fbpx

სოზარ სუბარი: მოვუწოდებთ დონორებს შეუწყვიტონ დაფინანსება იმ ორგანიზაციებს, რომლებიც ახდენენ საკუთარი თავის და იმ ღირებულების დისკრედიტაციას, რასაც ჰქვია დამოუკიდებელი, გამჭვირვალე, სამოქალაქო სექტორი

„დისკრედიტირებულ „ენჯეოებთან“, რომლებიც ხმების პარალელური დათვლის გაყალბების გზით ცდილობენ ქვეყანაში გადატრიალების მოწყობას, ჩვენ ვერ ვითანამშრომლებთ და მათ დაკვირვებასაც ვერ ექნება ნდობა საზოგადოებაში,” – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სოზარ სუბარმა. როგორც სუბარმა აღნიშნა, სწორედ დონორების მიდგომაა საქართველოში ისეთი, რომ აბსოლუტურად დისკრედიტირებული, ნულოვანი ნდობის მქონე ორგანიზაცია უნდა იყოს მთავარი სადამკვირვებლო ორგანიზაცია. მისივე თქმით, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი და შესაბამისად, ჩვენ ყველაფერს თავისი სახელი უნდა დავარქვათ.

„მსოფლიოში არ არსებობს Human Rights Watch და Amnesty International-ზე ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციები და ერთი წუთით წარმოვიდგინოთ, რომ ამ ორი ორგანიზაციის ხელმძღვანელები გამოვიდნენ თეთრი სახლის წინ მოედანზე და მოაწყონ მიტინგი, მიმართონ მგზნებარე სიტყვებით საზოგადოებას, რომ მთავრობა უნდა გადააყენონ და ჩამოაყალიბონ დროებითი მთავრობა ან ეს გააკეთონ ევროპის ნებისმიერ დედაქალაქში. მეორე დღეს დამთავრდებოდა მათი, როგორც „ენჯეოს“ სტატუსი და მათი, როგორც სამოქალაქო საზოგადოების აქტორების რეპუტაცია – ისინი ვერასდროს მიიღებდნენ დაფინანსებას.

საქართველოში რას ვხედავთ – „ენჯეომ“, როგორიც არის ე.წ. „სამართლიანი არჩევნები“ გააყალბა ხმების პარალელური დათვლა, დააბრალა საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, თითქოს მან გააყალბა შედეგები და პარალელური დათვლა იყო სწორი. მათ ზუსტად იცოდნენ, რასაც სჩადიოდნენ და ეს იყო შეგნებული გაყალბება, ეს არ იყო შეცდომა. ამის შესახებ იცოდნენ დონორებმა და მიუხედავად ამისა, არაფერი შეცვლილა. ისევ, ისე აფინანსებენ დონორები ამ „ენჯეოს“ და ისევ ისე ამბობენ, რომ ის უნდა იყოს მთავარი სადამკვირვებლო ორგანიზაცია ქვეყანაში. თურმე აბსოლუტურად დისკრედიტირებული, ნულოვანი ნდობის მქონე ორგანიზაცია უნდა იყოს მთავარი სადამკვირვებლო ორგანიზაცია საქართველოში. ეს არის დონორების გარკვეული ნაწილის დამოკიდებულება ჩვენი ქვეყნის მიმართ, რაც აბსოლუტურად მიუღებელია. შესაბამისად, ჩვენ ყველაფერს თავისი სახელი უნდა დავარქვათ. ბუნებრივია, ასეთ დისკრედიტირებულ „ენჯეოებთან“, რომლებიც ხმების პარალელური დათვლის გაყალბების გზით ცდილობენ ქვეყანაში გადატრიალების მოწყობას, ჩვენ ვერ ვითანამშრომლებთ და მათ დაკვირვებასაც ვერ ექნება ნდობა საზოგადოებაში. შესაბამისად, მოვუწოდებთ ამ შემთხვევაში დონორებს (და ვეთანხმები ბატონ შალვა პაპუაშვილს), შეუწყვიტონ დაფინანსება იმ ორგანიზაციებს, რომლებიც ახდენენ საკუთარი თავის და იმ ღირებულების დისკრედიტაციას, რასაც ჰქვია დამოუკიდებელი, გამჭვირვალე სამოქალაქო სექტორის ფუნქციონირება საქართველოში,” – განაცხადა სოზარ სუბარმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება