fbpx

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები ევროკავშირის პროექტის ფარგლებში გადამზადდნენ და სერტიფიკატები გადაეცათ

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ევროკავშირის პროექტის „უსაფრთხოების სექტორზე ზედამხედველობის მხარდაჭერა საქართველოში“ თანამშრომლობის ფარგლებში სამართლებრივი კომუნიკაციის შესახებ ტრენინგი 2 ეტაპად გაიარეს.

პროგრამის მონაწილეებს სიტყვით სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსმა კოკა კაციტაძემ და ევროკავშირის პროექტის გუნდის ხელმძღვანელმა იოჰან ჰომესმა მიმართეს, სასწავლო პროცესის წარმატებით დასრულება მიულოცეს და სერტიფიკატები გადასცეს. 

პრაქტიკულ სწავლებაზე აგებული მოდული მიზნად ისახავდა მედიასთან ურთიერთობის საკითხებში თეორიული და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გაუმჯობესებას, კერძოდ, ეფექტიანი კომუნიკაციის, საჯარო გამოსვლის, გადმოცემის ტექნიკების და აუდიტორიასთან მუშაობის საკითხებში საუკეთესო გამოცდილების მიღებას და ამ კუთხით საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდას.

საზოგადოებასთან და მედიასთან ღია და გამჭვირვალე კომუნიკაცია, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. ამ მიმართულებით თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების პროცესი მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.

ტრენინგი ევროკავშირის პროექტის ფარგლებში ჩატარდა და მას კომუნიკაციის მოწვეული ექსპერტი მარიამ სხილაძე უძღვებოდა.

გადამზადება სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ოცმა თანამშრომელმა გაიარა, მათ შორის, საგამოძიებო დეპარტამენტის სამმართველოს უფროსებმა და გამომძიებლებმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება