საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ სოზარ სუბარმა, 2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, ირაკლი რუხაძის მოსმენის დროს, ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების პერიოდში ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრისა და ტელევიზიის მისაკუთრების ფაქტები გაიხსენა. „როდესაც დავიწყეთ კვლევა, თუ რა იურიდიული საფუძველი ჰქონდათ “იმედში” შეჭრის (რაიმე დოკუმენტი ხომ უნდა გაეფორმებინათ), აღმოვაჩინეთ, რომ სიყალბეების წარმოუდგენელი კასკადი ჩაიდინეს მთელმა რიგმა სახელმწიფო უწყებებმა, კერძოდ კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ, პროკურატურამ, სასამართლომ… ძველი თარიღებით ხდებოდა მთელი რიგი გადაწყვეტილებების გაფორმება, რათა ასეთი ყალბი დოკუმენტებით გაემართლებინათ ტკ „იმედში“ შეჭრა და დარბევა,“- განაცხადა დეპუტატმა. სოზარ სუბარმა აღნიშნა, რომ სააკაშვილისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო, ქვეყანაში არ ყოფილიყო ალტერნატიული, ხელისუფლების პოზიციისგან განსხვავებული აზრი და ამას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ მას სურდა, საქართველოს რკინიგზა, რომლის ღირებულება იმ დროისთვის 1 მლრდ აშშ დოლარს აღემატებოდა, გაეცვალა ტელეკომპანია „იმედში“, რომელიც ფინანსური თვალსაზრისით ზარალიანი კომპანია იყო. „თუ რამდენად სურდა სააკაშვილის მთელი სატელევიზიო სივრცის კონტროლი, კარგად ჩანს იქიდან, რომ ის ცდილობდა, საქართველოს უმსხვილესი აქტივი – საქართველოს რკინიგზა – ბადრი პატარკაციშვილისთვის ტელეკომპანია იმედში გაეცვალა. მატერიალური თვალსაზრისით, საქართველოს რკინიგზაზე ღირებული აქტივი ქართულ სახელმწიფოს არ გააჩნია. შესაბამისად, ადვილად გასაგებია, რამდენად მნიშვნელოვანი იყო სააკაშვილისთვის, რომ ქვეყანაში არ ყოფილიყო ალტერნატიული აზრი. სწორედ მაშინ, ამ შეთავაზების პასუხად, გაჟღერდა ბადრი პატარაშვილის ცნობილი ფრაზა – „იმედი არ იყიდება!“ ამის შემდეგ სააკაშვილმა და მისმა რეჟიმმა ფიზიკური ძალით გადაწყვიტა ტელეკომპანია „იმედის“ განადგურება და საბოლოო დარტყმა „იმედზე“ 7 ნოემბერს მიიტანეს. სხვათა შორის, ამ დღეს იქ ვიყავი, ტელეკომპანიასთან მივედი და ჩემი თვალით ვნახე, მაგრამ სპეცრაზმმა შენობაში შესვლის საშუალება არ მომცა. მოგვიანებით, როდესაც დავიწყეთ კვლევა, თუ რა იურიდიული საფუძვლით მოხდა (რაიმე დოკუმენტი ხომ უნდა არსებულიყო?!) იმედში შეჭრის, აღმოვაჩინეთ, რომ სიყალბეების წარმოუდგენელი კასკადი ჩაიდინა კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ, რომლის ხელმძღვანელიც იყო დიმიტრი ქიტოშვილი. ძველი თარიღებით ხდებოდა გარკვეული გადაწყვეტილებების გაფორმება არა მხოლოდ მარეგულირებელ კომისიაში, არამედ პროკურატურასა და სასამართლოშიც. ეს ყველაფერი დეტალურად წერია სახალხო დამცველის მაშინდელ ანგარიშში და ეს უნდა გამოვიყენოთ კომისიის საბოლოო დასკვნაში, როცა შევეხებით მედიის თავისუფლებასა და კანონის უზენაესობის არ არსებობას ნაცრეჟიმის დროს,“- განაცხადა სოზარ სუბარმა.