სახელმწიფო მინისტრმა გენერალური მდივნის თანაშემწეს მადლობა გადაუხადა გაერო-ს მიერ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის და ხაზი გაუსვა გაერო-ს როლს მშვიდობის მშენებლობის პროცესში.
თეა ახვლედიანმა მიმოიხილა სახელმწიფო მინისტრის აპარატის პრიორიტეტები, მიზნები და ამოცანები, როგორც შერიგებისა და ჩართულობის, ისე სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის პოლიტიკის მიმართულებით.
შეხვედრაზე სახელმწიფო მინისტრმა ისაუბრა შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის განხორციელების პროცესში მიღწეულ პროგრესსა და სამომავლო ხედვებზე, რაც კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებასა და ხელოვნურად გაყოფილ საზოგადოებას შორის საერთო ინტერესებზე დაფუძნებული დიალოგისა და ნდობის აღდგენის გაღრმავებას ისახავს მიზნად. ამასთან, მოკლედ მიმოიხილა საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული 2021-2030წწ. სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიის პრიორიტეტები, მიზნები და ამოცანები.
თეა ახვლედიანმა ხაზი გაუსვა სახელმწიფო მინისტრის აპარატსა და გაერო-ს განვითარების სააგენტოს (UNDP) შორის მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას.
გაერო-ს გენერალური მდივნის თანაშემწემ მხარდაჭერა გამოხატა სახელმწიფო მინისტრის აპარატის საქმიანობის მიმართ და სამომავლო თანამშრომლობისთვის სრული მზადყოფნა გამოთქვა.