fbpx

ქალაქ ბოლნისში საძმო სასაფლაოს მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

2021 წელს, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს
სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის
ძალისხმევით, 1992-1993 წლებში აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად
დაღუპული ბოლნისელი მებრძოლის, ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენის
მფლობელი სამხედროს, ლევან მემანიშვილის ნეშტის იდენტიფიცირება გახდა
შესაძლებელი. დაღუპული მეომრის ოჯახის სურვილის შესაბამისად, ლევან
მემანიშვილის ნეშტი მის მშობლიურ ქალაქ ბოლნისში, სამხედრო პატივით
დაიკრძალა.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებით, იმ ადგილას, სადაც ლევან
მემანიშვილია დაკრძალული, ძმათა სასაფლაოს მოწყობა მიმდინარეობს. სამუშაოებს
ადგილზე ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი დოხტურიშვილი და
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი გაეცნო. პროექტი
ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 222 500 ლარს
შეადგენს.
აღსანიშნავია, რომ ძმათა სასაფლაოზე ასევე მემორიალის მოწყობაც იგეგმება.
მემორიალის პროექტი კონკურსის წესით შეირჩევა.
“ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული ბოლნისელი გმირების
პატივის მისაგებად ძმათა სასაფლაოსა და მემორიალის მოწყობა უკვე დაიწყო. აქ უკვე
დაკრძალულია აფხაზეთის კონფლიქტის შედეგად დაღუპული მეომარი ლევან
მემანიშვილი, რომლის იდენტიფიცირებაც 2021 წელს გახდა შესაძლებელი. ჩვენთვის
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამშობლოსთვის თავდადებული გმირების
უკვდავყოფა და ეს პროექტი სწორედ ამ მიზანს ემსახურება”, – განაცხადა ბოლნისის
მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება