fbpx

ციხის საავადმყოფოშიც შეუძლია, შავი პური ჭამოს ნიორწასმული-ნინო ჯღარკავა

გაზეთ ,,საერთო გაზეთში ,,გამოქვეყნდა ,,იქსნიუსის,,რედაქტორის ნინო ჯღარკავას ინტერვიუსჟურნალისტ ნონა ქარქაშაძესთან-

სანამ ნაცები ერთიანად არ ამოიძირკვებიან პოლიტიკური

ველიდან, ქვეყანაში სიტუაცია არ დაწყნარდება-ამბობს ნინო ჯღარკავა

რამდენიმე დღის წინ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ინტერპელაციის ფორმატში, პარლამენტში წარსდგა. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებების მთავარ აქცენტებს ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევები, რუსეთ-უკრაინის ომის საქართველოზე გავლენა, მეორე ფრონტის გახსნის რისკი და საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პერსპექტივა წარმოადგენდა.

პრემიერ-მინისტრის გამოსვლა პარლამენტში „საერთო გაზეთთან“ ჟურნალისტმა, საინფორმაციო სააგენტო X ნეწს-ის მთავარმა რედაქტორმა ნინო ჯღარკავამ შეაფასა…

– ვფიქრობ, რომ ჩვენ ახლა ბეწვის ხიდზე გავდივართ და ჩვენი ხელისუფლების მიერ არჩეული პოზიცია აბსოლუტურად სწორია როგორც რუსეთ-უკრაინის ომთან, ასევე ქვეყნის შიდა გამოწვევებთან მიმართებით. პრემიერ-მინისტრის გამოსვლამ, მე პირადად, იმედი მომცა, რომ ძალიან მალე ჩვენს ქვეყანაში ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება.

როგორც იქნა, წლების შემდეგ გადავედით მხილებაზე, რადგან უკვე აღარ შეიძლება კონკრეტული ფაქტების მიჩქმალვა იმ ადამიანების შესახებ, ვინც ქვეყანას ძალიან ბევრი ავნო და სახელმწიფოს ინტერესების წინააღმდეგ დღემდე ბინძური მეთოდებით იბრძვის.

დიდხანს ყველაფერს ვპატიობდით რადიკალურ ოპოზიციას, იყო ორმაგი სტანდარტები: რაც მათთვის შეიძლებოდა, ხელისუფლების მომხრეებისთვის არ შეიძლებოდა, მათ ეპატიებოდათ, ჩვენ – არა. მთელი ეს წლები თავდაცვის რეჟიმში ვიყავით. ამჯერად კი ირაკლი ღარიბაშვილმა ყველაფერს საბოლოოდ დაერქვა სახელი და თავდაცვის რეჟიმში ამჯერად ოპოზიცია აღმოჩნდა. პრემიერის გამოსვლის შემდეგ შეიცვალა პოლიტიკური ველი და დღეს ვხედავთ, რომ ის ხმა, „გონორი“, რაც ჰქონდა ოპოზიციას, აღარ აქვს.

ესენი არიან ჩვეულებრივი ვირთხები, როდესაც ვირთხას კუთხეში მიიმწყვდევ, ის ხდება საბრალო და სოროს ეძებს. როგორც კი გარეთ გამოდის და არენაზეა, უკვე იკბინება… 2012 წელს, წითელ ხიდზე რომ გარბოდნენ ჩემოდნებით, ყველას გვახსოვს. როგორც კი გამოცხადდა კოჰაბიტაცია და დარწმუნდნენ, რომ მათ არავინ შეეხებოდა, უკვე თვითონ დაგვესხნენ თავს და ვირთხებივით მოსაგერიებელი გახდნენ.

– სხდომა ამჯერადაც დაპირისპირებისა და ხმაურის ფონზე წარიმართა, რა დროსაც არც ირაკლი ღარიბაშვილმა დატოვა პასუხის გარეშე ოპონენტები. საინტერსეოა, რაში სჭირდებოდა მიშას გუბაზ სანიკიძე, რომ მასში, როგორც პრემიერმა ახსენა, 100 ათასი დოლარი გადაიხადა?

– აქამდეც ყველამ ვიცოდით, ვინ იყო გუბაზ სანიკიძე და როგორ გაიყიდა. მთელი ცხოვრება ეს ადამიანი ებრძოდა მიხეილ სააკაშვილს. გვახსოვს მისი ყველა გამონათქვამი, თუკი რამ უპატიებელი არსებობს, ყველაფერი აკადრა მიშას, შემდეგ კი უცებ მის გულმხურვალე თაყვანისმცემლად გარდაისახა. რად უნდა კითხვა, რომ „გაიყიდა“, მაგრამ, როდესაც ამას უკვე ტრიბუნიდან ამბობს პრემიერი, რომელსაც, ალბათ, აქვს დამადასტურებელი ფაქტები, ვრწმუნდებით, რომ მოღალატე და გაყიდულია ეს ადამიანი.

გუბაზი, უკრაინაში მყოფ სააკაშვილს ღირებული კადრი ეგონა, რომელიც, მისი აზრით, შეძლებდა „პატრიოტულ მოტივებზე“ ხალხი აეზვირთებინა. ის კი, საუბედუროდ, არც „ნაცებმა“ მიიღეს და „ოცნებისგანაც“ გარიყული აღმოჩნდა. არ გამოადგა ეს ნაყიდი ნივთი სააკაშვილს. არც გუბაზს დარჩა უკან დასახევი გზა, მასში გადახდილი 100 ათასი დოლარი რამენაირად ხომ უნდა „გაეპრავებინა“!..

„ნაცების“ ამომრჩეველი ჩვეულებრივი სექტაა, რაც მიშამ შეიძლება „აპატიოს“ პოლიტიკურ ოპონენტებს, „ნაცსექტა“ არ აპატიებს, არ დაივიწყებს, მათ ახსოვთ გუბაზის ქმედებები და მათთვის გუბაზი მიუღებელია. ღამურაა ეს კაცი, მისი ადგილი პოლიტიკურ სანაგვეზეა.

– ხშირად გულისტკივილით აღნიშნავთ ხოლმე, რომ ბიძინა ივანიშვილის და „ქართული ოცნების“ გუნდის სიკეთე ბევრმა ვერ დაინახა და ნდობა ბოროტად გამოიყენა. კონკრეტულად ვის გულისხმობთ ამ ადამიანებში?

– საკმარისია უმადურობის მაგალითად პრეზიდენტი მარგველაშვილი, ჩვენი დღევანდელი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ყოფილი პრემიერი კვირიკაშვილი… აღარაფერს ვამბობ იმ „საოცრებაზე“, რაც გახარიამ ჩაიდინა. ეს იყო ყველაზე დიდი შოკი, როცა ერთ დილით გავიღვიძეთ და აღმოვაჩინეთ, რომ აღარ გვყავს პრემიერი-მინისტრი, თან ისეთ პერიოდში, როდესაც ნიკა მელიას დაკავებაზე იყო ლაპარაკი და მორიგი დესტაბილიზაციის მცდელობა ჰქონდა ოპოზიციას. ასეთ დროს, როცა დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველოს პირველი პირის განცხადებებს, დილა თენდება და ადამიანი გვეუბნება, რომ – მე წავედი, ანუ მე არ მინდა, რომ ეს ადამიანი დავაკავო და წავედიო! გახარიაც, ჩვეულებრივად, იყო გაყიდული. ჩემი ინფორმაციით, ის უკვე შეთანხმებული იყო „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებთან, რომ დათმობდა ამ ხელისუფლებას და თუ ჩამოვიდოდა მიშა უკრაინიდან, აქ ხალხს დაახვედრებდა. რაც უკრაინაში გააკეთა მიშამ, რომ გაარღვია ვითომ ალყა და შევიდა საზღვარზე, იგივე სცენარის განმეორება იყო ჩვენთანაც დაგეგმილი, მაგრამ არ გაუმართლათ, რადგან ძალიან დროულად დაინიშნა ირაკლი ღარიბაშვილი. ახლა კეზერაშვილმა და მერაბიშვილმა სცადეს იგივე, მაგრამ ესეც ჩავარდა…

მართლა ვერაფრით ავხსენი გიორგი გახარიას მოვლინება ქვეყნის პირველ პირად, რომელსაც ბავშვობის მერე საქართველოშიც არ უცხოვრია, ცხოვრობდა მოსკოვში და რას აკეთებდა, არავინ იცის… მართლა ჰაერიდან არის მოსული მოწმენდილ ცაზე და შესაბამისი სახელიც შევარქვი „ვოზდუხა“.

– ცოტა ხნის წინ სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ ნიკა გვარამიას შეწყალებას არ გამორიცხავს, თუმცა, შეიწყალებს თუ არა ის მიხეილ სააკაშვილს, ამაზე ჯერაც არაფერს ამბობს…

– სალომე ზურაბიშვილი ადეკვატური ადამიანი რომ არ არის, ყველამ ვიცით! გვახსოვს, როგორ მოიქცა ის, როცა სააკაშვილმა ჩამოიყვანა და მინისტრად დასვა. როგორ წავიდა ოპოზიციაში. ზურაბიშვილს დიდხანს არ შეუძლია სტაბილურად ყოფნა, ეს მისი ხასიათის თვისებაა.

არ მგონია, რომ პრეზიდენტმა სააკაშვილის შეწყალება გარისკოს, რადგან იცის, რომ გარისკოს და შეიწყალოს კიდეც, მას ახალი ბრალი აქვს წაყენებული, ჯერ კიდევ სასამართლო პროცესი მიდის და არაფერი გამოვა.

– კლინიკა „ვივამედი“ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის დროულად შეფასებას მოითხოვს და მისი კლინიკაში დაყოვნების მიზეზს ვეღარ ხედავს. როგორ ფიქრობთ, მიშას ციხის საავადმყოფოში გადაიყვანენ?

– რა თქმა უნდა, ვფიქრობ, რომ მას ძალიან მალე ციხეში გადაიყვანენ და ამ ფაქტთან შეგუება მოუწევს. ციხის საავადმყოფოშიც შეუძლია, შავი პური ჭამოს ნიორწასმული, თავისი კარაქით… იქ, ალბათ, უკეთესი პირობები ექნება, იმიტომ, რომ დედამისი ვეღარ შეუტანს საჭმელს, ციხის კვებაზე უნდა იყოს და წონაშიც მოიმატებს, მაგრამ ეს არ აწყობთ… ის იკვებება იმ კალორიებით, რაც გაწერილი აქვს ენდოკრიკოლოგების მიერ, რაც არ მოამატებინებს და არც მოკლავს.

სულელი არავინაა, ყველა დარწმუნდა იმაში, რომ გიული ალასანიამ პიარისთვის ჩამოიყვანა ექსპერტი ამერიკიდან, კარგადაც გადაუხადა, რის საფასურადაც, უნდა დაწერილიყო სტატიები მიშაზე. მათ კი ფული ჯიბეში ჩაიდეს, ჩამოვიდნენ, დახედეს „პაციენტს“ და წავიდნენ, თორემ ყველამ იცის, რომ კუჭის ბარიატრიული ოპერაცია აქვს მიშას გაკეთებული. ამ დროს პირველი ორი წელი მიდის კლება და თუ შიმშილობ, კიდევ უფრო იკლებ. ორი-სამი წლის შემდეგ კვლავ იმატებ.

– რამდენიმე დღის წინ „ნაციონალურ მოძრაობა“ ხატია დეკანოიძემ დატოვა. როგორც გაირკვა, ამ ნაბიჯის გადადგმას არც ბაჩუკი ქარდავა და სხვა წევრები გამორიცხავენ… როგორ ფიქრობ, რატომ ტოვებენ პარტიას „ნაციონალები“?

– ბაჩუკი ქარდავას კარგად ვიცნობ და სულ მიკვირდა, ადამიანი, რომელიც ოდესღაც გია ჭანტურიას გვერდით იდგა, როგორ აღმოჩნდა „ნაციონალების“ გვერდით? ქარდავას არც მომავალი აქვს პოლიტიკაში და არც წარსული ჰქონია, იმ კონკრეტული პერიოდის გარდა, ამიტომ წავა თუ დარჩება სადმე, რა მნიშვნელობა აქვს?!

რაც შეეხება სააკაშვილის ძმის ნაცოლარ თუ ნარძლევ დეკანოიძეს, მანაც პოზიციები დაკარგა. არც ლიდერია და აღარც სამეგობრო ჰყავს გვერდით… ლევან ხაბეიშვილის ახალ გუნდში კი თავისი თავი ვერ დაინახა… პაიკები არიან ეს ადამიანები და ვისაც პოლიტიკური მომავალი არა აქვს, ვურჩევ, სხვა საქმეს მიხედონ…

– ხატია დეკანოიძემ აღიარა, რომ ვანო მერაბიშვილის დროს სისტემური დანაშაულებები ხდებოდა, რასაც თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მისმა ასეთმა საქციელმა „გაოცება და ღიმილი“ მოგვარა… რბილად რომ ვთქვათ, მის საქციელს არ ამართლებს, მით უფრო ახლა, როცა „მესამე პრეზიდენტი ციხეში კვდება“…

– ყვავმა ყვავს უთხრაო… მაგათზეა ნათქვამი. თაკო ჩარკვიანი 2012 წელს კარდაკარ დადიოდა და ვანო მერაბიშვილის ჩადენილ სისასტიკეებზე ლაპარაკობდა. ეს ყველას გვახსოვს. ჩემთან პირადად მოვიდა თაკო, სამსახურში, 2013 წელს და ცრემლმორეული მეხვეწებოდა, ძალიან მიყვარს პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი და გადაეცი, რომ გვიყვარს მე და ჩემს ოჯახსო… ასე რომ, ეს ორი გასვრილი ქალი ერთმანეთს რას მიაძახებს, ერისთვის ნაკლებად საინტერესოა, თაკო ჩარკვიანი არის ძალიან დიდი სირცხვილი!

ხატიას კი, დღეს რომ გაახსენდა ვანოს ჯალათობა, გუშინწინ, როცა კენჭს იყრიდა ავლაბარში მაჟორიტარ დეპუტატად, არ ახსოვდა? „ნაციონალური მოძრაობა“ მაშინ სუფთა იყო? მაგრამ საქმე ისაა, რომ ვანო მერაბიშვილის კლანს აღარ სჭირდება ესენი. მერაბიშვილი რევოლუციურ გეგმაზე მუშაობს, ყოფილ ძალოვანებზე აქვს გათვლა. ისინი ორიენტირებული პირდაპირ რევოლუციურ გეგმებზე არიან და ხატია მათ გეგმებში არ შედის.

ოპოზიცია უნდა იყოს ქვეყანაში, რა თქმა უნდა, მაგრამ უნდა იყოს კონსტრუქციული. გამოდიოდეს და აწყობდეს აქციებს, მაგალითად, იმაზე, რატომ გაძვირდა პური, ზეთი… რატომ ირღვევა ადამიანის შრომითი უფლებები კონკრეტულ ორგანიზაციებში და ა.შ… როგორც ხდება ცივილურ ქვეყნებში. ამაზე გვახსოვს ჩვენ მიტინგები? – არა, იმიტომ, რომ ეს საკითხები კონსტრუქციულია, მოგვარებადია, მათ კი არაფრის მოგვარება აწყობთ ამ ქვეყანაში: გამოდი, გადადექი, გადმოდექი, გადავანგრიოთ, დავლეწოთ, შევცვივდეთ… ეს არის მათი მეთოდები და იძულებული ხარ, იგივე ენაზე ესაუბრო, თორემ არცერთ ჩვენგანს არ მოგვწონს ის ენა, რითაც ზოგჯერ მათთან გვიწევს საუბარი. სანამ ნაცმოძრაობა ერთიანად არ ამოიძირკვება პოლიტიკური ველიდან, ქვეყანაში სიტუაცია არ დაწყნარდება.

– მალე საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად საჭირო რეკომენდაციებზე შეფასებებს ელოდება. როგორ ფიქრობთ, ამჯერად მივიღებთ კანდიდატის სტატუსს?

– როგორც აღვნიშნე, პრემიერის წარდგენა პარლამენტში იყო გარდამტეხი და ძალიან მნიშვნელოვანი დღე ქართულ პოლიტიკაში. მგონია, რომ ამას ჩვენი დასავლელი პარტნიორებიც სათანადოდ შეაფასებენ და ამჯერად უკვე კანდიდატის სტატუსსაც მოგვანიჭებენ.

ნონა ქარქაშაძე

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება