fbpx

სკანდალური ცვლილებები “ამერიკის ხმის” ხელმძღვანელობაში

ავტორი : სიმონ კილაძე

ამ დღეებში აშშ-ის რადიო „ამერიკის ხმასთან“ დაკავშირებით სკანდალური პროცესი მიმდინარეობს.

როგორც გაირკვა, შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის (CDC) თანამშრომლებს მითითებული ჰქონდათ, არ ეთანამშრომლათ “ამერიკის ხმასთან”. მითითებაზე დართულია თეთრი სახლის წერილი, რომელიც გლობალურ მაუწყებელს უცხოეთის პროპაგანდის სამსახურში მუშაობას სწამებს, სათაურით: “პანდემიის ფონზე, “ამერიკის ხმა” თქვენს ფულს უცხოეთის პროპაგანდის წახალისებაში ხარჯავს”.

„ამერიკის ხმის” დირექტორმა ამანდა ბენეტმა განაცხადა, რომ ის ამ ინფორმაციამ შოკში ჩააგდო და ძლიერ შეშფოთებულია დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის შიდა მიმოწერასთან დაკავშირებით. კვირას, 14 ივნისს ამანდა ბენეტმა განაცხადა, რომ “ამერიკის ხმა” – ფედერალური დაფინანსების მქონე დამოუკიდებელი სამაუწყებლო ორგანიზაცია – მტკიცედ უარყოფს ბრალდებებს და მოუწოდებს დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრს დაუყოვნებლივ უკან წაიღოს ინსტრუქციები”.

ამ განცხადებიდან მეორე დღეს, 15 ივნისს, ამანდა ბენეტი, “ამერიკის ხმის” დირექტორი და მისი პირველი მოადგილე, სანდრა სუგავარა დაკავებული პოსტებიდან გადადგნენ. 15 ივნისს თანამშრომლებისთვის გაგზავნილ წერილში, მათ თქვეს, რომ მაიკლ პეკს, ამერიკის გლობალური მაუწყებლობის სააგენტოს ახლადდამტკიცებულ ხელმძღვანელს, აქვს მათი შეცვლის უფლება.

აღსანიშნავია, რომ ამანდა ბენეტი, „ამერიკის ხმის“ დირექტორად პრეზიდენტ ბარაკ ობამას ადმინისტრაციის დროს დაინიშნა და მაუწყებელს 4 წლის მანძილზე ხელმძღვანელობდა.

„ამერიკის ხმა” (VOA) აშშ-ის გლობალური მაუწყებლობის სააგენტოს ეგიდით მუშაობს. იგივე სააგენტო მართავს ქართული მედია-სივრცისთვის ასევე კარგად ცნობილ “რადიო თავისუფლებას” (RFE/RL). „ამერიკის ხმა“ და „თავისუფლება“ აშშ-ის ფედერალური ბიუჯეტიდან ფინანსდებიან.

ბოლო თვის მანძილზე “ამერიკის ხმა” თეთრმა სახლმა და პირადად პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კორონავირუსის პანდემიის გაშუქების გამო, არაერთხელ გააკრიტიკეს. აშშ-ის მეთაურის აზრით, „ამერიკის ხმას” საშინლად მართავენ. ისინი არა ამერიკის ხმა, არამედ სრულიად საპირისპირო რამ არიან”. პრეზიდენტმა მაუწყებელი ჩინეთის მიმართ მიკერძოებაში არაერთხელ დაადანაშაულა.

წყაროები:
https://www.amerikiskhma.com/a/cdc-blacklists-voa/5463272.html
https://www.voanews.com/usa/top-2-voa-managers-resign-new-ceo-takes-helm

ჯერ-ჯერობით უცნობია, მოხდება თუ არა რაიმე საკადრო ცვლილება „ამერიკის ხმის“ ქართულ სამსახურში.

გაუზიარე!

Shares