ყახაზეთში გადადგა მთავრობა პრემიერ-მინისტრ ასკარ მამინის ხელმძღვანელობით. მთავრობის გადადგომა მიიღო პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომარტ ტოყაევმა. პრემიერ-მინისტრის მოვალეობას დროებით შეასრულებს პირველი ვიცე-პრემიერი ალიხან სმაილოვი. გადამდგარი მინისტრები მოვალეობის შემსრულებლად დარჩებიან მთავრობის ახალი შემადგენლობის დამტკიცებამდე.
ყაზახეთის მინისტრთა კაბინეტის გადადგომას წინ უძღოდა გათხევადებული ბუნებრივი გაზის გაძვირების გამო ქვეყნის დასავლეთში მდებარე მანგისტაუს ოლქიდან 2 იანვარს დაწყებული მასობრივი საპროტესტო აქციები, რომლებმაც სხვა რეგიონებიც მოიცვა.

საწვავი, რომელსაც ავტომფლობელების უდიდესი ნაწილი იყენებს, 1 იანვრიდან ორჯერ გაძვირდა და ერთი ლიტრის ფასი 120 ტენგე(28 ამერიკული ცენტი) გახდა. 4 იანვარს ყაზახეთის მთავრობა დათანხმდა ფასის ზედა ზღვრად 50 ტენგეს დადგენას. თუმცა, როგორც რადიო თავისუფლების ყაზახური სამსახური იუწყებოდა, საპროტესტო აქციების მონაწილეებს უკვე ჰქონდათ პოლიტიკური მოთხოვნები, მათ შორის მთავრობის გადადგომა.