fbpx

სოზარ სუბარი: ჩვენ ყოველთვის მიგვაჩნდა, რომ ვართ ევროპულ წიაღში, ვართ ევროპული კულტურის ნაწილი და ეს ყველაზე მკაფიოდ, რამდენიმე სიტყვაში გამოხატა ზურაბ ჟვანიამ

„სანამ „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდოდა, ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების მიმართულებით თითქმის არაფერი იყო გაკეთებული. მოლდოვა და უკრაინა გაცილებით წინ იყვნენ ჩვენზე,“ – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სოზარ სუბარმა განაცხადა.
მისი თქმით, თავის დროზე ზურაბ ჟვანიამ ედუარდ შევარდნაძესთან ერთად გადადგა პირველი დიდი ნაბიჯი საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე და საქართველო გახდა ევროსაბჭოს წევრი.
„ზურაბ ჟვანია იყო ის ადამიანი, ვინც ედუარდ შევარდნაძესთან ერთად პირველი ძალიან დიდი ნაბიჯი გადადგა საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე – საქართველო გახდა ევროსაბჭოს წევრი ქვეყანა. ზურაბ ჟვანიას ის ცნობილი სიტყვები ყველა ქართველს გვახსოვს და ყველას თავში ტრიალებს – „მე ვარ ქართველი, მაშასადამე, მე ვარ ევროპელი“. ანუ ის, რაც ჩვენ ყოველთვის მიგვაჩნდა, რომ ვართ ევროპულ წიაღში, ვართ ევროპული კულტურის ნაწილი, ეს ყველაზე მკაფიოდ რამდენიმე სიტყვაში გამოხატა ზურაბ ჟვანიამ.
მას შემდეგ, რაც გაკეთდა ევროპასთან ინტეგრაციის და ევროპასთან დაახლოების მიმართულებით, გაკეთდა სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ. კიდევ ერთხელ ჩამოვთვლი – ეს იყო ასოცირების ხელშეკრულება, რადგან სანამ „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდოდა, ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების მიმართულებით თითქმის არაფერი იყო გაკეთებული. მოლდოვა და უკრაინა გაცილებით წინ იყვნენ ჩვენზე, თუმცა ძალიან მალე ჩვენ გავხდით ლიდერები ამ მიმართულებით და საქართველომ მიიღო ასოცირების ხელშეკრულება. შემდეგ ამას მოყვა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, უვიზო მიმოსვლა და არაერთი სხვა ხელშეკრულება, რომელიც ნაბიჯ-ნაბიჯ გვაახლოებს ევროპასთან, ევროკავშირის სტრუქტურებთან.
რაც შეეხება ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ჩვენს მოლოდინებს, ჩვენ ვართ ძალიან ოპტიმისტურად განწყობილნი და დარწმუნებული ვარ, რომ მივიღებთ სტატუსს. ცხადია, სანამ შედეგი არ დადგება 100%-ით ვერაფერს იტყვი, რაღაც ალბათობა ყოველთვის უნდა დატოვო, მაგრამ ამ წუთში რა ინფორმაციაც გვაქვს, სტატუსი უნდა მივიღოთ,“ – განაცხადა სოზარ სუბარმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება