fbpx

ქართველებმა ისევ და ისევ ვერ ვისწავლეთ საკუთრი თავის მოვლა და საკუთარი ჭკუითა და გონებით სახელმწიფოს შენება!

ანალიტიკოსი და “იქნიუსის” დამფუძვნებელი მირიან ყარაულაშვილი ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ სიტუაციას აფასებს და სოციალურ ქსელში წერს:

სამართლიანობისთვის უნდა ვაღიარო, რომ პ/გ “ქართულმა ოცნებამ” 2012 წლის 1 ოქტომბრიდან დღემდე ბევრი შესაძლებლობა გაუშვა ხელიდან უფრო სწრაფი ტემპებით განვითარებისა და პოლიტიკური ველის დაწმენდისათვის; უპირველესად ვგულისხმობ დამნაშავე რეჟიმის არ გასამართლებას და ხელისუფლებაში ყოფნის პირველ წლებში ნაცრეჟიმის უცხოელი ლობისტებისგან შტორმული შეტევების ნების დაყოლას და ბევრი გაუმართლებელი ლმობიერი გადაწყვეტილების მიღებას მათი ლიდერების მიმართ.

შემდეგ ეტაპებზე არც შინაურმა მოღალატეებმა და შადიმანებმა დაკლეს ხელი და შედეგად მივიღეთ ის, რომ იმ ხელისუფლების წარმომადგენლები, რომელთა მოქმედებითაც ათასობით და ათიათასობით ოჯახი (ჩემი ოჯახის ჩათვლით) გაუბედურდა, დღეს ბედავენ “გამოღმა შემოდავებას”!

ამასაც გადავიტანთ აუცილებლად და ქვეყანა დადგება განვითარების ერთადერთ სწორ და ჭეშმარიტ ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და ევროპული ღირებულებების სრულად გაზიარების გზაზე. ეს გზა კი სანუკვარ მიზნამდე აუცილებლად მიგვიყვანს, უნდა ეს ვინმეს თუ არა.

საწყენი მხოლოდ ისაა, რომ ქართველებმა ისევ და ისევ ვერ ვისწავლეთ საკუთრი თავის მოვლა და საკუთარი ჭკუითა და გონებით სახელმწიფოს შენება!

აბა, სხვას რას უნდა მივაწეროთ ის ფაქტი, რომ სხვა ქვეყნის თუნდაც პრეზიდენტი და მისი ამალის საეჭვო ღირებულებების მატარებელი წევრები ქართველ ხალხს საკუთარი ხელისუფლების საწინააღმდეგოდ განაწყობენ და მის წინააღმდეგ ბრძოლას მოუწოდებენ!!!

სამწუხაროდ, ვერ ან არ ვაცნობიერებთ უმეტესობა იმ ისტორიულ ფაქტებს, როდესაც ქართველი ჭეშმარიტი ეროვნული ლიდერების ნაცვლად უფლება მივეცით თავის დროზე ვინმე ძერჟინსკებს, კაუცკებს, ტროცკებს, კიროვებს, ორჯონიკიძეებს, სტალინებსა და მახარაძეებს საქართველოს შინაურ საქმეებში ჩარევისა და ამის შედეგად სახლმწიფოებრიობის ნიშან-თვისებების დაკარგვისა!

ამ მოვლენებიდან ასი წლის თავზე საზოგადოების ნაწილი ისევ სხვა ქვეყნის ლიდერებს – ვინმე არახამიებს, ზელენსკებს, არესტოვიჩებს, ბონდარენკოებსა და მათ ამალას შეჰყურებს ხბოს აღტაცებით და მათგან იღებს შესაძლო მოქმედების რეცეპტებსა და საგზაო რუკებს!!!

საზოგადოების იმავე ნაწილს ან არა აქვს გაცნობიერებული, ანდა სულაც მერკანტილური ქვენაგრძნობებით შეპყრობილნი უარყოფენ ჭეშმარიტ ეროვნულ ღირებულებებს და დედაქალაქის ცენტრალურ გამზირზე ტაშს უკრავენ იმ ადამიანებს, რომლებიც მათ მიმართავენ ქვეყნის რეალური ოკუპანტის ენაზე, ისინიც კი, ვისაც სამწუხაროდ ქართული ჟღერადობის გვარსახელი და გენეალოგია შემორჩენიათ- ბედის უკუღმართობისა გამო!!!

უკვე ბევრის ნახვა მოვასწარი ამ ცოდვილ მიწაზე არსებობის განმავლობაში და თუ უფალი ინებეს, კიდევ ბევრს ვნახავ, და დარწმუნებული ვარ ერის ჯანსაღი ნაწილი იპოვის ერში განივთებულ სულიერ და ფიზიკურ სინერგიას და შესაბამის პასუხს გასცემს არამკითხე მოამბეებს. ტყუილად ეძებენ პანტა-მაჟალოს უცხო ქვეყნების უღრან ტყეებში , საკუთარ ბაღებში თურაშაულის პატრონები. არ განხორციელდება ის შეთქმულება, რომელიც საქართველოს მიმართ ფსევდო-პოლიტიკანების ერთ ხროვას საქართველოს ჭეშმარიტ ღირებულებებზე თვალდადგმულ უცხო ქვეყნის მოქალაქეებთან ერთად დაუგეგმავთ და მის განხორციელებას ესწრაფვიან.

მივალთ აუცილებლად მიზნამდე!

-წერს მირიან ყარაულაშვილი

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება