fbpx

 სიმართლე გარკვეულია, გამოვლინდა, რომ ჩვენი მოქალაქე, ყოფილი თავდაცვის მინისტრი, ბატონი კეზერაშვილი უკვე საერთაშორისო დონის თაღლითად არის მოხსენიებული

სიმართლე გარკვეულია, გამოვლინდა, რომ ჩვენი მოქალაქე, ყოფილი თავდაცვის მინისტრი, ბატონი კეზერაშვილი უკვე საერთაშორისო დონის თაღლითად არის მოხსენიებული- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე საქართველოს საგამოძიებო სამსახურები 2 წლის განმავლობაში აქტიურად თანამშრომლობდნენ გერმანიის საგამოძიებო სამსახურთან.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, კეზერაშვილის ნაძარცვი ფულით რადიკალური, ექსტრემისტული ოპოზიცია ფინანსდებოდა.

„მე მინდა გამოვეხმაურო ერთ მეტად შემაშფოთებელ ფაქტს, ეს არის საერთაშორისო ტრანსნაციონალური დანაშაული, რომელიც იქნა გამოძიებული და გახსნილი, ე.წ. ქოლცენტრების საქმე. რატომ მინდა ამის თაობაზე გავაკეთო კომენტარი- პირველ რიგში იმიტომ, რომ საქმე ეხება ჩვენი მოქალაქის მიერ ჩადენილ არნახული, უპრეცედენტო მასშტაბის თაღლითური სქემის განხორციელებას, რომლის შედეგადაც თითქმის 1 მილიარდი დოლარი თუ ევრო იქნა მოპარული ევროპის ქვეყნებში. რეალურად, გახსოვთ, რომ ალბათ ერთი წელია მუდმივად ისმოდა ბრალდებები აი ამ რადიკალური, ექსტრემისტული ოპოზიციის მხრიდან, რომლებიც თავად ფინანსდებოდნენ და ფინანსდებიან აი ამ მოპარული, ნაძარცვი ფულით.

ეს რა თქმა უნდა, არა მხოლოდ სამარცხვინო, არამედ, შემაშფოთებელი ფაქტია. ჩვენ ძალიან ინტენსიური თანამშრომლობა გვქონდა გერმანიის საგამოძიებო სამსახურთან, ჩვენი საგამოძიებო სამსახურები აქტიურად მუშაობდნენ ალბათ ორი წლის განმავლობაში. ეს იყო ძალიან დიდი სამუშაო, რომელიც იქნა გაწეული ერთობლივად და ჩვენ, ჩვენი მხრივ მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანეთ ამ საერთაშორისო თაღლითური სქემის გამოძიების საქმეში. სიმართლე გარკვეულია. გამოვლინდა, რომ ჩვენი მოქალაქე, სამწუხაროდ, ყოფილი თავდაცვის მინისტრი ბატონი კეზერაშვილი უკვე საერთაშორისო დონის თაღლითად არის მოხსენიებული, რაც, რა თქმა უნდა, არის კატასტროფული და კიდევ უფრო მეტად შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ აღნიშნული პიროვნება, რომელმაც მანამდე, მოგეხსენებათ, ჯარი გაძარცვა ჯერ, შემდეგ ბიზნესს რა დღეში აგდებდა, ატერორებდა. ახლა უკვე მთელი ევროპის მასშტაბით არნახული თაღლითური სქემა შეიმუშავა მისმა კომპანიამ და გაძარცვეს პენსიონერები. მილიარდი დოლარის ზარალი იქნა მიყენებული. ასე რომ, როდესაც ჩვენი ე.წ. რადიკალური ექსტრემისტული ოპოზიციის წარმომადგენლები შეხვდებიან ჩვენს ევროპელ მეგობრებს და პარტნიორებს, მინდა ჩვენს ევროპელებს, მეგობრებს ვუთხრა, რომ ისინი ხვდებიან მათი მოქალაქეების მძარცველის მიერ დაფინანსებული პარტიის წარმომადგენლებს. ეს რა თქმა უნდა, არის სამარცხვინო ფაქტი, მაგრამ რა თქმა უნდა, მიხარია, რომ ეს სიმართლე გაირკვა. გახსოვთ, რომ შარშან, პირიქით, აბრალებდნენ თითქოს ხელისუფლების წარმომადგენლები იყვნენ ჩართულები ამ საქმეში და ახლა BBC-იმ, ბრიტანეთის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა საბოლოოდ გამოავლინა და ამის თაობაზე უკვე მთელ საზოგადოებას ეცნობა. ასე რომ, ნაცვლად იმისა, რომ ჩვენი ოპოზიციის წარმომადგენლები ჩართულნი იყვნენ დესტრუქციულ ქმედებებში ყოველდღიურად, მათ ყოველდღე უნდა მოიხადონ ბოდიში ახლა უკვე როგორც ჩვენი საზოგადოების წინაშე, ასევე ევროპული საზოგადოების წინაშე და უნდა მისცენ ახსნა- განმარტებები, თუ რატომ ფინანსდება მთელი ოპოზიციური სპექტრი, თითქმის ყველა ოპოზიციური პარტია მათი ტელევიზიები ნაძარცვი ფულით. ევროპელი პენსიონერების მოპარული ფულით. ამის თაობაზე მინდოდა ჩემი მხრივ გამეკეთებინა კომენტარი, მინდა ჩვენს საგამოძიებო სამსახურებს მადლობა გადავუხადო, ვინც ჩართული იყო ამ მეტად რთული გამოძიების საქმეში, ჩვენს ევროპელ კოლეგებთან ერთად ძალიან ინტენსიურად ვიმუშავეთ და იმედი მაქვს, რომ ყველა დამნაშავე, რომელიც ამ თაღლითურ სქემაში იყო ჩართული, იქნება მიცემული პასუხისგებაში“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება