fbpx

სოზარ სუბარი: რუსული თვითმფრინავები თავისუფლად დაფრინავენ: თურქეთში, ისრაელში, სომხეთში, აზერბაიჯანში, ცენტრალური აზიის ქვეყნებში და არავის უთქვამს, სანქციები უნდა დავუწესოთ ამ ქვეყნებსო

„მიჩვეულები ვართ, რომ ჩვენი ოპოზიცია ყოველთვის ყველაფერს აკეთებს, საქართველოს ინტერესებს რამენაირად რომ უმტროს“, – ამის შესახებ გადაცემა „იმედი Live-ში“ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სოზარ სუბარმა განაცხადა, რომელმაც რუსეთის მხრიდან საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის მოხსნასთან დაკავშირებით ოპოზიციის რეაქცია შეაფასა. მისი თქმით, საქართველოსთან მიმართებით ორმაგი სტანდარტები დასავლეთისგანაც ჩანს, რადგან ევროპის ქვეყნები რუსეთთან ვაჭრობას აგრძელებენ, მაშინ, როცა საქართველოს სავაჭრო ბრუნვამ ამ ქვეყანასთან მხოლოდ 5 % შეადგინა, მიუხედავად რუსეთის ბაზარზე დამოკიდებულებისა. „ოპოზიციის დამოკიდებულებაა, რომ რუსეთის მიერ საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის მოხსნა და ფრენების აღდგენა საქართველოს მხრიდან დასავლეთისთვის ზურგის შექცევაა, რის გამოც კამპანია გაააქტიურეს, საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მიენიჭოსო. ამ დროს რა ხდება იგივე ევროპის ქვეყნებში? შარშან გერმანიას რუსეთთან 30-მილიარდიანი ვაჭრობა ჰქონდა, ასევე, 30 მილიარდით ივაჭრა ნიდერლანდებმა რუსეთთან; პატარა ბელგიასაც კი 13-მილიარდიანი ვაჭრობა ჰქონდა. ჩვენ 5% ვაჭრობაც კი არ გვაქვს რუსეთთან, მიუხედავად იმისა, რომ მეზობლები ვართ და ძალიან ბევრ რამეში ვართ დამოკიდებული რუსეთის ბაზარზე, განსხვავებით ბელგიისგან. მაგალითად, რუსული თვითმფრინავები თავისუფლად დაფრინავენ: თურქეთში, ისრაელში, ჩვენს მეზობელ სომხეთში, აზერბაიჯანში, ცენტრალური აზიის ქვეყნებში და არავის მოსვლია აზრად ამის გამო (არც იმ ქვეყნის შიდა ოპოზიციონერებს და არც ჩვენს პარტნიორებს დასავლეთში) ეთქვათ, რომ არიქა, სანქციები უნდა დავუწესოთ ამ ქვეყნებსო. პირიქით, მადლობებს უხდიან ამ ქვეყნებს. საქართველოს მიმართ კი, რატომღაც, მაშინვე ასეთი უარყოფითი კამპანია იწყება. თუმცა, იგივე, ერთი-ორი წლის წინ ძალიან მკაცრი განცხადებები კეთდებოდა რუსეთის მიმართ დასავლეთისგან, რომ საქართველოსთან ფრენები აღადგინეო. რასაც ოპოზიცია ამბობს, სამწუხაროდ, პირდაპირი გადმომღერებაა იმისა, რასაც მათი პატრონები ეუბნებიან დასავლეთიდან. ამ შემთხვევაში, ქ-ნ კელი დეგნანი ყველაზე მკაფიო გამხმოვანებელია საქართველოსთვის არცთუ მეგობრული იმ განცხადებების, რომლებიც, ხშირად, დასავლეთიდან მოდის.“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება