fbpx

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის სიტყვით გამოსვლა საყოველთაო-სახალხო შეკრებაზე

მოგესალმებით ჩვენს ძვირფას თანამოქალაქეებს! ძალიან ამაღელველებელია ამდენი გულანთებული ადამაინის წინაშე გამოსვლა.

მინდა, მოგესალმოთ საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის, მშვიდობიანი განვითარებისა და ღირსეული ევროპული მომავლის მხარდამჭერებს, რომლებიც დღეს აქ ხართ შეკრებილი.

დღეს საქართველო არის დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფო. ქართულ საზოგადოებას აქვს მყარი ღირებულებები და ჩვენ სწორედ დამოუკიდებლობით, სუვერენიტეტითა და ღირებულებებით გვინდა გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა.

კონკრეტულ გავლენიან ძალებს ევროკავშირი წარმოუდგენიათ, როგორც არასუვერენული, სუსტი სახელმწიფოების ერთობა, რომლებიც დაცლილი უნდა იყვნენ ყოველგვარი იდენტობისგან და ღირებულებებისგან. თუმცა, სინამდვილეში, ევროკავშირი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება იყოს ძლიერი, თუ ის გააერთიანებს სუვერენულ სახელმწიფოებს; თუ ის გააერთიანებს ღირსეულ სახელმწიფოებს, სადაც სათანადო პატივს სცემენ საკუთარი ქვეყნის ეროვნულ და რელიგიურ იდენტობას, დემოკრატიასა და სამართლის უზენაესობას, საზოგადოების მორალურ ღირებულებებს.

მჯერა, რომ საქართველოს, როგორც ღირსეულ სახელმწიფოს, რომელსაც მისი ისტორიული გამოცდილებიდან გამომდინარე, განსაკუთრებულად ესმის დამოუკიდებლობისა და ეროვნული იდენტობის ფასი, შეუძლია განსაკუთრებული წვლილი შეიტანოს ევროპული სუვერენიტეტისა და ღირებულებების განმტკიცებაში, ევროკავშირის, როგორც სუვერენული და მყარ ღირებულებებზე დაფუძნებული ერთობის აღორძინებაში.

იგივე ადამიანები, რომლებიც ევროკავშირის სუვერენიტეტისა და ევროპული ღირებულებების დაკნინებას ცდილობენ, ჩვენ გვეუბნებიან, რომ ევროპულ ოჯახში მხოლოდ იმ შემთხვევაში მიგვიღებენ, თუ სახელმწიფო სუვერენიტეტს და ტრადიციულ ღირებულებებს კართან დავტოვებთ; თუ დავთმობთ მორალს, ეკლესიას და სარწმუნოებას; თუ დავთმობთ დემოკრატიას და სამართლის უზენაესობას; თუ დავთმობთ დემოკრატიულ არჩევნებს და სასამართლოს დამოუკიდებლობას; თუ დავთმობთ ყველა იმ ღირებულებას, რომელსაც ევროპა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დაეფუძნა.

როდესაც ქვეყანა ხდება ევროკავშირის წევრი, არა მხოლოდ ევროკავშირი უშვებს ამ ქვეყანას საკუთარ სახლში, არამედ ეს ქვეყანაც უშვებს საკუთარ სახლში ევროკავშირს. ამიტომ, საქართველოს აქვს სრული უფლება, ჩვენ სახლში შემოსვლამდე  ევროკავშირს ჩვენი სუვერენიტეტისა და ღირებულებების პატივისცემა მოვთხოვოთ.

არსებობს უინსტონ ჩერჩილის ცნობილი გამონათქვამი: პოლიტიკაში არ არსებობენ მუდმივი მეგობრები და მტრები, არსებობს მუდმივი ინტერესები. ავღანეთისა და უკრაინის მაგალითებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ სახელმწიფოს ერთადერთი მუდმივი მეგობარი მისი სუვერენიტეტია. სუვერენიტეტი არის ქვეყნის უსაფრთხოების ყველაზე მტკიცე გარანტია. სწორედ ამიტომ, ჩვენ ვერ დავყვებით ვერცერთ მოთხოვნას, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის დათმობას გულისხმობს. ეს იქნებოდა უპასუხისმგებლობა 9 აპრილის გმირების წინაშე, რომლებიც აქ, ამ მოედანზე სწორედ საქართველოს ეროვნული დამოუკიდებლობის იდეას შეეწირნენ.

განსაკუთრებით ბოლო წლების განმავლობაში, „ქართულმა ოცნებამ“ დაამტკიცა, რომ ბეწვის ხიდზე სიარული და ყველაზე რთულ ვითარებაში, ქვეყნისთვის საუკეთესო შედეგის მიღწევა შეუძლია. 2020 წლიდან, რადიკალურმა ოპოზიციამ და მასთან დაკავშირებულმა „ენჯეოებმა“ უკვე ორჯერ სცადეს რევოლუციის მოწყობა. მათ ეს ქვეყანა 3 წელი არ დაასვენეს და პრაქტიკულად, მუდმივ რევოლუციურ რეჟიმში ამყოფეს. უფრო შორს თუ წავალთ, ისინი უკვე 20 წელია არ ასვენებენ ჩვენს ქვეყანას. ახლა კი, ოღონდ საკუთარი შავი ფული დამალონ, ქვეყნის არევის მესამე ცდასაც არ ერიდებიან. ყველას, ვინც ეწინააღმდეგება „ენჯეოების“ გამჭვირვალობას, სინამდვილეში, ამოძრავებს ერთადერთი მიზანი – ეს ქვეყანა არასოდეს დაასვენოს და მუდმივად ე.წ. პოლარიზაციის ჩაკეტილ წრეზე ატაროს.

შეგახსენებთ, რომ ხელისუფლებამ გასული 3 წლის მანძილზე ქვეყნის არევის ყველა მცდელობა აღკვეთა, ქვეყანას მშვიდობა შეუნარჩუნა და კანდიდატის სტატუსიც მიიღო. აქედან ჩანს, რომ თუ თავს არავის დაუხრი და ღირსეულად დადგები, შედეგსაც ღირსეულს მიიღებ.

სახელმწიფოს მუდმივ მტრობაზე, რომელსაც აწარმოებს რადიკალური ოპოზიცია, პასუხისმგებლობას ინაწილებს ყველა მისი მხარდამჭერი და ამომრჩეველი. ყველა იმ ამომრჩეველმა, რომელმაც 2021 წელს ხმა მისცა „ნაცმოძრაობას“, ხაზარაძის ან გახარიას პარტიას, „გირჩს“ ან სხვა რადიკალურ პოლიტიკურ დაჯგუფებას, ხმა მისცა არეულობას და მეორე ფრონტს საქართველოში. თითოეულ ამ ამომრჩეველს მოვუწოდებ, ოქტომბერში თავისი პასუხისმგებლობა საკუთარი ქვეყნის წინაშე უკეთესად გაიაზროს.

მადლობა ქართველ ხალხს, რომელმაც ამ 4 წლის განმავლობაში გამოავლინა უპრეცედენტო სიბრძნე და გამოცდილება. ყველაზე რთულ მომენტებში, სწორედ ქართული საზოგადოების სწორმა პოზიციამ და თანადგომამ მოგვცა შესაძლებლობა, დაგვეცვა ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები, არ დაგვეშვა ქვეყნის არევა, ხელისუფლებაში აგენტურის დაბრუნება და საქართველოს უკრაინიზაცია. მადლობა ქართველ ხალხს ამისათვის.

მადლობა ყველა ღირსეულ ქართველს – პედაგოგებს, ექიმებს, სასულიერო პირებს, საჯარო მოსამსახურეებს, ჯარისკაცებს, პოლიციელებს, მაშველებს, ვეტერანებს, სპორტსმენებს, ხელოვანებს, სტუდენტებს, პენსიონერებს, დევნილებს, მეწარმეებს, მუშებს, ფერმერებს, გლეხებს, ყველა ეროვნებისა და რელიგიის წარმომადგენლებს, ყველას – ჩვენს თანამოქალაქეებს, რომლებიც დადგნენ იქ, სადაც საქართველოს სჭირდებოდა, დადგნენ საქართველოს სუვერენიტეტისა და სწორი ღირებულებების მხარეს.

გასული კვირების განმავლობაში გაიმართა პოლიტიკური უმცირესობის რამდენიმე აქცია. იმ აქციებს და ჩვენ დღევანდელ შეკრებას ერთმანეთისგან განასხვავებს ერთი მთავარი პრინციპული რამ – ის აქციები იმართებოდა მონური დამოკიდებულებით; ის აქციები იმართებოდა ლოზუნგით – ოღონდ ევროკავშირის წევრი გავხდეთ და სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა, ტრადიციული ღირებულებები ჭირსაც წაუღია. ამ ადამიანებს ერთი რამ არა აქვთ გააზრებული – თუ სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას და ღირებულებებს ჭირი, ანუ რადიკალური ოპოზიცია, „ენჯეოები“ და მათი პატრონები წაიღებენ, ამ შემთხვევაში უკან მოგვრჩება როგორც ევროკავშირი, ისე მთელი ქვეყანა.

დღეს საქართველოს სჭირდება განვითარება – სჭირდება ეკონომიკის სწრაფი ზრდა, გზების, აეროპორტების, პორტების, ელექტროსადგურების, სტადიონების მშენებლობა, მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის მუდმივი გაუმჯობესება. საქართველოს სჭირდება გამარჯვების გზებზე სიარული და ეს აუცილებლად ასე იქნება.

ჩვენ წარმოვადგენთ პოლიტიკურ გუნდს, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა დააფუძნა. ბიძინა ივანიშვილმა მოგვცა თითოეულ ჩვენგანს ქვეყნისთვის თავდადების, ჰუმანურობის, პრაგმატულობის და მოთმინების მაგალითი. მან მოგვცა უანგარო პატრიოტობისა და ეროვნული საქმის კეთების მაგალითი. მოგვცა მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა გაიღო მაქსიმუმი შენი ქვეყნის იდენტობისა და თვითმყოფადობის დაცვისა და შენარჩუნებისთვის. ბიძინა ივანიშვილმა მოგვცა იმის მაგალითი, თუ როგორ შეიძლება გადადო თავი, როდესაც ეს ქვეყნის გადარჩენისა და გათავისუფლებისთვის არის აუცილებელი. საქართველოს ერთგულება და ეროვნული საქმე არის ის, რასაც ბიძინა ივანიშვილს ვერ პატიობენ ამ ქვეყნის დამონებისა და დაჩაგვრის მოსურნე ადამიანები. მადლობა ბიძინა ივანიშვილს იმისათვის, რომ საქართველოს დღეს აქვს მშვიდობა და ეკონომიკური წინსვლა. მადლობა მას იმისათვის, რომ სწორედ მშვიდობითა და ეკონომიკური წინსვლით გავხდით ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა.

უკვე რამდენიმე თვეა გვემუქრებიან, რომ თუ არ დავთმობთ ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და სასამართლოს დამოუკიდებლობას, არ გაგვიხსნიან  მოლაპარაკებებს ევროკავშირთან. აქ ერთი რამ უნდა ითქვას: დღეს მოლაპარაკებები გახსნილი აქვთ უკრაინასთან და მოლდოვასთან, მაშინ, როდესაც საქართველო ერთი თავით მაღლა დგას ორივე ქვეყანაზე დემოკრატიის, სამართლის უზენაესობის, ადამიანის უფლებების, ინსტიტუტების სიძლიერის, კორუფციის სიმცირისა და ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით. შესაბამისად, პირველ რიგში, სწორედ ევროკავშირის ინტერესებშია, სამართლიანობა რაც შეიძლება მალე აღადგინოს.

აქ დგახართ ადამიანები, რომლებიც გამოხატავთ საქართველოს მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობის პოზიციას. ჩვენ მოვუწოდებთ ევროკავშირს, 2022 წლის ივნისისგან განსხვავებით, გამოხატოს სათანადო პატივისცემა ქართული საზოგადოების მიმართ, აღადგინოს სამართლიანობა და გახსნას მოლაპარაკებები წელსვე. ეს არის ქართული საზოგადოების მოთხოვნა, რომელსაც ქართული საზოგადოება და ქართული სახელმწიფო იმსახურებს. გარდა ამისა, მოვუწოდებთ ყველას, იზრუნონ ქართველ ხალხზე და არა ქვეყნის არევის მოსურნე „ენჯეოების“ მიერ შავი ფულის დამალვაზე. ეს იქნება ღირსეული და პასუხისმგებლობით გამსჭვალული დამოკიდებულება ქართველი ხალხის მიმართ.

ოქტომბერში გველოდება უმნიშვნელოვანესი საპარლამენტო არჩევნები. ეს არის ერთგვარი რეფერენდუმიც „ენჯეოებისა“ და ფსევდოლიბერალური პროპაგანდის შესახებ კანონებთან დაკავშირებით. დღეს „ქართულ ოცნებას“ მოქალაქეების 60 პროცენტზე მეტი უჭერს მხარს. შესაბამისად, დარწმუნებული ვართ, რომ „ქართული ოცნება“ რადიკალურ ოპოზიციას კიდევ ერთხელ დიდი უპირატესობით დაამარცხებს და ზედიზედ მეცხრე საარჩევნო გამარჯვებას იზეიმებს. ჩვენი გამარჯვება არის საქართველოს შემდგომი წინსვლისა და განვითარების აუცილებელი პირობა და ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ.

მეამაყება, რომ ვარ ქართველი. მეამაყება, რომ ვარ ჩვენი მრავალეროვანი, ღირსეული და ამაყი ქვეყნის შვილი. საქართველო აუცილებლად ივლის წინ, საქართველო აუცილებლად ივლის წინ ღირსებით ევროპისკენ. და რაც მთავარია, საქართველო აუცილებლად ივლის წინ ჩვენი უმთავრესი ოცნების ახდენისკენ – საქართველოს გაერთიანებისა და გამთლიანებისკენ.

წინასწარ გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს!

ღმერთი იყოს ჩვენი ქვეყნის და თითოეული თქვენგანის მფარველი!

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება