fbpx

ტრამპის ადმინისტრაციის წევრი კაპიტოლიუმზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს

ტრამპის ადმინისტრაციის წევრი კაპიტოლიუმზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ „ამერიკის ხმის“ ქართული რედაქცია ავრცელებს.

გამოძიების ფედერალური ბიუროს ინფორმაციით, დაკავებულია პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ სახელმწიფო დეპარტამენტში დანიშნული თანამდებობის ერთ-ერთი პირი ფედერიკო კლეინი. გამოძიება 6 იანვარს კაპიტოლიუმზე თავდასხმასთან დაკავშირებულ მოვლენებში მისი როლისა და მონაწილეობის თაობაზეა აღძრული.

მათივე ინფორმაციით, 42 წლის კლეინი ფედერალურმა აგენტებმა ვირჯინიაში დააკავეს. გამოძიების ფედერალური ბიურო მის წინააღმდეგ წაყენებული ბრალისა და მისი კონკრეტული მოქმედებების შესახებ დეტალებს ჯერჯერობით არ ასაჯაროებს. არც ისაა ცნობილი, უკვე იცავს თუ არა მის ინტერესებს ადვოკატი.

„ფედერალურ საჯარო მოხელეთა რეესტრში კლეინი შარშანდელი მონაცემებით იძებნება, როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის დასავლეთ ნახევარსფეროს საკითხების ბიუროს სპეციალური თანაშემწე. ის ამ პოზიციაზე, რომელიც ერთ-ერთ პოლიტიკურ თანამდებობად ითვლება, 2017 წლიდან პრეზიდენტ ტრამპის წარდგენით მუშაობდა. გამოცემა “პოლიტიკოს” ცნობით, კლეინი 2016 წელს ტრამპის საპრეზიდენტო კამპანიისთვისაც მუშაობდა. სწორედ “პოლიტიკომ” გაავრცელა თავდაპირველად მისი დაკავების შესახებ ინფორმაცია.

ფედერიკო კლეინი ტრამპის ადმინისტრაციის პირველი წევრია, რომლის წინააღმდეგაც 6 იანვრის მოვლენებთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღიძრა და ამის შესახებ საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა.

გამოცემა “ვაშინგტონ პოსტი” წერს, რომ FBI-ის ცნობებით, კლეინი 6 იანვარს ჯერაც სახელმწიფო დეპარტამენტის თანამშრომელი იყო, როდესაც ვაშინგტონში კაპიტოლიუმზე თავდასხმაში მიიღო მონაწილეობა და დონალდ ტრამპის სხვა მხარდამჭერებთან ერთად პოლიციის კორდონის წევრებს სავარაუდოდ ფიზიკურადაც დაუპირისპირდა. მის წინააღმდეგ აღძრული საქმის თანახმად, ის პოლიციელისგან მოპარულ ფარს იყენებდა იმისთვის, რომ სხვა ოფიცრებს დაპირისპირებოდა, შემდეგ კი კაპიტოლიუმში შეეღწია“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება