fbpx

სიღარიბის დაძლევის ერთ-ერთ საშუალება მწვანილის ექსპორტია – გიორგი კანდელაკი

„ევროპულმა საქართველომ“ ქუთაისში მხარდამჭერებთან შემაჯამებელი შეხვედრა მაჟორიტარობის კანდიდატის გარეშე გამართა, ვინაიდან დღეს ცნობილი გახდა, რომ ოთო კახიძე კორონავირუსით დაინფიცირდა.

პარლამენტის ყოფილ შენობასთან შეკრებილ მხარდამჭერებს პარტიის ლიდერებმა მიმართეს, მათ შორის დეპუტატმა გიორგი კანდელაკმა შეკრებილებს გააცნო ქუთაისის ეკონომიკური განვითარების და სიღარიბის დაძლევის გეგმა.

მისი თქმით, ქუთაისის აეროპორტში უნდა გაიხსნას დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების ბაზები და ასევე სატვირთო ტერმინალი. კანდელაკმა რეგიონში სიღარიბის დაძლევის ერთ-ერთ საშუალებას მწვანილის ექსპორტი დაასახელა.

„ჩვენი გეგმით ქუთაისის აეროპორტში უნდა აშენდეს სატვირთო ტერმინალი, თავისი სამაცივრე მეურნეობით.

ევროკავშირში, ასევე სპარსეთის ყურის ქვეყნებში უნდა გავიდეს აქაური იაფი და ხარისხიანი მწვანილი. დამერწმუნეთ, ამ ზონაში ღარიბი თითქმის აღარავინ დარჩება.

ასე რომ გარდამტეხ ცვლილებებამდე დარჩა მხოლოდ ერთი კვირა“, – მიმართა „ევროპული საქართელოს“ მხარდამჭერებს გიორგი კანდელაკმა.

გაუზიარე!

Shares