fbpx

სოზარ სუბარი: ჩემი სურვილი იქნებოდა, რომ კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებული მოთხოვნები, რასაც ნოემბერში მივიღებთ, არ იყოს განსხვავებული იმისგან, რასაც, მოლდოვასა და უკრაინას უყენებენ, რომლებიც ბევრად უკან არიან, ვიდრე – საქართველო

„გლობალური ომის პარტიის“ წარმომადგენლები დარწმუნდნენ, რომ საქართველოში კანდიდატის სტატუსით კრიზისს ვერ გამოიწვევენ – არ დაიწყება რევოლუცია, ვერ მოვა ხელისუფლებაში მათი აგენტურა, არ ჩაერთვება საქართველო ომში და ამიტომ, ურჩევნიათ, რომ სათანამშრომლო გზა მაინც დარჩეთ“, – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა სოზარ სუბარმა განაცხადა.

მისი თქმით, აშკარაა, რომ საქართველოს მიმართ განწყობა ევროპაში მკვეთრად შეიცვალა.

„საქართველოს მიმართ განწყობა ევროპაში მკვეთრად შეიცვალა. ამ შეცვლის მიზეზების ზოგადი ანალიზი შეგვიძლია გავაკეთოთ, თუმცა ამის მიღმა არის კონკრეტული ინფორმაციაც, რაც ვიცი. ყველაფრის თქმის უფლებას ჩემს თავს ვერ მივცემ, მაგრამ ორი მთავარი რამ არის: პირველი – ამის მიზეზია ძალიან სერიოზული, ყოველდღიური მუშაობა ჩვენი საგარეო გუნდის, პირადად პრემიერის, პარლამენტის თავმჯდომარის, პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციისა და საგარეო კომიტეტების თავმჯდომარეების, რომლებიც ყოველდღიურად ევროპაში იყვნენ, ამ კომიტეტების წევრებთან ერთად, საგარეო საქმეთა სამინისტროსი და ყველა იმ ადამიანის, ვისაც ამაში წვლილის შეტანა შეეძლო. მეორე – ის ძალები, რომელთაც „გლობალური ომის პარტიას“ ვუწოდებთ, დარწმუნდნენ, რომ საქართველოში კანდიდატის სტატუსით კრიზისს ვერ გამოიწვევენ. სტატუსის არ მოცემა ვერ გახდება რევოლუციის მიზეზი, ვერ მოვა ხელისუფლებაში მათი აგენტურა, არ ჩაერთვება საქართველო ომში და არ განადგურდება. თუ ეს არ მოხდება, მაშინ ურჩევნიათ, რომ საქართველოსთან სათანამშრომლო გზა მაინც დარჩეთ. როცა ვსაუბრობთ აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფნებზე, ერთ-ერთი (და არა ერთადერთი და განუმეორებელი, როგორც ზოგიერთს ჩვენთან ჰგონია), შეიძლება იყოს საქართველოს გავლითაც. ეს არის გასაღები სულ ცოტა კავკასიის და უფრო ფართოდ თუ შევხედავთ, გაცილებით დიდი რეგიონის – ცენტრალური აზიაც შეიძლება აქ შედიოდეს და იმის მიღმა, რისი დაკავშირებაც შეიძლება. ამიტომაც შეიცვალა დამოკიდებულება საქართველოს მიმართ, რაც ფაქტია. თუმცა, ყველაფერი შესაძლოა შეიცვალოს ყოველ წუთს, იქამდე, სანამ საბოლოო დასკვნა არ გამოქვეყნდება კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით დეკემბრის ბოლოს. ნოემბერში წინასწარ შეფასებას ველოდებით, სადაც შეიძლება გარკვეული მოთხოვნები იყოს. ჩემი სურვილი იქნებოდა, რომ ეს მოთხოვნები არ იყოს განსხვავებული იმ ქვეყნებისგან, რასაც უყენებენ, მაგალითად, მოლდოვასა და უკრაინას, იგივე, ევროპასთან თავსებადობისა და დემოკრატიული რეფორმების თვალსაზრისით, რომლებიც ბევრად უკან არიან, ვიდრე – საქართველო“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება