fbpx

ფრანგი ექიმები კატეგორიულად ითხოვდნენ გვეჩივლა ანზორ მელიას კლინიკისთვის -ნათია პაპიძე

ნათია პაპიძე სოციალურ ქსელში წერს-

7 ნოემბერია და დღეს მოვიცალე იმ ამბის მოსაყოლად, 2007 წლის 7 ნოემბერს რომ დაიწყო ჩვენი ოჯახისთვის და დღემდე გრძელდება. ვეცდები მშრალად მოვყვე- ის, რაც გამოვიარეთ, თუ შეიძლება მშრალად მოჰყვე ის ამბავი, რაც წლების განმავლობაში ოჯახის ყველა წევრს თვალებს გვისველებდა და გვისველებს. ვეცდები, თქვენ დაგაცადოთ დასკვნის გაკეთება.

მოკლედ, შვიდ ნოემბერს , როცა ხალხი დაარბიეს – ჩემ 17 წლის ძმას გულმა აღარ მოუთმინა სახლში დარჩენაზე და რუსთაველზე გავარდა. იქ რაც მოხდა, ყველას კარგად გვახსოვს. საკუთარი ხალხის დარბევა, ცემა, მომწამვლელი გაზი.. რატის სახეში მოხვდა გაზის კაფსულა. სასწრაფო დახმარების მანქანამდე ძლივს მიაღწია და ექიმების წყალობით როდისროდის შესძლო თავისუფლად ამოსუნთქვა. შეიძლება, ვინმემ იფიქროთ, არაუშავს, ახალგაზრდა ბიჭია და ერთი კაფსულა მომწამვლელი გაზი რას დააკლებდაო?! მაგრამ, რატი ჩვეულებრივი 17 წლის მოზარდი არ გახლდათ. რატის კარდიომიოპათია აქვს. გულის პათოლოგია.. და როგორც კი ტელევიზიით მოვისმინეთ მოწოდება, რომ გულ- სისხლძარღვთა დაავადებების მქონე მომიტინგეებს მოწამვლის შემთხვევაში აუცილებლად მიემართათ თავიანთი კარდიოლოგებისთვის- რატიც გავაქანეთ გამოკვლევებზე.

მდგომარეობა საშინლად გართულებული დაგვხვდა. პარკუჭის ძგიდის სისქე, რომელიც ისედაც მეტი ჰქონდა, ვიდრე ნორმაა – ერთი ოთხად მომატებული აღმოჩნდა. ექიმებიც გაოცებული უყურებდნენ ამ მონაცემებს. არასდროს ენახათ ასეთ ზომამდე გართულებები.ამასობაში მამაც გარდაგვეცვალა. ექიმი მამა, რომელიც ჯანმრთელობის საკითხებში ყველაზე დიდი იმედი გვყავდა სახლში. სასოწარკვეთამდე მივედით. პრაქტიკულად, იმ აზრს გვაგუებდნენ ექიმები, რომ გულის გადანერგვის გარდა სხვა გამოსავალი არ იყო და შეიძლება, არც ეგ ყოფილიყო გამოსავალი.

კლინიკიდან კლინიკაში, ექიმიდან ექიმამდე ვიარეთ ასე, სანამ ამერიკელ კარდიო-ქირურგებამდე არ მივიდა რატის ამბავი და წარმოიდგინეთ ჩვენი სიხარული, როდესაც გვითხრეს, რომ გადაწყვიტეს, რატისთვის კარდიო- სტიმულატორი ეჩუქებინათ სრულიად უსასყიდლოდ და ასევე, სრულიად უსასყიდლოდ გაუკეთებდნენ ოპერაციას და ჩაუდგამდნენ ამ ნაჩუქარ კარდიო-სტიმულატორს თუკი შევძლებდით შესაბამისი აღჭურვილობის მქონე საოპრაციოს მოძიებას საქართველოში. დაიწყო ისევ კლინიკიდან კლინიკაში, ექიმიდან ექიმთან სიარული. და ბედის ირონიით, ის ერთადერთი კლინიკა, ვისაც საჭიროდ აღჭურვილი საოპერაციო აღმოაჩნდა – იყო ანზორ მელიას კლინიკა “გული”.მივედით ანზორ მელიასთან. ავუხსენით სიტუაცია და ვთხოვეთ, დაეთმო საოპერაციო ამერიკელი ქირურგებისთვის მათგანვე ნაჩუქარი კარდიო-სტიმულატორის ჩასადგმელად.პასუხი :- ჩემ საოპერაციოში ვიღაც უცხოებს არ შევუშვებ. მეც მყავს ექიმები და ისინი ჩდგამენ და 3000 დაგიჯდებათო. სხვა გზა არ გვქონდა, ამერიკელებისთვისაც უნდა აგვეხსნა, თქვენი საჩუქარი კი გვჭირდება და მოგვეცით, მარა, უცხოები ხართ და ოპერაციას ვერ გაგაკეთებინებთ უფასოდ, ესენი არ არიან უცხოები და ამათ გადავუხდით ფულს და გააკეთებენ-თქო. მოკლედ, საშინელი უხერხულობა, რომელიც უნდა გადაგველახა რატის სიცოცხლის გადასარჩენად. გაკეთდა ოპერაცია. ჩაუდგეს მელიას კლინიკაში ამერიკელების ნაჩუქარი კარდიო-სტიმულატორი და ძალიან მალე აღმოჩნდა, რომ არასწორად! ელექტრო მუხტი მაქსიმუმზე ჰქონდათ დაყენებული და როცა, ირთვებოდა – თითქოს ნაღმი უფეთქდებოდა გულში. ორი მეტრით უკან მოისვრიდა ხოლმე ამხელა ბიჭს და შედეგი დადგა ის, რომ გაუჩნდა მუდმივი სიკვდილის შიში, ვერ იძინებდა ისე, თუ ვიღაც მაინც არ ვეჯექით თავთან. რამდენი ნათენები ღამე გამოვიარეთ, ვინ მოთვლის.მივიყვანეთ ისევ მელიასთან. ბედად, გერმანიიდან, თუ ავსტრიიდან იყვნენ ჩამოსული სპეციალისტები და გაფართოებული თვალებით ცდილობდნენ ქართველი კოლეგების მიერ დაშვებული შეცდომების გასწორებას აპარატზე პროგრამულად.

გავიდა რამდენიმე თვე და რატის ჭრილობამ პირი გაიხსნა. დაეწყო სიცხეები. დაჩირქდა ნაოპერაციები და ისევ კლინიკაში მიყვანა გახდა საჭირო. ისევ ოპერაცია დაჩირქებისა და ინფექციის გამო გულიდან ახლა უკვე აპარატის ამოსაღებად. იმ აპარატის, რომელიც საჩუქარი იყო, რომელიც შეიძლებოდა ამერიკელ სპეციალისტებს სწორად ჩაედგათ და სამიათასის გამო -მელიას კლინიკაში ჩაუდგეს არასწორად. ოპერაცია – უნარკოზოდ!!! 17 წლის ბიჭი ხედავდა ყველაფერს – რასაც ოპერაციის დროს უკეთებდნენ. ეჯაჯგურებოდნენ აპარატს გულიდან ამოსაგლეჯად. ეჯაჯგურნენ , ეჯაჯგურნენ… და ვერ ამოგლიჯეს. ხოლო, სპირალის ფორმის დეტალი, რომელიც ჯაჯგურისას ისარივით გასწორდა – უბრალოდ გადაჭრეს, ჭრილობა შეკერეს და ასე გამოუშეს სახლში. ხო, რაც მთავარია, თავიანთი გაფუჭებული საქმის გამოსასწორებლად მისულებს, მართალია, ვერ დაგვეხმარნენ, მაგრამ, ფულის მოთხოვნა კლინიკის ანგარიშზე ჩასარიცხად არ დავიწყებიათ. რა თქმა უნდა, გადაგვახდევინეს.

მივხვდით, რომ სხვა გზა არ იყო, გარდა საზღვარგარეთ წაყვანისა და კეთილი ადამიანების ხელშეწყობით გავემგზავრეთ ჯერ მიუნხენში, სადაც იმაზე რთული სიტუაცია აჩვენა გამოკვლევებმა, ვიდრე გვეგონა და ვიდრე ჩვენი ფინანსური შესაძლებლობები გაწვდებოდა და ამის შემდეგ, კი იძულებითი ლტოლვილობა საფრანგეთის ქალაქ სტრასბურგში. იმ ოთხ წელს, რაც რატიმ იქ სრულიად მარტომ გაატარა, იმ თვეებს, რომლებიც სრულიად მარტომ დაჰყო სტრასბურგის კლინიკებში და იმ რამდენიმე ოპერაციას, რომელიც მარტომ გამოიარა -ვერ აღვწერ. სრული, განუზომელი და შეუნელებელი ტკივილი დედისთვის, დებისთვის, ოჯახისთვის და თავად რატისთვის -მითუმეტეს. ერთ-ერთი ოპერაცია გაგრძელდა 7 საათამდე. ეს ოპერაცია დასჭირდა არასწორად ჩადგმული აპარატის ამოღებას გულიდან. შვიდი საათი იბრძოდნენ ფრანგი ექიმები აპარატის ამოღებაზე, იმიტომ, რომ აპარატს აღარ ჰქონდა ის სპირალული ფორმის დეტალი – რომელზეც ხელი უნდა მოეკიდებინა ქირურგს და დატრიალებით, ნელ-ნელა ამოეხრახნა უკან. მელიას კლინიკაში ეს დეტალი გადაჭრეს და ფრანგი ექიმები ვეღარანაირად ვერ ახერხებდნენ ხელის მოკიდებას! ის-ის იყო, ქირურგები დანებებას აპირებდნენ, მთლიანად გულის ამოღებას და დონორის გამოჩენამდე რატის ხელოვნური გულის აპარატზე მიერთებას უგონო მდგომარეობაში, რომ მათთვის აუხსნელი სასწაული მოხდა და აპარატი დაემორჩილა. ამოუსუფთავეს მთელი გულ-მკერდის და მუცლის ღრუები ჩაგროვილი ჩირქისგან და ოპერაციის ბოლოს ტიროდნენ თურმე სიხარულისგან, როგორც თვითმხილველი მოგვიყვა. მე კი ვიცი რა სასწაულიც მოხდა, დედიკოს საქართველოდან ლოცვამ და ცრემლებმა მოახდინა ის სასწაული ბოლო თხუთმეტ წუთში. მთავარი: ფრანგი ექიმები დარწმუნებულები იყვნენ, რომ რატის მოკვლა შეგნებულად უნდოდათ. იმდენად ყველაფერი არასწორად ჰქონდათ გაკეთებული და დეტალებიც მოჭრილი, უფრო სწორად, ის ჰქონდათ გაკეთებული – რის გაკეთებაც,პირიქით, არ შეიძლებოდა, ვერაფრით იჯერებდნენ იმ ვერსიას, რომ უბრალოდ უცოდინრობით მოუვიდათ ქართველ კოლეგებს (სამწუხაროა.) დარწმუნებულები, იყვნენ, რომ რატი შეგნებულად ჰყავდათ განწირული სიკვდილისთვის.

და ბოლოს, რატისგან და მისი ოჯახისგან კატეგორიულად ითხოვდნენ სასწრაფოდ ეჩივლათ კლინიკისთვის ლიცენზიების ჩამოსართმევად! და თუ ჩვენ არ გავაკეთებდით ამას, გააკეთებდნენ თვითონ ისინი საფრანგეთიდან. მთელი ამ ხნის განმავლობაში -არცერთი ზარი, არცერთი მოკითხვა რატის მდგომარეობის გასაგებად ანზორ მელიას კლინიკიდან და პირქით, როცა მოგვიხდა შეხვედრა და ამ ფაქტის აღნიშვნა, მხოლოდ ცინიზმი, ირონია და დაცინვა მივიღეთ. ანზორ მელიას პროფესია ავალდებულებს კაცთმოყვარე იყოს. უყვარდეს პაციენტები და უფრთხილდებოდეს მათ, მაგრამ, მისი პროფესიის მიუხედავადაც კი თავის ბუნებას ვერ ერევა, თავის ნამდვილ სახეს -ექიმის ხალათიც ვერ უფარავს და სულ არ მიკვირს იმ დროს, როცა ჩემი გულით ავადმყოფი ძმის გადარჩენას სასწრაფოს ექიმები ცდილობდნენ – მისი გაზრდილი შვილი ქართველ ხალხს რომ ურტყამდა გამეტებით და დღესაც სიძულვილი რომ უჩანს თვალებში.

ვრცელი სტატუსი გამომივიდა, მაგრამ, მიახლოებითაც ვერ გადმოსცემს რა გამოვიარეთ და კიდევ რა გზებს გავდივართ დღესაც. ასე, რომ სანამ ნაც.მოძის და ნიკანორ და ანზორ მელიების ქებას დაიწყებთ ჩემთან – შუბლის ძარღვი შეიმოწმეთ მინიმუმ და გახსოვდეთ, რომ „ნაც.მოძმა ერთ შვიდ ნოემბერს რაღაც მიტინგი დაარბია – დღემდე ნუ იძახით“- ფრაზებით, უფრო კარგად მახსენებთ, რომ ეგ „ერთი დღე“ ჩემი ოჯახისთვის მეცამეტე წელია გრძელდება, იმიტომ რომ რატის დღესაც კარდიო-სტიმულატორი უდგას და რამდენიმე წელიწადში მისი შეცვლა აუცილებელია! ანუ, კიდევ ახლიდან მოგვიწევს ყველაფრის გავლა.P.S ნაცების მიმართ ჩემი არსიყვარული კიდე, მხოლოდ რატის ისტორიის გამო არ მომხდარა, თუმცა, ეს ერთი ისტორიაც საკმარისზე მეტია,წესით.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება