fbpx

სულ მალე საკრებულოს წარვუდგენ ჩვენს გუნდს, რომლის წევრების უმეტესობას თქვენ კარგად იცნობთ-კახა კალაძე

კახა კალაძე: თბილისის მთავრობას დღეიდან შეუჩერდა უფლებამოსილება, სულ მალე საკრებულოს წარვუდგენ ჩვენს გუნდს, რომლის წევრების უმეტესობას თქვენ კარგად იცნობთ, თუმცა მთავრობის შემადგენლობა ასევე იქნება განახლებული. ასე რომ, ახალი ვადით და სრული უფლებამოსილებით დედაქალაქის მთავრობა მალე ისევ ჩადგება თბილისის სამსახურში. მზად ვართ, 24-საათიანი შრომით შევასრულოთ ყველა დაპირება და ღირსეულად ვუპასუხოთ თბილისელების მიერ გამოცხადებულ უდიდეს ნდობას და მხარდაჭერას.მინდა მოგმართოთ თქვენ, ჩემო თბილისელებო – თქვენ, ვინც მხარს გვიჭერდით გასული ოთხი წლის განმავლობაში და მომავალი თბილისის ბედი ამჯერადაც გვანდეთ; თქვენც, ვინც განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების, თუ სხვა მიზეზის გამო, არ ხართ პირადად კახა კალაძის მხარდამჭერი, მაგრამ გულშემატკივრობთ თბილისს. ჩვენ ყველას გვაერთიანებს ამ ქალაქის სიყვარული. ქალაქის, სადაც მრავალფეროვნება, სხვადასხვა რწმენის, შეხედულების, გემოვნების მქონე ადამიანების თანაცხოვრება ქმნიდა მისი ცხოვრების რიტმს და აქცევდა თბილისს სრულიად უნიკალურ, გამორჩეულ ქალაქად. განსხვავებულის მიმღებლობა, სამწუხაროდ, დღეს ნამდვილად გვაკლია.მე, როგორც თბილისის მერი, გაძლევთ პირობას, ვიქნები ყველას მერი. არ დავიღლები იმის შეხსენებით, რომ თბილისი ჩვენი დიდი ოჯახია და ყველანი პასუხისმგებლები ვართ მის დღევანდელობასა და მის მომავალზე.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება