fbpx

ფრიდონ ინჯია: ომის დაწყებით პერსონალურად იყო დაინტერესებული ჯონ მაკკეინი, რომელმაც 2008 წლის საპრეზიდენტო კამპანია სწორედ რუსეთ-საქართველოს ომის თემაზე ააგო

„ევროპელი სოციალისტების“ ლიდერი ფრიდონ ინჯია აცხადებს, რომ 2008 წლის ომისთვის საფუძვლიანად მომზადება სააკაშვილის რეჟიმმა 2007 წლიდან დაიწყო, თუ ადრე არა და ომის დაწყებით პერსონალურად იყო დაინტერესებული სენატორი ჯონ მაკკეინი.

„ჩემი ბრიფინგის მიზეზი გახდა ბოლო დღეებში, საპარლამენტო უმრავლესობის და პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერების განცხადებები 2008 წლის ომთან დაკავშირებით. თუმცა, აშკარაა, რომ როგორც „ქართული ოცნების“, ისე „ხალხის ძალის“ ლიდერები ღიად მაინც ვერ ამბობენ იმ სიმართლეს, რომელიც საქართველოში ყველამ იცის, მაგრამ რომლის თქმასაც საჯაროდ ვერავინ ბედავს. ამას დაემატა „ხალხის ძალის“ მიერ შემოტანილი ორი კანონპროექტი. გაუგებარია ერთი და იგივე საკითხზე ორი სრულიად განსხვავებული კანონის შემოტანა. ეს კიდევ ცალკე განხილვის საგანია.

დღეს მინდა შეგახსენოთ, რომ 2008 წლის ომისთვის საფუძვლიანად მომზადება სააკაშვილის რეჟიმმა 2007 წლიდან დაიწყო, თუ ადრე არა; ნაციონალებმა კოდორის ხეობას დაარქვეს ზემო აფხაზეთი; 2008 წლამდე, ომის დაწყებამდე ყველა სტრატეგიული ობიექტი გაასხვისეს ჩალის ფასად. თუმცა, მყიდველებმა მათი შეძენისთვის დიდი ფინანსური ხარჯი გაიღეს. აღადგინეს სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საზღვრები; ომის დაწყებას წინ უსწრებდა პროვოკაციული სროლები სამაჩაბლოში, რის შემდეგაც სააკაშვილმა ქართული სამშვიდობო ბატალიონის მეთაურს კონსტიტუციური წესრიგის აღდგენა დააანონსებინა მის მიერ კონტროლირებადი ტელევიზიების მეშვეობით.

ამ ყველაფრის ლოგიკური კულმინაცია იყო 2008 წლის 7 აგვისტოს ღამით სააკაშვილის ბრძანებით, არტილერიის მიერ ცხინვალის დაბომბვა, რითაც რუსეთ-საქართველოს ომი დაიწყო.

შეგახსენებთ, რომ იმავე წელს „ნაციონალებმა“ ხელი მოაწერეს ევროსაბჭოს რეზოლუციას, რომლითაც მათ სააკაშვილის მიერ ომის დაწყება აღიარეს. ხოლო შედეგად, რუსეთს ჩვენი ორი ისტორიული რეგიონის ოკუპაცია გაუფორმეს.

მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ სტრასბურგისა და ჰააგის სასამართლოებში საქმეები მოიგო, ამ თემაზე გაჩუმების მიზეზი აღარ არსებობს. ისმის კითხვა – რატომ არიან ჩუმად, გაუგებარია.

ჩვენს მიერ საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებებიდან, გავიდა ნახევარ თვეზე მეტი, მაგრამ უმრავლესობას არც კი განუხილავს, არც უმსჯელია ამ საკითხზე. ერთადერთი ხალხის ძალამ, საზოგადოების სახით გამოხატა დადებითი დამოკიდებულება ამ საკითხთან მიმართებაში.

გაუგებარია, რატომ უნდა დავაფაროთ და ვაფარებთ ხელს სააკაშვილის რეჟიმს მის მთავარ დანაშაულზე, რომელიც მან ქართული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის წინაშე ჩაიდინა. მე არ მაინტერესებს იმ 4 საქმიდან არც ერთი, ჩემთვის უმნიშვნელოვანესია საქართველოს ტერიტორიების დაკარგვა და ამ მიმართულებით კი, არაფერი არ კეთდება. ხოლო ის 4 საქმე რომელზეც ნაწილი დამთავრებულია და მისჯილი აქვს, გამოდის, რომ სააკაშვილის ძირითად დანაშაული იჩქმალება.

ყველამ ვიცით, რომ სააკაშვილი ყველა ნაბიჯს ამერიკელებს უთანხმებდა და მათ გარეშე ვერცერთ ზემოთ ნახსენებ ქმედებას ვერ დაგეგმავდა და განახორციელებდა. განსაკუთრებით ეს შეიძლება ითქვას ბუშის 2005 წლის ვიზიტის შემდეგ საქართველოში.

ამერიკელებმა კარგად იცოდნენ, რომ სააკაშვილის მიერ ცხინვალის დაბომბვას, პუტინი პასუხს გასცემდა, რაც საბოლოოდ რუსეთსაც და ევროპასაც სერიოზულ დაპირისპირებას მოუტანდა, 2008 წლის ომმა პირველად გააჩინა ბზარი ევროპასა და რუსეთს შორის, როგორც ეს ეხლა გრძელდება უკრაინის ომიდან გამომდინარე. ამერიკამ მაშინ ჩვენ და ეხლა კი მთელი ევროპა და უკრაინა გაწირა.

ასევე, ცნობილია, რომ ომის დაწყებით პერსონალურად იყო დაინტერესებული ჯონ მაკკეინი, რომელმაც 2008 წლის საპრეზიდენტო კამპანია სწორედ რუსეთ-საქართველოს ომის თემაზე ააგო.

ამ ევროატლანტიკური შეთქმულების შედეგად გაიწირა ჩვენი ორი ისტორიული კუთხე – აფხაზეთი და სამაჩაბლო, დაიღუპა ასეულობით ქართველი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე და საკუთარ სამშობლოში დევნილად იქცა 30 ათასი ადამიანი.

ის, რაც სააკაშვილმა და მისმა უცხოელმა მფარველებმა 2007-2008 წლებში გააკეთეს, სხვა არაფერია, თუ არა სამშობლოს ღალატი. ამ ფონზე, გასაკვირი არაა, თუ რატომ ამოიღო სააკაშვილის რეჟიმმა 2007 წელს სისხლის სამართლის კოდექსიდან სამშობლოს ღალატისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ შეთქმულების მუხლები. სრულიად ცხადია, რომ მათ დააზღვიეს სამომავლო დანაშაულები, რომლებიც ქვეყნის წინააღმდეგ ქონდათ ჩასადენი. უფრო მეტი, სააკაშვილმა შეგნებულად დატოვა საქართველოს მოქალაქეობა, რის აუცილებლობა იმ პერიოდში უკრაინის პრაქტიკიდან გამომდინარე, არ არსებობდა.

ჩვენ გავაგრძელებთ ხელმოწერების შეგროვებას, რათა პროკურატურამ გამოიძიოს 2008 წლის ომთან დაკავშირებით სააკაშვილის რეჟიმის მიერ ჩადენილი დანაშაულები და პარლამენტშიც შეიქმნას შესაბამისი საგამოძიებო კომისია. ადამიანებს, რომლებიც დღესაც საქართველოს ომში გახვევას ცდილობენ, 2008 წლის უმძიმესი დანაშაული, არავითარ შემთხვევაში არ უნდა შერჩეთ“, – აცხადებს ინჯია.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება