fbpx

ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი ქალაქში განხორციელებული  ინფრასტრუქტურული პროექტების მონახულებას აგრძელებს

ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი ქალაქში განხორციელებული  ინფრასტრუქტურული პროექტების მონახულებას აგრძელებს. მელიქიშვილის, 26 მაისის და ჯავახიშვილის ქუჩებზე  მიმდინარე სამუშაოებს ქალაქის მერი  საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელიასთან  და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროს ბექა ყურაშვილთან ერთად გაეცნო.
„ვცდილობთ, მაქსიმალურად მოვიცვათ ქალაქის ყველა უბანი. პრიორიტეტები მოსახლეობასთან ერთად შევარჩიეთ- ზოგან გზის საფარის მოწესრიგება იყო მთავარი, სხვაგან  სანიაღვრეების, ტროტუარების თუ საყრდენი კედლების მოწყობა.  დღეს 3 სხვადასხვა უბანში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები მოვინახულეთ, რომელთა ჯამური ღირებულება 1 მილიონ ლარზე მეტია.“- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

მელიქიშვილის ქუჩის საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია  მოიცავს საგზაო სამოსის სრულად განახლებას, ტროტუარების და  სანიაღვრე სისტემის მოწესრიგებას.  სამუშაოებს ასრულებს შპს „პალადა“, გზის რეაბილიტაციისთვის 511 298 ლარია განსაზღვრული და დეკემბერში დასრულდება.

26 მაისის ქუჩაზე  ტროტუარების რეაბილიტაცია  მიმდინარეობს. ტროტუარების  დეკორატიული ფილებით საფარის  განახლება  390 556 ლარი დაჯდება,  შპს „ჯორჯიან სტოუნმა“ სამუშაო დეკემბერში უნდა დაასრულოს.

ჯავახიშვილის ქუჩიდან ოღასკურას ეკლესიამდე მისასვლელი გზა მონოლითური ბეტონით დაიფარება, აქვე მოეწყობა საყრდენი კედელი.  გზის აღნიშნულ მონაკვეთზე შპს „კავკასენერგო“ მუშაობს.  სამუშაოების ღირებულებაა 147 410 ლარი და  ოქტომბრის ბოლოს დასრულებული იქნება.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება