fbpx

შალვა პაპუაშვილი მოსამართლეების სანქცირებაზე: პარტნიორები ასე არ იქცევიან, ჩვენი ჯარისკაცები ამერიკელი ჯარისკაცების მხარდამხარ იბრძოდნენ ერაყსა თუ ავღანეთში – ჩვენმა ხალხმა საერთაშორისო მშვიდობის უზრუნველყოფისთვის სისხლი გაიღო

საქართველოს მოქალაქეებზე, ქართველ მოსამართლეებზე პიროვნული შეტევა და მათზე, კორუმპირებული მოსამართლეების იარლიყების მიწებება არის აბსოლუტურად მიუღებელი – პარტნიორები ასე არ იქცევიან. საქართველო არის აშშ-ის ხანგრძლივი სტრატეგიული პარტნიორი: ჩვენი ჯარისკაცები ამერიკელ ჯარისკაცებთან ერთად, მხრდამხარ, სხვადასხვა ცხელ წერტილში იბრძოდნენ, იქნებოდა ეს ერაყი თუ ავღანეთი. ჩვენმა ხალხმა გაიღო სისხლი ამერიკელ და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, იმისთვის, რომ საერთასორისო მშვიდობა უზრუნველყოფილი ყოფილიყო, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა აშშ-ის ელჩთან, კელი დეგნანთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, საქართველო 30-წლიანი პარტნიორობის მანძილზე, აშშ-ის მხარდამჭერია. სტრატეგიულ პარტნიორთან ქართული მხარის თანადგომა იმაშიც გამოვლინდა, რომ ავღანეთში, სწორედ საქართველო იყო შტატების შემდეგ ყველაზე დიდი კონტრიბუტორი ერთ სულ მოსახლეზე გადათვლით.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, ელჩთან შეხვედრაზე მან იმედგაცრუება გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ მოსამართლეებისთვის სანქციების დაწესება მტკიცებულებების წარმოდგენის გარეშე მოხდა.

„ამ პარტნიორობას ჩვენ 30 წელი პატიოსნად ვატარებთ და ყოვლთვის, სადაც საჭიროა ჩვენი თანადგომა და პარტნიორობა, ჩვენ ამას ვიჩენთ, მათ შორის, იმით, რომ ავღანეთში საქართველო იყო ამერიკის შემდეგ ყველაზე დიდი კონტრიბუტორი, ერთ სულ მოსახლეზე გადათვლით. მათ შორის იმითაც, რომ როცა უკან იხევდა ალიანსის ძალები, საქართველომ, უმოკლეს ვადებში, ლოჯისტიკურად მოაწესრიგა ავღანეთიდან ალიანსის ძალების უკან დახევა და ამან უზრუნველყო ის, რომ პროცესი მთლიანად ორგანიზებული ყოფილიყო. ამ გადმოსახედიდან და ამ პარტნიორობის გათვალისწინებით, რომელსაც საქართველო აჩვენებს აშშ-ს, რა თქმა უნდა, ეს ნაბიჯი არ არის ის, როგორც იქცევიან პარტნიორები. როდესაც ხდება ჩვენი მოქალაქეებისთვის – მოსამართლეებისთვის იარლიყების მიწებება, რომ ისინი არიან კორუმპირებულები, ამავე დროს იმ კონტექსტში, რომ არ ხდება არანაირი მტკიცებულების წარმოდგენა და ხდება მითითება რაღაც საჯარო წყაროებზე და რა არის ამ საჯაროში სპეციფიკური წყარო, ვერავინ ვერ გაიგო – მე ამასთან დაკავშირებით ჩემი იმედგაცრუება გამოვთქვი. ეს არის ცუდ დროს მიღებული ცუდი გადაწყვეტილება.“ – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება