fbpx

ტვ ,,იმედი,,არის კერძო კომპანია და თავად წყვეტს ვინ უნდა მიიწვიოს-,,იმედი,,გიორგი გახარიას პასუხობს

როგორც ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, „იმედი“ არის კერძო კომპანია, რომლის ერთ-ერთი მთავარი მიზანია, არ დაუშვას „ნაციონალური მოძრაობის“ რევანში საქართველოში. ამ მიზნის და საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში, ის თვითონ წყვეტს ვინ, როდის და რა ამპლუაში მოიწვიოს ტელეარხზე.

„გუშინ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ თავისი განცხადებით, კიდევ ერთხელ გააიგივა „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობა და მათ დროს არსებული მედიაგარემო ქართულ მედიასივრცეში დღეს არსებულ მოცემულობასთან. მეტიც, მან შეურაცხყოფა მიაყენა ჩვენს არხს და მის თანამშრომლებს, როცა ბრალი დაგვდო, თითქოს ჩვენ ვუმალავთ მაყურებელს რეალობას და ვდგამთ „მოდელირებულ ქრონიკებს“. ასეთი დემაგოგიური საუბარი იყო და არის „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერა და ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია.

2007 წლის 7 ნოემბერს, მაშინდელმა ხელისუფლებამ, მრავალი დამოუკიდებელი სახელმწიფო ორგანოს მონაწილეობით (პროკურატურა, სასამართლო, პოლიცია, და მრავალი სხვა) დაარბია ჩვენი არხი და შემდეგ მოახდინა მისი ექსპროპრიაცია. 2012 წლამდე „იმედს“, ისევე როგორც ქვეყანაში არსებულ ყველა მნიშვნელოვან მედიაორგანიზაციას, აკონტროლებდა „ნაციონალური მოძრაობა“ და მათ მიერ ხელდასხმული „მფლობელები“. ზუსტად იმ პერიოდს ეკუთვნის „მოდელირებული ქრონიკა“ და მახინჯი ჟურნალისტიკის სხვა მაგალითები „იმედზე“. ძალიან მნიშვნელოვანია ეს არავინ დაივიწყოს!

ჩვენს შეურაცხყოფასთან ერთად, ვნახეთ მოთხოვნა იმ გადაცემებში მონაწილეობის შესახებ, რომლებსაც ყოფილი პრემიერი „მოდელირებულ ქრონიკას“ უწოდებს. „იმედი“ არის საქართველოში ყველაზე მაღალრეიტინგული ტელეკომპანია, რომელიც საზოგადოების ყველაზე მაღალი ნდობით სარგებლობს. აღნიშნულის გათვალისწინებით, კვალიფიციური თუ არაკვალიფიციური საარჩევნო სუბიექტების სურვილი, საკუთარი თავი იხილონ ჩვენს ეთერში, სრულიად ბუნებრივია, თუმცა ჩვენი არხი ვერ იმოქმედებს „ნაციონალური მოძრაობისა“ და მათთან ღიად თუ ფარულად დაკავშირებული პოლიტიკოსების მოთხოვნების საფუძველზე.

ჩვენ ყოველთვის გვქონდა კითხვები იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ გადადგა თანამდებობიდან გიორგი გახარია და ამით მიეცა საშუალება „ნაციონალურ მოძრაობას“, მორიგი კრიზისი შეექმნა ქვეყანაში; თუ რატომ ემთხვევა მისი და „ნაციონალური მოძრაობის“ რიტორიკა რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით და ა.შ., მაგრამ მისმა ბოლო ნაბიჯმა, ყოველგვარი ეჭვი გაფანტა: მისივე განცხადებებით, ის მესამე პოლიტიკური ძალაა „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ შემდეგ.

ამისდა მიუხედავად, გადაწყვიტა ჩართულიყო მერობისთვის ბრძოლაში, სადაც ერთმა ადამიანმა უნდა გაიმარჯვოს. ამ ბრძოლაში ჩართვამდე თბილისის მერობისთვის იბრძოდნენ კახა კალაძე და ნიკანორ მელია – „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი. ყველა კვლევით, არჩევნებში დამაჯერებლად იმარჯვებს კახა კალაძე. ყოფილ პრემიერს კი, როგორც (მისივე თქმით) მესამე ძალას, გამარჯვების არანაირი შანსი არ აქვს და ეს თავადაც მშვენივრად იცის. ეს კი ნიშნავს, რომ მისი ჩართულობა მიმართულია მერობისთვის ბრძოლის არსებული ბალანსის დასარღვევად, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის სასარგებლოდ.

ახლა კი ყველაზე მთავარი – ტელეკომპანია „იმედი“ არის დამოუკიდებელი, კერძო კომპანია, რომლის ერთ-ერთი მთავარი მიზანია, არ დაუშვას „ნაციონალური მოძრაობის“ რევანში საქართველოში. ამ მიზნის და საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში, ის თვითონ წყვეტს ვინ, როდის და რა ამპლუაში მოიწვიოს ტელეარხზე“, – ნათქვამია ტელეკომპანია „იმედის“ განცხადებაში.

ინფორმაციისთვის, ექსპრემიერმა გიორგი გახარიამ ტელე იმედს მიმართა და საეთერო დრო მოითხოვა

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება