სოზარ სუბარი: არ ვიცი, ვინ იქნება „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, მაგრამ ფაქტი ერთია- სააკაშვილი არაა საქართველოს მოქალაქე, შესაბამისად, მის მიმართ უსიტყვო მორჩილება „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან, არის დანაშაული
პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, მედიასთან ისაუბრა „ნაციონალური მოძრაობის“ ახალ შესაძლო თავმჯდომარესა და განხეთქილებაზე ოპოზიციურ ალიანსში. სუბარმა აღნიშნა, რომ ყოველ ჯერზე „ნაციონალური მოძრაობა“ ახალ ლიდერად „ფსკერს“ სთავაზობს საზოგადოებას და ხაზი გაუსვა, რომ, ზოგადად, სააკაშვილის აქტიურობა პოლიტიკაში ქართული სამართლის დარღვევაა- ის არაა საქართველოს მოქალაქე:
„ყველა მორიგ ჯერზე, როცა ახალ თავმჯდომარეს აირჩევენ და მგონია, რომ ფსკერია და ამის იქით რაღა უნდა იყოს, ახალი კანდიდატურა ამ ფსკერზე გაცილებით დაბლაა. ფაქტი ერთია – ისინი საქართველოს კანონმდებლობას არღვევენ, რადგან სააკაშვილი არ არის საქართველოს მოქალაქე, შესაბამისად, მისი მონაწილეობა პოლიტიკაში, არის საქართვალოს კონსტიტუციის დარღვევა“ – განაცხადა სუბარმა.
დეპუტატმა აღნიშნა ისიც, რომ კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ ვერასდროს შეიკვრება, რადგან ყველას სურს ლიდერობა, ეს კი ერთ ალიანსში შეუძლებელია.
„ნამდვილად არ ვიცი, ვინ იქნება „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე და არც მაინტერსებს, მაგრამ ერთი რაც მინდა ვთქვა – ყველა მორიგ ჯერზე, როცა ახალ თავმჯდომარეს აირჩევენ, როცა მგონია, რომ ფსკერია და ამის იქით რაღა უნდა იყოს, ყოველი ახალი კანდიდატურა ამ ფსკერზე გაცილებით დაბლაა ხოლმე. თუ ახალი ფსკერი ჩატყდება, კიდევ უკეთესი – უფრო განულდებიან. ფაქტი ერთია, რომ ისინი საქართველოს კანონმდებლობასაც არღვევენ, რადგან სააკაშვილი არ არის საქართველოს მოქალაქე, შესაბამისად, მისი მონაწილეობა და მის მიმართ ასეთი უსიტყვო მორჩილება „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან, ასევე სააკაშვილის მონაწილეობა პოლიტიკაში, არის უბრალოდ დანაშაული და საქართვალოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის დარღვევა. რაც შეეხება ოპოზიციურ ალიანსს, ანუ კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“, მან კარგად იცის და ნამდვილი ჩემპიონია ლაძღვა-წყევლაში. ამაში ღმერთმა ხელი მოუმართოს. მათ დასაბრალებელიც არაფერი აქვთ, რადგან ყველაფერი რასაც მათზე ამბობენ, არის სიმართლე. რაც შეეხება მსგავს ალიანსებს, რამდენი დავალებაც არ უნდა მიიღონ დასავლეთისა და პატრონებისგან, ვერასდროს ისინი ერთიან ძალად ვერ შეიკვრებიან, რადგან ყველას უნდა პირველობა და ამდენი პირველი ადგილი ვერ იქება ერთ კონკრეტულ ალიანსში“ – განაცხადა სოზარ სუბარმა.