fbpx

ფესტივალზე „ევროპალია-საქართველო“ ფოთის სახელმწიფო თეატრმა სპექტაკლი „ნიკო ფიროსმანი“ წარმოადგინა 

 საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით ბელგიასა და მის მეზობელ ქვეყნებში საქართველოს კულტურისადმი მიძღვნილი ფესტივალი „ევროპალია – საქართველო“ წარმატებით გრძელდება, რომლის ფარგლებში ჰოლანდიაში ვალერიან გუნიას სახელობის ფოთის პროფესიულმა სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა ელენე მაცხონაშვილის სპექტაკლი „ნიკო ფიროსმანი“ წარმოადგინა. სპექტაკლი, რომელიც დიდი მხატვრის, ნიკო ფიროსმანის, გარდაცვალების მე-100 წლისთავს მიეძღვნა, ჰააგის სამეფო კონსერვატორიის, Amare-ის, დარბაზში 21 ოქტომბერს ორჯერ გაიმართა. ერთმოქმედებიან თოჯინურ სპექტაკლში გაცოცხლდა ნიკო ფიროსმანის ტრაგიკული ცხოვრება. აუდიტორიას მხატვრის ბიოგრაფიისა და შემოქმედების შესახებ სამმა თოჯინამ და ოთხმა მსახიობმა მოუთხრო მინიმალური ტექსტის, მუსიკისა და ფიროსმანის ნახატების ილუსტრაციების გამოყენებით. საგულისხმოა, რომ თოჯინები, რომლებიც სპექტაკლისთვის შეიქმნა, ახლებურია და მათი გამომსახველობითი შესაძლებლობები მაქსიმალურად უახლოვდება ადამიანის შესაძლებლობებს. სპექტაკლის მიზანი, თოჯინური თეატრალური ხელოვნების განვითარებასთან ერთად, არის ფიროსმანისა და ქართული კულტურის პოპულარიზაცია. შეგახსენებთ: საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით ბელგია მასპინძლობს კულტურის საერთაშორისო ფესტივალ „ევროპალიას“, რომელშიც საქართველო სტუმარი ქვეყნის სტატუსით წელს პირველად მონაწილეობს. „ევროპალია-საქართველოს“ ეგიდით 4 ოქტომბრიდან 2024 წლის თებერვლის ჩათვლით ბელგიასა და მის მოსაზღვრე ქვეყნებში მასშტაბური და მრავალფეროვანი ღონისძიებები გაიმართება. ფესტივალი უნიკალური შესაძლებლობაა ევროპის პოლიტიკურ ცენტრში საქართველოს ისტორიისა და კულტურის წარმოსაჩენად, განსაკუთრებით – წლის ბოლოს საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მოლოდინის ფონზე. კულტურის საერთაშორისო ფესტივალი „ევროპალია“ ორ წელიწადში ერთხელ იმართება და მოიცავს კულტურულ და შემოქმედებით ღონისძიებებს, მულტიდისციპლინურ და მულტინაციონალურ პროექტებს, რომლებიც სტუმარი ქვეყნების კულტურულ მემკვიდრეობას, ტრადიციულ და თანამედროვე ხელოვნებას წარმოაჩენს. ფესტივალის სტუმრებს ოთხი თვის განმავლობაში შესაძლებლობა ექნებათ, გაეცნონ საქართველოს მდიდარ და მრავალფეროვან კულტურულ მემკვიდრეობას. „ევროპალია-საქართველოს“ ფარგლებში 60-ამდე ღონისძიება ჩატარდება ბელგიაში, ჰოლანდიასა და საფრანგეთში. ევროპის საზოგადოება დაესწრება ეროვნული საგანძურის ორ მასშტაბურ და ისტორიული მნიშვნელობის გამოფენას, თანამედროვე ქართველი არტისტების პერსონალურ გამოფენებს, მულტიდისციპლინურ პერფორმანსებს, ტრადიციული, პროფესიული და თანამედროვე ელექტრონული მუსიკის კონცერტებს, თეატრალურ წარმოდგენებს, ლიტერატურულ შეხვედრებსა და ქართული კინოს რეტროსპექტივას. ფესტივალის ორი მთავარი, ქვეყნისათვის უპრეცედენტოდ მასშტაბური, გამოფენაა „ავანგარდი საქართველოში – 1900-1936“ და „საქართველო – შეხვედრების ადგილი“. პირველი გამოფენა – „ავანგარდი საქართველოში – 1900-1936“ – ევროპაში პირველად იმართება და ის 4 ოქტომბერს გაიხსნა ბრიუსელის ნატიფი ხელოვნების ცენტრში (BOZAR). „ევროპალიაზე“ წარდგება სამეფო უბნის თეატრი და ქართული ნაციონალური ბალეტი „სუხიშვილები“. საფესტივალო პროგრამა ასევე მოიცავს ქართველი და ევროპელი ხელოვანების ერთობლივ პროექტებს. 2023 წლის „ევროპალია-საქართველოს“ საფესტივალო პროგრამა იხილეთ ბმულზე: https://europalia.eu/en/europalia-georgia/europalia-georgia-programme სპექტაკლის შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://europalia.eu/en/europalia-georgia/events/poti-valerian-gunia-professional-state-theatre-pirosmani

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება