fbpx

ტიტულოვანი მოჭიდავე ადამიანის გატაცებისთვის და ჯგუფური ძალადობისთვის დააკავეს

გვიან ღამით, შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარისა და გურიის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ხუთი ადამიანი დააკავეს.

ირკვევა, რომ დაკავებულთა შორის არის ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონი და ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის მედლის პრიზიორი იური ლომაძე. მასთან ერთად დაკავებულია მისი ძმაც, ფეხბურთელი ლუკა ლომაძე.

დანაშაულის ოფიციალური მოტივი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა სავარაუდოდ შურისძიება სახელდება.

გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულებმა 1988 წელს დაბადებულ ნ.ძ.-ს ქალაქ ბათუმში, შურისძიების მოტივით, თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს, კერძოდ, ძალის გამოყენებით ჩასვეს მ.ბ.-ს მართვის ქვეშ მყოფ ავტომობილში, წაიყვანეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოხვაურში, ერთ-ერთი მოქალაქის საცხოვრებელ სახლში, სადაც ფიზიკურად გაუსწორდნენ.

„წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ჯგუფური ძალადობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს,“ – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

დანაშაული 2-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გაუზიარე!

Shares