fbpx

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი კოკა კაციტაძე ევროპის საბჭოს პროექტის წარდგენაზე მისასალმებელი სიტყვით წარსდგა

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი კოკა კაციტაძე ევროპის საბჭოს პროექტის – ,,ადამიანის უფლებებზე ორიენტირებული მიდგომის გაძლიერება საქართველოს სამართალდამცავ უწყებებში“ წარდგენის ღონისძიებას დაესწრო დამისასალმებელი სიტყვით წარსდგა.

ღონისძიება საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა ნატალია ვუტოვამ გახსნა და მას ევროპის საბჭოს პოლიციისა და თავისუფლების აღკვეთის საკითხებზე თანამშრომლობის მე-2 განყოფილების ხელმძღვანელი დონჩე ბოშკოვსკი უძღვებოდა.

კოკა კაციტაძემ სიტყვით გამოსვლისას განსაკუთრებული ყურადღება ევროპის საბჭოს ოფისის დახმარებით განხორციელებულ პროექტებს დაუთმო და საგამოძიებო სამსახურის განვითარების პროცესში ევროპის საბჭოს როლზე ისაუბრა.

მისი თქმით, სამსახურის ამოქმედებიდან დღემდე, ევროპის საბჭოს ოფისი სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს განსაკუთრებულ მხარდაჭერას უწევს ისეთი ღონისძიებების განხორციელებაში, რომელიც ორიენტირებულია მსხვერპლთა უფლებების დაცვის დამატებითი გარანტიების შექმნაზე და გამჭვირვალე გამოძიების წარმოებაზე.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსმა  ყურადღება გაამახვილა  ევროპის საბჭოს მხარდაჭერით და საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით შემუშავებულ საგამოძიებო პოლიტიკის განმსაზღვრელ  სახელმძღვანელო დოკუმენტებზე. ასევე, ხაზი გაესვა სამსახურის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით გამართულ რეგიონალურ შეხვედრებს.

„ყველასთვის კარგად ცნობილია, რომ ევროპულმა კომისიამ საქართველოს წარმოუდგინა ჯერ 12 რეკომენდაცია, შემდგომ 9 პუნქტიანი რეკომენდაცია, სადაც ხაზგასმულია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის  ეფექტურობის გაძლიერების და   დამოუკიდებლობის აუცილებლობა.  თუ, დღეს სამსახურმა  აღნიშნული მიმართულებებით გარკვეულ წარმატებას მიაღწია, ამაში დიდი წვლილი ევროპის საბჭოს პროექტს მიუძღვის.“- განაცხადა კოკა კაციტაძემ სიტყვით გამოსვლისას.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსმა  საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის წარმომადგენლებს გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა და სამომავლოდ მჭიდრო თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა.

პროექტის წარდგენას სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილეები – გიორგი კვარაცხელია და ნათია სონღულაშვილი, სამსახურის წარმომადგენლები, სახალხო დამცველის აპარატის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ევროპის საბჭოს პროექტის მენეჯერი მიხაილო ისკრა და ევროპის საბჭოს თბილისის ოფისის პროექტის უფროსი ოფიცერი ეთერ ყამარაული ესწრებოდნენ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება