fbpx

შეერთებული შტატები აფასებს საქართველოს, როგორც ძლიერ სტრატეგიულ პარტნიორს-ლოიდ ოსტინი

ჯუანშერ ბურჭულაძემ და ლოიდ ოსტინმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს
საქართველოში ოფიციალური ვიზიტით აშშ-ის თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი იმყოფება.
თავდაცვის სამინისტროში გამართული ორმხრივი შეხვედრის დასრულების შემდეგ
საქართველოსა და აშშ-ის თავდაცვის უწყებების ხელმძღვანელებმა მედიის
წარმომადგენლებისთვის ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.
ჯუანშერ ბურჭულაძემ ლოიდ ოსტინს საქართველოში ჩამოსვლისთვის მადლობა გადაუხადა და
აღნიშნა, რომ მისი ვიზიტი ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და მისი
შემდგომი გაძლიერების ნათელი და მტკიცე დასტურია. თავის მხრივ, ამერიკელმა კოლეგამ
საქართველოს თავდაცვის მინისტრს თბილი დახვედრისთვის მადლობა გადაუხადა და
განაცხადა: „მინდოდა, დღეს აქ პირადად ვყოფილიყავი, რადგან შეერთებული შტატები აფასებს
საქართველოს, როგორც ძლიერ სტრატეგიულ პარტნიორს. ხოლო ჩვენი მხარდაჭერა
საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ურყევია“.
პრესკონფერენციაზე აღინიშნა, რომ კოლეგებს შორის ძალიან მნიშვნელოვანი და ნაყოფიერი
შეხვედრა შედგა, სადაც მხარეებმა უსაფრთხოების ზოგადი გარემო და არსებული გამოწვევები
განიხილეს. როგორც საქართველოს თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, მყარი პარტნიორობა ხელს
უწყობს როგორც ქვეყნის სტაბილურ განვითარებას, ისე რეგიონში მშვიდობისა და
სტაბილურობის შენარჩუნებას. „ურთიერთნდობაზე დაფუძნებული ჩვენი სტრატეგიული
თანამშრომლობა არასოდეს ყოფილა ისეთი მტკიცე და მრავალმხრივი, როგორიც არის ახლა“, –
განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.
განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და აშშ-ის
თავდაცვის დეპარტამენტს შორის ხელმოწერილი შეთანხმების მნიშვნელობაზე, რომელიც
საქართველოს თავდაცვისა და შეკავების შესაძლებლობების გაძლიერებას ისახავს მიზნად.
„ინიციატივა ჩვენს ქვეყნებს შორის უსაფრთხოების სფეროში ორმხრივ თანამშრომლობას ახალ
ეტაპზე გადაიყვანს. ჩვენ ვავითარებთ საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამას
თავდაცვის სექტორში მუდმივი ინსტიტუციური რეფორმებით, შესაძლებლობების
გაძლიერებით და იმ შესაძლებლობებით, რომელსაც ეფექტიანი შეკავება და თავდაცვა
მოითხოვს და ნატოსთან ურთიერთთავსებადობის ამაღლებით. საქართველოს თავდაცვის
სამინისტროსა და საქართველოს თავდაცვის ძალების მოდერნიზებითა და განვითარებით, ეს
ინიციატივა განავითარებს საერთო უსაფრთხოების ინტერესებსა და გააძლიერებს ჩვენს
პარტნიორობას“, – განაცხადა ლოიდ ოსტინმა პრესკონფერენციაზე.
აქცენტი გაკეთდა საერთაშორისო მისიებში თავდაცვის ძალების მრავალწლიანი კონტრიბუციის
შედეგად მიღებულ გამოცდილებაზე, ნდობასა და პატივისცემაზე, რომელიც ქართველ და
ამერიკელ სამხედროებს წლების მანძილზე მსოფლიო უსაფრთხოებისთვის მხარდამხარ
ბრძოლის შედეგად ჩამოუყალიბდათ. ლოიდ ოსტინმა საქართველოს თავდაცვის ძალებსა და
ქართველ ხალხს მათი აშშ-სა და ნატოს მიმართ ავღანეთში ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა
გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველოს მიერ შეტანილი წვლილი ავღანეთის მისიაში

განუზომელია. „ჩვენი ერთობლივი მისია ავღანეთში არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის
სიმტკიცის დემონსტრირება“, – განაცხადა პენტაგონის ხელმძღვანელმა.
მხარეების განცხადებით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო შეიარაღებისა და აღჭურვილობის
მოდერნიზაციის საკითხებს, ნატო-საქართველოს თანამშრომლობის მნიშვნელობას, აშშ-
საქართველოს მრავალეროვნულ სწავლებებსა და შავი ზღვის უსაფრთხოების კონცეფციის
პრაქტიკული იმპლემენტაციის პერსპექტივებს.
თავდაცვის მინისტრმა საქართველოს სახელით მადლობა გადაუხადა აშშ-ის მთავრობას, იმ
უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული, წარმატებული და მზარდი თანამშრომლობისთვის, რაც
საქართველოს, როგორც ალიანსის მომავალი წევრის თავდაცვისუნარიანობის ამაღლებასა და
ქვეყნის მდგრადობის განმტკიცებას ემსახურება.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება