fbpx

ტვ პირველის” დამფუძნებლის დედის ნანული ხუნდაძისთვის ბათუმის მერიისგან ქირისთვის გამოყოფილი თანხა „ტვ პირველის’’ კორესპონდენტის ნატო გოგელიას დედას ერიცხება, ამ თანხით კი ნატო გოგელია ბინას ქირაობს

ტვ პირველის” დამფუძნებლის დედის ნანული ხუნდაძისთვის ბათუმის მერიისგან ქირისთვის გამოყოფილი თანხა „ტვ პირველის’’ კორესპონდენტის ნატო გოგელიას დედას ერიცხება, ამ თანხით კი ნატო გოგელია ბინას ქირაობს – ამის შესახებ ნათქვამია POSTV-ის სიუჟეტში.
სიუჟეტის თანახმად, ფაქტის დამალვის მიზნით, თანხა ერიცხება არა უშუალოდ ნატო გოგელიას, არამედ მის დედას, მაია შეწირულს. ეს ყველაფერი კი ხორციელდება ტვ პირველის დამფუძნებლის დედის, ნანული ხუნდაძის მიერ გაცემული მინდობილობის საფუძველზე.
POSTV ბათუმში იმ ბინის მეპატრონესაც გაესაუბრა, სადაც ნატო გოგელიას ბინა ქირით აქვს აღებული და ჰკითხა, უხდიდა თუ არა ჟურნალისტი მას ყოველთვიურად თანხას? ბინის მეპატრონე ნინო ფაღავა ადასტურებს, რომ ბინა მიქირავებული აქვს ნატო გოგელიასთვის და მას 6 თვის ქირა არ გადაუხდია.
„ვადასტურებ, მე ვთხოვე, ვის ბინაშიც შენ იყავი და ვინც მე თანხას მირიცხავს, იმ ქალბატონის ნომერს ვთხოვ, ის თურქეთშიაო, ჩამოვაო ნომერი არ გჭირდებაო, მეუბნება. დღეს შევხედავ კიდევ როგორ იქნება და ალბათ გამოვუშვებ ბინიდან. მაინტერესებს როდის ერიცხება ამას თანხა, მაგრამ მერიამ რომ იცის, რომ ხუთი თვით უნდა იყოს? – ამბობს ნინო ფაღავა.
მისივე თქმით, ნატო გოგელია მერიას დებდა ბრალს, თითქოს ბათუმის მერია, თანხის ჩარიცხვას აგვიანებდა და გოგელიაც სწორედ 6 თვის განმავლობაში ამიტომ არ იხდიდა ბინის ქირას.
POSTV დაინტერესდა, ბათუმის მერია მართლა აგვიანებდა თუ არა თანხის ჩარიცხვას დაზარალებული მოქალაქეებისთვის, რაზეც მერიამ უპასუხა, რომ ყოველთვიურად, დაგვიანების გარეშე ურიცხავს თანხას 26 მაისის ქუჩაზე მდებარე # 13-ე საცხოვრებელი სახლების მესაკუთრეებს.
„2021 წლის ნოემბრის თვის ცალკეული პერიოდებიდან 2022 წლის 1 იანვრამდე ქალაქ ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, 2021 წლის 8 ოქტომბერს ჩამონგრეული საცხოვრებელი კორპუსი 13-დან ქირით გადაყვანილი იქნა 47 ოჯახი. ამ მიზნით ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ჯამში ქირით გადაყვანილ ოჯახებზე 2022 წლის 1 იანვრამდე გადახდილ იქნა 88 ათას ლარამდე და 2022 წლის ორი თვის – იანვარი-თებერვლის ქირა, ჯამში 93 ათას ლარამდე. ქირის თანხის ყოველთვიური ოდენობა განისაზღვრება ინდივიდუალურად, ცალკეული ქირავნობების ხელშეკრულებების მიხედვით, 600-დან 1200 ლარამდე. ქირის თანხის გადახდა ხდება ყოველთვიურად და რაიმე შეფერხება დღემდე არ დაფიქსირებულა“ – ნათქვამია ბათუმის მერიის პასუხში.
POSTV-მ კითხვით ნატო გოგელიასაც მიმართა – უქმნის თუ არა მას უხერხულობას, რომ ის ბათუმის მერიისგან იღებს თანხას, რომელიც გამოყოფილია ავარიული შენობის მაცხოვრებლებისთვის, რათა ისინი ქუჩაში არ დარჩნენ. ნატო გოგელია კითხვამ გააღიზიანა და უთხრა, რომ ვერც ერთ ქვითარს ვერ ნახავდნენ იმ ფაქტის დასადასტურებლად, რომ მას რაიმე თანხა ერიცხება.
„ბუნებრივია ტვ პირველს სრული უფლება აქვს, საკუთარ თანამშრომელს კომპანიის ბიუჯეტიდან უქირაოს ბინა, თუმცა აქვს თუ არა არხს სულ მცირე მორალური უფლება, საკუთარ თანამშრომელს გადაუხადოს თანხა, რომელიც გამოყოფილია ქალაქ ბათუმის მერიის ბიუჯეტიდან საცხოვრებელი სახლის ჩამონგრევის შედეგად, უსახლკაროდ დარჩენილი მოქალაქეებისთვის, რომელსაც იღებს არხის დამფუძნებლის დედა, ამ კითხვებზე პასუხი მაყურებლისთვის მიგვინდვია. ჩვენის მხრივ, ტვ პირველთან, მის დამფუძნებლებთან და მენეჯმენტთან კითხვები არ გვაქვს, მათი მორალური სახე ამ არხის ეკრანიდან ყოველდღიურად ჩანს“, – ნათქვამია სიუჟეტში.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება