fbpx

სულხან-საბა ორბელიანის დაბადებიდან 366 წლისთავთან დაკავშირებით, სოფელ ტანძიაში სახალხო ფესტივალი „საბაობა 2024“ აღინიშნა

დიდი ქართველი მწერლის, მეცნიერისა და დიპლომატის, სულხან საბა ორბელიანის 366 წლისთავი აღინიშნა ტანძიაში.

ღონისძიების ფარგლებში, ბოლნელმა მთავარეპისკოპოსმა ეფრემმა წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიაში სულხან-საბა ორბელიანის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა. სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, დასწრებოდნენ ქართული საბრძოლო ხელოვნების სპექტაკლს, ასევე, კონცერტს ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფების მონაწილეობით. ფესტივალის ფარგლებში, აგრეთვე, მოეწყო ადგილობრივი ნაწარმისა და რეწვის ოსტატების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა.

აღსანიშნავია, რომ წელს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის, დავით შერაზადიშვილის, ინიციატივით, 2023-2024 სასწავლო წლის წარჩინებულ კურსდამთავრებულ მოსწავლეებს სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ, რომელიც ტრადიციად იქცევა. ბოლნისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის, ია სვანიძის, ინიციატივით, ასევე, დაჯილდოვდნენ მასწავლებლის ეროვნულ პრემიაზე წარდგენილი პედაგოგები.

ფესტივალი დახურა გორის ქალთა გუნდმა თეონა ცირამუას ხელმძღვანელობით.

„დღეს სოფელ ტანძიაში სახალხო ფესტივალი „საბაობა 2024“ მასშტაბურად აღინიშნა. სულხან-საბა ორბელიანი ერთ-ერთი გამორჩეული და ყველასთვის საამაყო ქართველი მოღვაწეა, რომელსაც უდიდესი ღვაწლი მიუძღვის ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრივ, სამწერლო და სამეცნიერო საქმიანობაში.
აღსანიშნავია, რომ წელს ,,საბაობა“ განსხვავებული ფორმატით, ფესტივალის სახით, აღინიშნა. სიახლე გვაქვს იმ კუთხითაც, რომ მიმდინარე წლიდან ფესტივალის განუყოფელ ნაწილად იქცევა წარჩინებული კურსდამთავრებული მოსწავლეების დაჯილდოების ცერემონია. დღეს სიმბოლური საჩუქრები გადავეცით მასწავლებლის ეროვნულ პრემიაზე წარდგენილ პედაგოგებს. ჩვენთვის მეტად საამაყოა, რომ მუნიციპალიტეტს ამდენი წარმატებული პედაგოგი და მოსწავლე ჰყავს.
მინდა, ყველას მოგილოცოთ დღევანდელი დღე. ვისურვებდი, რომ არასდროს დაგვვიწყებოდეს საბას ღვაწლი და ღირსეულად გაგვეგრძელებინოს მისი გზა“, – განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.

.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება