fbpx

უნდა გამოყენებულიყო 1938 წელს დაბეჭდილი 200 000-იანი ტოპოგრაფიული რუკა – თენგიზ გორდეზიანი.

კარტოგრაფი და თსუ-ს ასოცირებული პროფესორი, თენგიზ გორდეზიანი, რომელმაც დავით გარეჯის საქმეზე სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა მოამზადა, „პრაიმტაიმთან“ საუბრობს, რომ საზღვრის დემარკაცია-დელიმიტაციის პროცესში 1:200 000 მასშტაბის რუკა უნდა გამოეყენებინათ.

პროფესორი განმარტავს, რომ 1:200 000 მასშტაბის რუკა, ზედმიწევნით სიზუსტით ასახავს რეალობას. მისივე თქმით, 1938 წლის რუკაზე საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარი ზუსტად ისე არის გატარებული, როგორც სინამდვილეშია – „ისტორიული ტერიტორიები იმ არეალში, დავით გარეჯის მონაკვეთში შემოდის საქართველოს შემადგენლობაში, არა მხოლოდ კომპლექსი და თხემი მთლიანად, არამედ მიმდებარე ტერიტორიაც“

„ძალიან მგრძნობიარე და სენსიტიურია სახელმწიფო საზღვრის თემა. საბჭოთა კავშირის არსებობის დროს, საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში შემავალი რესპუბლიკების საზღვრები არ იყო ესეთი საინტერესო და აქტუალური, რადგან ერთიანი სახელმწიფოს შემადგენლობაში შემავალი სუბიექტები იყვნენ.

საბჭოთა კავშირი დაშლის შემდეგ 1991 წლიდან უკვე დადგა დღის წესრიგში საზღვრების მოწესრიგების, დელიმიტაცია-დემარკაციის პრობლემა. საქართველომაც სხვა ყოფილი რესპუბლიკების მსგავსად მოხდა ამ პრობლემის მოგვარება და შეიქმნა საქართველოს საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის სახელმწიფო კომისია, ახლა ამ კომისიას სამთავრობო კომისია ჰქვია.

წინა კომისიის შემადგენლობაში მუშაობდნენ საკმაოდ მაღალპროფესიონალი სპეციალისტები, როგორც კარტოგრაფები ასევე ისტორიკოსები, თავდაცვის სამინისტროს და ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლები.

შეთანხმების დროს იქ გამოიყენეს 1:500 000 მასშტაბის რუკა. არსებობს ასეთი რუსული სიტყვა „სინუშკა“, რაც ქართულად ნიშნავს ლურჯს სინჯს, რისი გამოყენებაც რასაკვირველია არ არის სასურველი და მით უმეტეს, ისეთი ნაკლებად დეტალური მასშტაბისა როგორიც არის 1:500 000-თან, იმდენად რამდენადაც ამ მასშტაბში, რუკაზე გადაზომილს 1სმ შეესაბამება 5 კილომეტრი ადგილზე, თვითონ სასაზღვრო ზოლი არის 4 მეტრი შიგნით, 4 მეტრი გარეთ. ე.ი მაქსიმუმ 40-50 მეტრი, ამიტომ რასაკვირველია ასეთი მასშტაბი ვერ აიტანს ასეთ სიზუსტეს.

ამიტომაც, აუცილებელია სასაზღვრო ზოლში მუშაობის და მით უმეტეს საზღვრის დადგენის დროს ვისარგებლოთ ისეთი რუკებით, როგორც არის 1:200 000 მასშტაბის და 1:50 000 მასშტაბის რუკები. იმდენად რამდენადაც ეს ორი მასშტაბი ითვლება სამხედრო მასშტაბებად.

მაშინ, როდესაც ეს შეთანხმება შედგა, გამოიყენეს 500 000 ლურჯი სინჯი, თანაც ერთი პლანშეტიადა ამ რუკას არ აქვს სხვა ატრიბუტიკა, როგორც სრულფასოვან რუკას უნდა ჰქონდეს. იქ არ არის მაგალითად იზოჰიქსები, რომლებიც გაჩვენებს აბსოლუტურ სრულ სიმაღლეებს, არ არის ტოპოგეოდეზიური პუნქტები“, – აცხადებს თენგიზ გორდეზიანი.

გორდეზიანი ამბობს, რომ საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისია საკმაოდ კომპეტენტური პირებისგან იყო დაკომპლექტებული, თუმცა ნაცვლად მსხვილმასშტაბიანი რუკისა გამოიყენეს ნაკლებად დეტალური მასშტაბის მეორე ხარისხოვანი რუკა.

„რატომ მოხდა ამ რუკების გამოყენება, ვერ გეტყვით, მე კომპეტენტური ვერ ვიქნები, გეუბნებით როგორც პროფესიონალი კარტოგრაფი, თუ რა უნდა გამოიყენონ და რატომ.

არ არის გამორიცხული, რომ ხელთ არ ჰქონდათ ეს 200 000-იანი რუკა ან შესაძლოა ჰქონდათ და ფიზიკური მდგომარეობა არ ჰქონდა რუკას კარგი. ესეც შეიძლება. თავს ვერ დავდებ, რომ ამ პასუხში მე კომპეტენტური ვარ. ყოველ შემთხვევაში ვამბობ და ნებისმიერი პროფესიონალი იტყვის, რომ საზღვრის დადგენის და მით უმეტეს დელიმიტაცია-დემარკაციის დროს აუცილებლად უნდა გამოიყენონ ტოპოგრაფიული რუკის პლანშეტები, ცალკეული პლანშეტები და არა ერთიანი რუკა.

200 000 რუკა დაბეჭდილი არის 1938 წელს, აგეგმვა ჩატარებულია 1936-1937 წლებში. რაც იმას ნიშნავს, რომ ეს რუკა ზუსტად ასახავს 1936 წლის საბჭოთა კავშირის კონსტიტუციის მიერ დადგენილ საზღვრებს.

ამ რუკაზე საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარი ზუსტად ისე არის გატარებული, სინამდვილეში როგორც უნდა იყოს. ე.ი ისტორიული ტერიტორიები საქართველოსი იმ არეალში დავით გარეჯის მონაკვეთში შემოდის საქართველოს შემადგენლობაში, არა კომპლექსი მთლიანად და თხემი, არამედ მიმდებარე ტერიტორიაც. 

ფაქტობრივად რუკის მიხედვით არაფერი სადაო არ არის. ამიტომაც ასეთ დროს ისეთი რუკა უნდა გამოიყენონ, რომელიც სადავოს არ ხდის ობიექტს და მით უმეტეს საზღვრის ხაზს. თუ ჩვენ ვიყენებთ წვრილმაშტაბიან რუკას, იქ შეიძლება პრობლემები შეგვექმნას და ჩემი აზრით ამიტომ შეიქმნა ეს პრობლემაც.

ჩვენ რომ დავაბრალოთ ამ კომისიას, რომ მიზანმიმართულად გამოიყენეს, ამასაც ვერ ვიტყვით გადაჭრით. მე დღეს გავიგე, რომ ივერი მელაშვილი დააკავეს. მე მას პირადად არ ვიცნობ, მაგრამ იგი არის პროფესიონალი ტოპოგრაფი, ვერ დავდებ თავს, რომ მან სპეციალურად დაუშვა ეს შეცდომა. შეგნებულად რატომ გააკეთებდა ქართველი კაცი ამას.

თუ მათ გამოიყენეს ტოპოგრაფიული რუკები 70-90 წლების და იქ მე მივაქციე ყურადღება, რომ 100 000 ტოპოგრაფიული რუკებია გამოყენებული, რასაკვირველია არ არის სწორი. რადგან კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ უნდა გამოყენებულიყო 1938 წელს დაბეჭდილი 200 000-იანი ტოპოგრაფიული რუკა, რომელიც ზუსტად ასახავს აზერბაიჯან-საქართველოს საზღვარს მაგ მონაკვეთზე“, – ამბობს თენგიზ გორდეზიანი.

გაუზიარე!

Shares