fbpx

უღმერთო ცხოვრება შეუძლებელია – რწმენაზე დამყარებული არსებობა ის მთავარი ფასეულობაა, რითაც ჩვენმა წინაპრებმა და წმინდანებმა ჩვენი ქვეყანა აქამდე მოიტანეს

„ღმერთი, სამშობლო, ოჯახი, ურთიერთპატივისცემა, მოყვასის სიყვარული, ტოლერანტობა, ჩვენი წინაპრების და ტრადიციების პატივისცემა – ეს ის მთავარი ფასეულობები და ღირებულებებია, რითაც ყოველთვის ვამაყობდით. ისეთი შთაბეჭდილება მექმნება, რომ ეს განძი, რომელიც თითქოს სადღაც მუზეუმში გვქონდა შენახული, დადგა დრო, რომ ავამოქმედოთ. რითაც ვამაყობთ, რითაც ვცხოვრობთ, ყოველდღიურ ცხოვრებაში უფრო მძაფრად უნდა შემოვიტანოთ და საზოგადოების რეაქციას დავინახავთ“, – ამის შესახებ „ქრონიკაში“ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.

მან პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლა შეაფასა ბუდაპეშტში, კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების ყოველწლიურ კონფერენციაზე (CPAC) და აღნიშნა, რომ ყველა მოქალაქე უნდა ამაყობდეს იმ ღირებულებებით, რასაც პრემიერმა ხაზი გაუსვა.

„მადლიერებას გამოვხატავ ჩვენი პრემიერის მიმართ ასეთი ემოციური გამოსვლისთვის.

აქ მნიშვნელოვანი და ხაზგასასმელი იყო ის, რომ ეს იყო ორგანული, შიგნიდან წამოსული ემოცია, რითაც ჩვენ ვამაყობთ, ვარსებობთ და რითიც აქამდე მოვიდა ჩვენი ქვეყანა.

ვფიქრობ, ჩვენი ყველა მოქალაქე ამაყი უნდა იყოს იმით, რასაც ხაზი გაუსვა პრემიერმა, რადგან ეს არის ჩვენი სავიზიტო ბარათი, რაც შეგვიძლია სხვა ქვეყნებში გავიტანოთ.

შინაგანი განწყობა იგრძნობოდა პრემიერის გამოსვლაში იმიტომ, რომ ეხებოდა ყველა ღირსეული მოქალაქეს, წინაპრებიდან მოყოლებული, რითაც ვამაყობთ. იმ ადამიანებთან, რომლებიც დაპირისპირებაში არიან არსებულ ხელისუფლებასთან და თავზე გვახვევენ გარედან შემოტანილ თემებს, ამ საკითხებზე მსჯელობა შეუძლებელია. მაგალითად, ამ კონფერენციაზე ყველაზე ნაკლები რაც ისმოდა, რუსეთთან დაკავშირებული საკითხი იყო. ჩვენი მოწინააღმდეგეები ნებისმიერ საკითხზე, რომელსაც ვეხებით, გვეუბნებიან, რომ ამით რუსეთის საქმეს ვაკეთებთ. თუ ადამიანს ჯანსაღი პროტესტი გაგიჩნდა რაიმეს მიმართ, ე.ი. მტრული სახელმწიფოს წარმომადგენელი ხარ. გვინდა, რომ ეს დავამთავროთ ჩვენს ქვეყანაში.
ამ კონფერენციაზე თავად უნგრეთის პრემიერმა მოუწონა გამოსვლა ჩვენს პრემიერს და თქვა, შეგვიძლია მაგალითი ავიღოთ საქართველოსგან, ამ პატარა ქვეყნისგანო. ეს ნიშნავს იმას, რომ ადამიანები, რომლებიც გულწრფელები არიან, ფიქრობენ, რომ რაც ეხება მათ ტრადიციებს, ოჯახებს, სამშობლოს, მათ არსებობას, მათ ღირებულებებს, ამაზე უნდა იზრუნონ. შეგვიძლია ვიკამათოთ, მაგრამ გვინდა, რომ ნებისმიერ თემაზე მსჯელობა ჯანსაღ გარემოში წარიმართოს. ეს არის ჩვენი მოტივი, მაგრამ გარედან ორმაგი სტანდარტი მოდის, რაზეც ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს, ფაქტებზე დაყრდნობით ხშირად მივუთითებთ.

ვხედავთ სხვადასხვა ქვეყანაში არსებულ მდგომარეობასა და ადამიანურ გამოძახილს. უღმერთო ცხოვრება შეუძლებელია, ეს ის მთავარი ფასეულობაა, რწმენაზე დამყარებული არსებობა, რითაც ჩვენმა წინაპრებმა და წმინდანებმა ჩვენი ქვეყანა აქამდე მოიტანეს. ფაქტია, რომ ჩვენ ამ ღირებულებებზე ვდგავართ. რა თქმა უნდა, ასევე, მზად ვართ სიახლეებისთვის და გამორიცხულია, რომ ეს ასე არ იყოს, მაგრამ თემები, რომლებიც არაორგანულია ჩვენთვის და ხელოვნურად ხდება რაღაც იდეოლოგიების შემოტანა, თითქოს თავისუფლების სახელით, მიუღებელია. გვაკლია ჯანსაღი რეაგირება და ჯანსაღი მსჯელობა ამ საკითხებზე. რა თქმა უნდა, შეგვიძლია ყველა სიახლეს თამამად შევხვდეთ და განვიხილოთ, რა არის ჩვენთვის მისაღები, რა არის – მიუღებელი. ამაზე უნდა ვისაუბროთ, ვინმეს კარნახით კი არ უნდა ხდებოდეს რაიმე ცვლილებებზე საუბარი“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება