საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, თენგიზ შარმანაშვილი, ეხმიანება ნანა ჟორჟოლიანის განცხადებას, რომელშიც ის საპროცესო შეთანხმებით გათავისუფლებულ ოპოზიციონერებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ აღიარებული ბრალი მხოლოდ ციხის დატოვებისთვის არის და რეალურად, ეს პირები თავს დამნაშავედ არ თვლიან.
შარმანაშვილის თქმით, ეს განცხადება თანამებრძოლების “კეთილდღეობაზე” ფიქრის მორიგი ნიმუშია, ვინაიდან, ჟორჟოლიანის განცხადება იურიდიულ ენაზე ნიშნავს, რომ პროკურორები და მოსამართლეები, საპროცესო შეთანხმების გაფორმებამდე უნდა დაფიქრდნენ, რადგან პატიმრები თვალთმაქცობენ და რეალურად, ბრალს არ აღიარებენ.
“ის მარტო არ არის ამ ნარატივში. იურიდიულ ენაზე ეს რას ნიშნავს იცით ? ნიშნავს, პროკურორებო, მოსამართლეებო, არ დაიჯეროთ, რომ ესენი დანაშაულს გულწრფელად აღიარებენ, თვალთმაქცობენ და დაფიქრდით, სანამ საპროცესო შეთანხმებაზე გადაწყვეტილებას მიიღებთ. მამაშვილობის საოცარი ნიმუშები ვნახეთ, დადგა დრო თანამებრძოლების კეთილდღეობაზე ფიქრის ნიმუშების წარმოჩენისა. არ დაიწყონ ახლა თავგანწირვაზე და პრინციპულობაზე საუბარი, უადგილო იქნება,” – წერს თენგიზ შარმანაშვილი.