გრძელდება უკრაინაში. რუსეთის აგრესიას ბოლო არ უჩანს. მეტიც, ის უკვე სამხედრო აღჭურვილობით დახმარებას სთხოვს ჩინეთს, რაც რეალურ საფრთხეს აჩენს, მოხდეს ჩინეთის ჩართვა შეიარაღებული ძალების კონფლიქტში. არსებული მონაცემებით, დაღუპულია 1300-ზე მეტი უკრაინელი ჯარისკაცი და 12000-ზე მეტი რუსი სამხედრო. დაბომბვების შედეგად, დაიღუპა ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე. ყველაზე მძიმე მდგომარეობა დონეცკის ოლქის ქალაქ მარიუპოლსა და კიევის ოლქის ქალაქ ირპენშია. ამ ოლქებში დაღუპული და დაჭრილი მაცხოვრებლების ზუსტი მონაცემების დადგენა შეუძლებელია. დაღუპულიები არიან ბავშვები, ქალები და მოხუცები.უკრაინის სახალხო დამცველის განცხადებით, 2022 წლის 13 მარტის 10:00 საათის მდგომარეობით, უკრაინაში, რუსეთის ფედერაციის შეჭრის დაწყებიდან, დაიღუპა 85 და დაშავდა 100-მდე ბავშვი.3 მილიონამდე უკრაინელი გახდა ლტოლვილი. უმეტესობა არიან ქალები, ბავშვები და მოხუცები. მათგან, ლტოლვილია მილიონზე მეტი უკრაინელი ბავშვი.

რუსების სარაკეტო თავდასხმებით მიწასთანაა გასწორებული უკრაინის არაერთი ქალაქი და სოფელი. ხალხი, ზოგიერთ რაიონში, დარჩენილია საკვების, წყლისა და პირველადი სამედიცინო მომსახურების გარეშე. ამას ემატება რუსების მიერ აფეთქებული სტრატეგიული წერტილები, რის გამოც, მოსახლება ნანგრევებში, გაუსაძლის ყინვაშია დარჩენილი. რუსეთი უარს აცხადებს ჰუმანიტარული კორიდორის გახსნაზე და პრაქტიკულად, უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობა, ტყვეობაში იმყოფება. შეთანხმების მიუხედავად, დაიბომბა არსებული “მწვანე დერეფნებიც”, რასაც, ძირითადად, ქალების და ბავშვების სიცოცხლე შეეწირა. სახეზეა ტერორიზმი, გენოციდი, ომის დანაშაული, ფაშიზმი, ჰუმანიტარული კატასტროფა. უდანაშაულო მოსახლეობა განწირულია შიმშილისთვის, ყინვისთვის, კვლისა და წამებისთვის. ამის ფონზე, წარმოუდგენელი და გაუგებარია ნატოს პოზიცია, რომ ომი უკრაინასა და რუსეთს შორის მიმდინარეობს და გარდა სანქციების ან იარაღის შეჩეჩებისა, ისინი ვერ ჩაერევიან. გამოდის, რომ უკრაინა მარტოა და ომიც მარტომ უნდა მოიგოს. რომ ვერც ევროკავშირი და ვერც დასავლეთი ვერ გადაუხვევს ჩვეულ ბიუროკრატიას, სტანდარტებს 🙂 არც ცას დაკეტავს და არც “სხვის ომში” ჩაერევა. აი, იმ სტანდარტებს არ გადაუხვევს, რომლებიც საერთოდ აღარაა სტანდარტი და ბევრად უფრო მაღალი საფეხური დააწესა უკრაინელმა ხალხმა ევროპისა და დასავლეთისათვის, საპირწონედ. და ისევ, ამის ფონზე, ფაშისტური რუსეთი ყველა დაწერილს გადავიდა და ყველა დაუწერელი – “ნორმად აქცია”, ჩინეთსაც გადასწვდა, იმიტომ, რომ რუსეთს “გასდის და ტირის.” ამ დროს კი, უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობა, ყოველ წუთს იღუპება. იღუპებიან ტანკებშემორტყმული ქალაქის მცხოვრები თოჯინიანი ბავშვები:) ეს ომი, მხოლოდ უკრაინის მოსაგები არაა, არც მხოლოდ მათი ტვირთია და არც მხოლოდ მათი სასჯელი.

ომი ევროპის, დასავლეთის, იმ ჰეგემონი სახელმწიფოების მოსაგებია, ვისაც, თავისი რესურსით, ხელეწიფებათ პუტინის ფაშისტური რეჟიმის დასრულება! არ შეიძლება, 21-ე საუკუნეში ტელევიზორიდან უყურებდე ევროპის შუაგულის გენოციდს და ამბობდე, რომ ეს სხვისი ომია! არ თქვათ, მესამე მსოფლიო ომი იქნებაო. მესამეც იყო და მეოთხეც უკვე, როცა აფხაზეთს გვართმევდნენ, ცხინვალს ბომბავდნენ, როცა ყირიმის ოკუპაცია მოახდინეს, როცა მოლდოვა იყო, როცა პოლონეთი იყო, როცა კაჩინსკი მოკლეს და მრავალი ასეთი ინტერვენცია განხორციელდა, ტერორისტი რუსეთის მიერ, მსოფლიო მშვიდობაში, თავისუფლებაში. ომია! მესამეც და მეათეც, მსოფლიო ცივილიზაციისთვის და დემოკრატიისთვის გამოცხადებული ომი. და რას ნიშნავს ინდივიდუალური კონფლიქტი, როცა კოლექტიურ მშვიდობასა და თავდაცვაზე უნდა საუბრობდეთ? მხოლოდ ევროკავშირის და ნატოს ქოლგის ქვეშ გაერთიანებული ქვეყნები არ არიან მშვიდობის ღირსი.

ჩვენც გვაქვს ამის უფლება, ყველა სხვა დანარჩენ ქვეყანას, განვითარებადს, თქვენს სტანდარტებს ჩამორჩენილებს, უგულებელყოფილებს:) რომელთაც მაშინ უქნევენ თითს, როცა უნდათ. თუ თუნდაც ერთ ქვეყანაში მაინც არ არის მშვიდობა, ესე იგი, არც მსოფლიოშია!ძვირფასო ევროპავ,ძვირფასო დასავლეთო, ნუ დაასრულებთ ევროპას!დაასრულეთ პუტინი

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება