fbpx

ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის გარანტი ჩვენი თავდაცვის ძალებია-პრეზიდენტი

დღეს უჩვეულო 26 მაისია, საზოგადოებას არ ეძლევა საშუალება, თავდაცვის ძალებთან ერთად, სრულფასოვანი მონაწილეობა მიიღოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნაში, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ვაზიანის სამხედრო ბაზაზე, საქართველოს დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისივე თქმით, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის გარანტი, საქართველოს თავდაცვის ძალებია და მათთან ერთად შეკრული და ძლიერი საზოგადოება.

“გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს. დღეს უჩვეულო 26 მაისია, საზოგადოებას არ ეძლევა საშუალება, თავდაცვის ძალებთან ერთად, სრულფასოვანი მონაწილეობა მიიღოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნაში. ეს გამოწვეულია იმ განსაკუთრებული კრიზისული მდგომარეობით, რომელშიც ჯერკიდევ ვიმყოფებით. ამ ვითარების მიუხედავად, ჩვენი აქ მოსვლით და თავდაცვის ძალებთან დგომით გამოვხატავთ ამ დღის მნიშვნელობას საქართველოსთვის. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის გარანტი ჩვენი თავდაცვის ძალებია და მათთან ერთად შეკრული და ძლიერი საზოგადოება. დღევანდელი ურთულესი კრიზისის დროს, ჩვენმა ქვეყანამ მსოფლიოს მისცა გამძლეობისა და წარმატების მაგალითი. ეს უდავოდ ჩვენი ყველას გამარჯვებაა. მაგრამ უნდა ვიცოდეთ რომ ომი არ დასრულებულა და ამ უხილავ მტერთან ბრძოლაში ყოფნას ვაგრძელებთ. როცა მიღწეულ წარმატებებზე ვმსჯელობთ, ყველაზე ნათლად ჩანს თუ რა როლი ითამაშა მასში პროფესიონალიზმა. ერთი მხრივ მთავრობამ, დროულად და ეფექტიანად აამოქმედა მართვის ყველა ბერკეტი, მეორე მხრივ ეპიდემიოლოგებმა და მედიკოსებმა სწორად დასახეს დაავადებასთან ბრძოლის სტრატეგია. ჩვენმა ჯარისკაცებმა ყველგან, სადაც საჭირო იყო, მაღალ დონეზე შეასრულეს დაკისრებული მოვალება და რაც მთავარია, საზოგადოებამ გამოავლინა თავისი სიმწიფე და ქვეყნის და მოყვასის სიყვარული. სწორედ პროფესიონალიზმა განაპირობა საზოგადოების მხრიდან ნდობის გამოცხადება და ეს გახდა პირველი წარმატების საფუძველიც” – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება