fbpx

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ლიეტუველ ხალხს სამძიმარს უცხადებს ანტანას ტერლიაცკასის გარდაცვალების გამო

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი დავით გურგენიძე უნივერსიტეტის სახელით სამძიმარს უცხადებს ლიეტუველ ხალხს ცნობილი ლიეტუველი მამულიშვილის, ეროვნული მოძრაობის გამორჩეული ლიდერის და ლიეტუვის დამოუკიდებლობის აღდგენის ერთ-ერთი შემოქმედის, ბატონი ანტანას ტერლიაცკასის გარდაცვალების გამო.

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით სამძიმარს ვუცხადებ ლიეტუველ ხალს, დიდი მამულიშვილის, ეროვნული მოძრაობის გამორჩეული ლიდერის და ლიეტუვის დამოუკიდებლობის აღდგენის ერთ-ერთი შემოქმედის, ბატონი ანტანას ტერლიაცკასის გარდაცვალების გამო.

ბატონი ანტანასი დააკლდა არა მხოლოდ ლიეტუვას, არამედ, თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის მებრძოლ სამყაროს. სამართლიანობისათვის მისი დაუღალავი ბრძოლა სამაგალითო იყო თანამედროვეთათვის და მისაბაძი იქნება მომავალი თაობებისათვის, რამეთუ, ფუნდამენტური ეროვნული ღირებულებების დაცვა ყოველთვის იქნება კაცობრიობისთვის უმთავრესი.

ჩვენთვის, საქართველოს ტექნიკური უნივრსიტეტის აკადემიური პერსონალისთვის, ბატონი ანტანასის გარდაცვალება ორმაგად მტკივნეულია – ის უნივერსიტეტის დიდი მეგობარი იყო. ჩვენ გვქონდა მასთან შეხვედრისა ბედნიერება. ბატონი ანტანასი საუბრისას ყოველთვის ხაზს უსვამდა მის თბილ დამოკიდებულებას, როგორც საქართველოს, ასევე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიმართ.

ბატონი ანტანასი იყო პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, იატაკქვეშა პრესის გამომცემელი, დისიდენტი. ის მთელი შეგნებული ცხოვრების მანძილზე იბრძოდა თავისი სამშობლოს დამოკიდებლობის აღდგენისთვის, რითაც მაგალითს აძლევდა თავისუფლებისათვის მებრძოლ ერებს. სწორედ 16 თებერვალს, ლიეტუვის სახელმწიფოებრიობის აღდგენის დღეს, 95 წლის ასაკში, გარდაიცვალა ადამიანი, რომელმაც ყველაფერი გააკეთა სამშობლოს დამოუკიდებლობისათვის.
მსუბუქი იყოს მისთვის ლიეტუვის მიწა!“ – აღნიშნულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ დავით გურგენიძის განცხადებაში.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება