fbpx

ძალიან სასიხარულო ამბავი, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის გახსნა

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი იხსნება – ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„მინდა გითხრათ ძალიან სასიხარულო ამბავი, რომ 21ში არის ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის გახსნა. მინდა, მთელ საზოგადოებას მივულოცო ეს ამბავი, რადგან ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი არის ჭეშმარიტად მსოფლიო სტანდარტის მქონე უნივერსიტეტი და გახსნის ცერემონია შეგიძლიათ, პირდაპირ ეთერში იხილოთ“, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) მოიცავს სტუდენტებისა და პერსონალის საცხოვრებლებს, აკადემიურ შენობებს, ბიბლიოთეკას, კაფეებს, შიდა და გარე სარეკრეაციო სივრცეებს, ელექტროტრანსპორტს, ველობილიკებს. უნივერსიტეტი პირველ ნაკადს მიიღებს სამ სპეციალობაზე – მათემატიკა, კომპიუტერული მეცნიერებები და მენეჯმენტი, სამომავლოდ კი, სპეციალობათა რაოდენობა გაიზრდება.

ამასთან, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი იულიხის კვლევით ცენტრთან თანამშრომლობის ჩარჩო ხელშეკრულებას შეუერთდა. სტუდენტებს იულიხის კვლევით ცენტრში გარკვეული პროექტების შესრულების შესაძლებლობა აქვთ.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი სტუდენტთა გარკვეულ კატეგორიებს სწავლის საფასურსაც დაუფარავს. ამასთან, უნივერსიტეტში მოქმედებს სტუდენტური გრანტების ფონდი.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის დასაარსებლად ბიძინა ივანიშვილმა და მისმა ოჯახმა მილიარდი ევროს ქველმოქმედება განახორციელა.

გაუზიარე!

Shares